ნანა ძაგნიძე ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ 21 შესაძლებლიდან 16,5 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან ვალენტინა გუნინას ნახევარი ქულით გაუსწრო და არაბულ მიწაზე ქართული ჰიმნიც ააგუგუნა. პირველი დღის შემდეგ ძაგნიძე ერთი ქულით ჩამორჩებოდა თავის დროზე ჯერ კიდევ ქართველ საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონებთან და დიდოსტატებთან ღირსეულად მოპაექრე შვედ პია კრამლინგს, მაგრამ დასკვნით დღეს კი შეუჩერებელი გახდა, მე-15 ტურიდან ლიდერობა იგდო ხელთ და ბოლომდე არავის დაუთმო. ქალთა საუკეთესო ოცეულში მოხვდნენ ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი 12,5-12,5 ქულით. მათ მე-15 და მე-18 ადგილები ერგოთ. დანარჩენმა გოგონებმა კი შემდეგი შედეგები უჩვენეს: 23. ნინო ბაციაშვილი – 12 ქულა; 50. ინგა ჭარხალაშვილი – 10,5; 63. სოფიკო ხუხაშვილი – 10; 77. სოფიო გვეტაძე – 9.5; 89. სალომე მელია – 9.
ვაჟებში პირველობა არავის დაუთმო კლასიკური ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა. ნორვეგიელმა 16 ქულა დააგროვა და უკვე მუდმივ მეტოქედ ქცეულ სერგეი კარიაკინს ქულანახევრით გაუსწრო. ქართველთაგან საუკეთესო ლევან ფანცულაია გახდა, რომელიც 12,5 ქულით 29-ე ადგილს დასჯერდა. ნახევარი ქულით ნაკლები და 30-ე ადგილი ერგო ბაადურ ჯობავას. არადა მე-15 ტურში იგი მე-9 პოზიციაზე იყო და ლიდერ კარლსენს მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა, თუმც ბოლო ტურებში ვერ იყოჩაღა და უმედლოდ დარჩა. ამდენივე ქულა დააგროვა გიგა ყუფარაძემ და დამატებითი მაჩვენებლებით 37-ე ადგილი დაიკავა. 71-ე იყო მიხეილ მჭედლიშვილი, 10,5 ქულით.

წილი
წინა სტატიასაცივის შემდეგ
შემდეგი სტატიარაღაც უაზარობაა
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.