“ვალენსიას” არგენტინელ ლეგენდას, პაბლო აიმარს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია. “ვალენსია” ვახსენეთ, თორემ არგენტინის 17 წლამდელთა ნაკრების 38 წლის მწვრთნელს “რივერ პლეიტშიც” გაუგორებია ბურთი, “სარაგოსაშიც”, “ბენფიკაშიც” და მალაიზიის “ჯოჰორ დარულ ტაზიმშიც”, რომელსაც მეორედ აღარ ვახსენებთ, რადგან კაცმა არ იცის ამ სიტყვებს მალაიზიელები როგორ გამოთქვამენ. იქნებ, სულ სხვა რაღაცას ვამბობთ.
აიმარმა არგენტინულ გაზეთ “ლა ნასიონს” მისცა ინტერვიუ, რომლის ფრაგმენტებსაც აქ გთავაზობთ.
რომელმა ფეხბურთელებმა მოახდინეს თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ზიდანმა, ბრაზილიელმა რონალდომ… რომან რიკელმე და მესი ცხოველები არიან, აიალაც მხეცი იყო. ძალიან მიყვარდა არიელ ორტეგას და მარსელო გალიარდოს მხარდამხარ თამაში, მაგრამ ჩემ წინ ხავიერ სავიოლას მაისურის დანახვას არაფერი მერჩივნა. ის თამაშის წყურვილს მიძლიერებდა. ჩვენ სამი წელიწადი “რივერში” გავატარეთ მხარდამხარ და სამი წელიწადიც “ბენფიკაში” ვიყავით ერთად. კიდევ, რამდენჯერმე ნაკრებში მოგვიწია ერთად გამოსვლამ. ეს ბიჭი მოედანზე ზუსტად იმას ხედავდა, რასაც მე და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით.
საბოლოოდ, ისეთი ფეხბურთელი იყავით, როგორზეც ოცნებობდით?
არა. მერჩივნა ხუთჯერ მომეგო “ოქროს ბურთი”.
მაშ, როგორი ფეხბურთელი იყავით?
არ ვიცი ჩემი თავი როგორ მივაკუთვნო ამა თუ იმ კატეგორიას. ერთადერთი, რაც გულწრფელად შემიძლია გითხრათ ის არის, რომ თანაგუნდელების აღფრთოვანება და სიყვარული ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. არადა, ბევრ მათგანს დიდი ვარსკვლავების მხარდამხარ ჰქონდა ნათამაშევი და მაინც, ინტერვიუებში მე გამომარჩევდა ხოლმე.
პაბლო აიმარი მარსელო ბიელსას შესახებ:
ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც მითამაშია. ბიელსას ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი აღუზრდია თავისებურად. ის ყველასგან განსხვავებულია. მის ხელში ფეხბურთელები უკეთ თამაშობენ.
პაბლო აიმარი ხოსე პეკერმანის შესახებ:
ხოსე სიმშვიდის სინონიმია. მას შეუძლია ეს სიმშვიდე ყველას გადასდოს. მის ხელში თავს ყველა უსაფრთხოდ გრძნობს. პეკერმანს შეუძლია ზუსტად გითხრათ რა მოხდება დღეს. როდესაც 15, 16 ან 20 წლისა ასეთი კაცის ხელში ხარ, დიდი ბედნიერებაა.