მეათე წელია საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების კაპიტნის ამირან ჯიოშვილის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფრენბურთელი ქალის ვიქტორია რავას ვარსკვლავური ოჯახი შობა-ახალ წელს საფრანგეთში ხვდება.

ამირანი „ნიცას“ ერთ-ერთი ლიდერია, ვიკა კი „კანის“ სუპერვარსკვლავია და სპორტული რეჟიმის გამო საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულობით თუ ახერხებენ. გლდანში დაბადებულ-გაზრდილ ვიკას და ამირანს არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, დიდი სურვილი გვაქვს ახალ წელს განათებულ და გალამაზებულ თბილისში შევხვდეთო, მაგრამ სურვილი ჯერაც სურვილად რჩება.

თუმც, ჯიოშვილ-რავას ოჯახისთვის ეს ახალი წელი გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება – ისინი ახალ წელს მშობლების „რანგში“ ხვდებიან: გაზაფხულზე მათ ტყუპი გოგოები, ნინა და კალისტა შეეძინათ.

ამირანს და ვიკას შობის მეორე დღეს დავუკავშირდით და ეს საახალწლო ინტერვიუც ჩავწერეთ.

შარშან შობაზე მასპინძლობა თქვენზე იყო. წლეულს?

ამირანი: ამჯერად ჩვენ ვიყავით ერთი ფრანგული ოჯახის სტუმრები. თანაც, ეს ხომ ჩვენი, მართლმადიდებლური შობა არ არის და სტუმრობა ამიტომაც ვარჩიეთ. ბავშვები დედაჩემს და ვიკას დედას დავუტოვეთ, ჩვენ კი ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. იყო უამრავი გემრიელი კერძი და, რაც მთავარია, ჩემი საყვარელი შავი ღვინო – „ბორდო“. ბოლოს ქართული სადღეგრძელოც ვთქვი.

ვიკა: კარგა ხანია, ასეთ კარგ სუფრაზე არ ვყოფილვარ. ყველაფერი დახვეწილი ფრანგული გემოვნებით იყო გაკეთებული, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებით დამზადებული კერძები. ღვინო მეც დავლიე, ოღონდ, ცხადია, ცოტა.

როდესაც ტყუპებს მშობლებს უტოვებთ, ჭირვეულობენ?
ამირანი: არა, ბებიებთან მშვიდად არიან, თანაც, ვიკას პირველივე დღიდან სპორტულ რეჟიმში ჰყავს კვებისა და ძილის მხრივ. ბავშვების კვებასა და ძილზე საათს გაასწორებ კაცი, დედაჩემი და სიდედრიც გვეხმარებიან.

მამობას შეეჩვიე?

ენით აუწერელი გრძნობა ყოფილა! ვარჯიში მორჩება თუ არა, სახლისკენ მივქრივარ, რათა ბავშვებს მოვეფერო. ვცდილობ, ვიკასაც შევეშველო. უკვე პამპერსის გამოცვლაც ვისწავლე და რამდენჯერმე ხილის ჯემიც ვაჭამე ტყუპებს.

ვიკა: ამირანი ცდილობს დამეხმაროს, მაგრამ ძირითად საქმეებს მე ვაკეთებ. ტყუპები კი მშვიდები გამოდგნენ – საღამოს ათი საათისთვის რომ დავაძინებ, დილამდე სძინავთ.

შარშან შობის მეორე დღეს ალპებში წახვედით სამი დღით. ახლა სად აპირებთ საშობაო შვებულების გატარებას?

ამირანი: ახლა ვერსად წავალთ, მე მხოლოდ ორი დღით ვისვენებ, 31 დეკემბერსაც კი ვარჯიში გვაქვს, რადგან 2 იანვარს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი გველის. ჩემი გუნდი „ნიცა“ წინა სეზონში მეორე დივიზიონში გავარდა. თავიდანვე ბევრი წავაგეთ, მერე მწვრთნელი შეგვეცვალა და ზედიზედ თორმეტი მატჩიც მოვიგეთ, მაგრამ უმაღლეს დივიზიონში მაინც ვერ დავრჩით. არადა, სულ რაღაც სამი ქულა დაგვაკლდა. ახლა მეორე დივიზიონს ვლიდერობთ, კარგი ტემპი ავკრიფეთ და ვცდილობთ, ფორმიდან არ ამოვვარდეთ. ყველაზე მეტად ლიბეროს პოზიციაზე გვიჭირს. ერთი პოლონელი გვყავდა, რომელიც 120 კილოგრამს იწონიდა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, წონა ვერ დაიკლო და გუნდიდან გაუშვეს. ახლა მის ნაცვლად მადაგასკარიდან ველით ჩვენთვის უცნობ ფრენბურთელს, რომელიც მწვრთნელმა „ჯოკერად“ მიიჩნია. მეც ტრავმა მქონდა. მუხლზე ოპერაცია გავიკეთე და სამთვიანი უქმობის შემდეგ ორი კვირაა, რაც ვარჯიში დავიწყე. ამიტომ, ვცდილობ, აქეთ-იქეთ არ ვიარო, რეჟიმში ვიყო და ფორმა აღვიდგინო. ვიკას ამ მხრივ უკეთ აქვს საქმე, მაგრამ ბავშვების გამო მაინც ვერ მოვახერხებთ სადმე წასვლას.

ვიკა: სახლიდან რომ გავდივართ, ქარავანივით ვართ. მე და ამირანი, ორი ბავშვი, ორი საბავშვო ეტლი, ორი ზურგჩანთა, მოკლედ ყველაფერი ორ-ორი და რომ ჩავმწკრივდებით, მანქანა კი არა, ერთი ვაგონი გვჭირდება! არ ღირს ასე დასასვენებლად წასვლა. თანაც, ამირანს არ სცალია. ჯობს, სახლში ვიყოთ, მომავალ შობას კი ბავშვებიც წამოიზრდებიან და უფრო თამამად წავალთ ზამთრის რომელიმე კურორტზე.

დედობამ სპორტულ კარიერაში ხელი არ შეგიშალა?

არა, ტყუპები ორი თვისანი იყვნენ, ბებიებს რომ ჩავაბარე, მე კი ვარჯიში დავიწყე. „კანთან“ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და მის ამოწურვამდე ვითამაშებ, მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ახლა „კანი“, როგორც ყოველთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებშია და ჩემპიონთა თასზეც წარმატებით ვთამაშობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ოთხთა ფინალში ვითამაშებთ და დაკარგულ ჩემპიონობას დავიბრუნებთ.

ტყუპები ფრენბურთის ბურთისკენ ხომ არ იწევენ?
ამირანი: ჯერ პატარა ბურთებს ვაძლევ სათამაშოდ. ისე, გენები თუ გამოყვათ, ითამაშონ ფრენბურთი. ორი დღის წინ ვიკას მწვრთნელი იყო ჩვენთან სტუმრად და თქვა, ნინა გამთამაშებელი გამოვა, კალისტა კი თავდამსხმელიო. არ ვიცი, საიდან დაასკვნა, მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ვიკა: ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვები არ ჩანან, თუმც „რეჟიმს“ იცავენ და სპორტსმენის მოთმინება-დისციპლინა აქვთ. ჯერ ადრეა იმის თქმა, სპორტს აირჩევენ თუ სხვა რამეს, მაგრამ მე მათ არჩევანში არ ჩავერევი, მხოლოდ რჩევებს მივცემ.

ახალ წელს სახლში შეხვდებით თუ სტუმრად წახვალთ?

ამირანი: სახლში შევხვდებით, ერთი-ორი ჭიქით დავილოცებით, მერე საქმეში ისევ ბებიებს ჩავრთავთ, ბავშვებს დავუტოვებთ, მე და ვიკა კი მეგობრებთან ერთად ქალაქში გავისეირნებთ. ახალ წელს კანი განსაკუთრებით ლამაზი და მხიარული ქალაქია, რომელიმე ბარს ავირჩევთ და კარგ დროს გავატარებთ. გული მწყდება, რომ გემოზე ვერ დავლევ, რადგან მეორე დილით ვარჯიში მაქვს.

საახალწლოდ ქართული ღვინო თუ გაქვს?

ამირანი: რაც ჩამოვიტანე და მერე დედაჩემმაც დაამატა, სულ დავლიეთ. დავითვალე და სამ თვეში ოცდათორმეტი ბოთლი გამოვიდა! კარგი იქნებოდა, საახალწლოდ სუფრაზე ქართული ღვინო გვქონოდა, მაგრამ ვინ მაცალა გადანახვა?

ვიკა: ამირანი თბილისიდან რომ ჩამოდის ან ვინმე ჩვენიანი ჩამოგვაკითხავს საქართველოდან, ჩემი აქაური მეგობრები უკვე აქ არიან. იციან, რომ ქართული ღვინო გვექნება და სანამ ბოლომდე არ გამოწრუპავენ, იქამდე არ მოგვეშვებიან. მერე დადის ამირანი და ბუზღუნებს, ერთი ბოთლის გადამალვა მაინც მოვასწროო. ძალიან სახალისო სანახავია.

რადგან თქვენი დედები კანში არიან, ესე იგი საახალწლოდ ქართული კერძებიც გექნებათ…

ამირანი: აუცილებლად, უკვე ვიყავი მარკეტში და ყველა საჭირო პროდუქტი მოვიმარაგე. ვიკაც აკეთებს ქართულ კერძებს, მაგრამ საამისოდ ყოველთვის ვერ იცლის და ქართული სამზარეულო მონატრებული გვაქვს.

ვიკა: ჩვენი მშობლები საცივს, ხაჭაპურს და გოზინაყს გააკეთებენ. ამირანის დედამ საქართველოდან სუნელები ჩამოიტანა და ერთი სული მაქვს, საცივს როდის შევჭამ. აქაურ პროდუქტებს და საკაზმს ისეთი მადისაღმძვრელი გემო არ აქვს, როგორც ქართულს.

საახალწლოდ რაიმე განსაკუთრებულ სადღეგრძეოს ამბობთ?

ამირანი: როგორც ყველა ქართველი, ჯერ ბედნიერ შობა-ახალწელს ვუსურვებ ოჯახსა და ახლობლებს, მერე ღმერთს მადლობას ვუძღვნი, რომ ბედნიერი ოჯახი მყავს. განსაკუთრებული სადღეგრძელო არ მაქვს, თუმცა ახლა ოჯახს ორი ანგელოზი შეემატა და მათი სადღეგრძელო დაემატება.

28.12.2007