
სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში.
ფერგიუსონმა თქვა: “ტაშს ვუკრავ არსენს, რომელმაც ჩემი რეკორდი გადაფარა. ეს ფანტასტიკური მიჯნაა. მისი გადალახვა უმაღლესი დონის თავდადებასა და პროფესიონალიზმს ითხოვს. მეეჭვება არსენის რეკორდი ვინმემ გააუმჯობესოს. ვულოცავ, რადგან ეს დიდი კარიერის შედეგია. ის წლობით ემსახურება “არსენალსა” და ზოგადად ფეხბურთს.”
არსენ ვენგერი ინგლისში 1996 წელს ჩავიდა და მას მერე “არსენალს” უდგას სათავეში. პირველივე სეზონში, რომელშიც მან თავიდან ბოლომდე უხელმძღვანელა “მეთოფეებს” ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო. ოთხი წლის შემდეგ ფრანგმა იგივე გაიმეორა, ხოლო 2003-04 წლების სეზონში ლონდონელებმა არც მეტი არც ნაკლები დაუმარცხებლად განვლეს მთელი სეზონი და ცხადია, კვლავ ჩემპიონები გახდნენ. ასეთი რამ მანამდე მხოლოდ “პრესტონს” მოეხერხებინა და ისიც უხსოვარ და ბუნდოვან 1887-88 წლებში.
რაც შეეხება ალექს ფერგიუსონს, ის “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელად 1986 წელს დანიშნეს და თუ პრემიერლიგამდე, ძველ პირველ დივიზიონში გატარებულ ოთხწელიწადნახევარსაც ვიანგარიშებთ, 1007 შეხვედრაში გაუძღვა გუნდს. სერ ალექსი 2013 წელს გადადგა.