ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, — ასე თქვა გალაკტიონმა. ცხოვრებაში იგულისხმა, ჩვენ კი წელიწადზე ვთქვათ. 2017-ზე.
ღმერთმა დალოცოს ლაშა ტალახაძე, რაც მაგან გაგვახარა, მაგრამ უცბად, თვალებს რომ ვხუჭავ, რა მახსენდება, იცით? „ოლ ბლექსი“ საქართველოში. 20 წლამდელი, მაგრამ ძალიან მაგარი. თუმცა, რატომ, „მაგრამ“ ? 20 წლამდელი და ძალიან მაგარი. დაფრინავდნენ შავფორმიანი ზელანდიელი ბიჭები.
კიდევ, ინგლისელები, სამხრეთ აფრიკელები, ფრანგები, სქოთები, ავსტრალიელები…
მახსენდება გელა აფრასიძე ირლანდიასთან დადებული ჯადო-ლელოთი და მისი მეგობრები, ჩვენი ბიჭები.
მგონი, „პატარა ბავშვის კუტუსავით დროშა რომ ვერ აწიენ“, გასახსენებელი აღარც არის. უფრო სწორედ, ეს ნათქვამიც მოუხდა 2017-ს. ზედ დააკვდა, რომ იტყვიან.
მსოფლიოს ჩემპიონატის მასშტაბი იგრძნობოდა! საქართველო დიდი მოვლენის ცენტრში იყო.
მერე, მახსენდება გორის სტადიონი. 19 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ინგლისი — პორტუგალია. ინგლისი ჩემპიონი გახდა. ეს ჩვენი ქვეყანა კი ისევ მასპინძელი იყო, ისევ მოვლენათა ცენტრში იდგა.
თქვენც გეხსომებათ, საქართველოსა და ჩეხეთის თამაშზე ვაკეში მესხის სტადიონი გადაივსო. მგონი, უცხოეთში ყმაწვილების თამაშებზე ასეთი რამ იშვიათად ხდება, თუ ხდება საერთოდ. ეტყობა ჩვენს ხალხს ასპარეზი, სარბიელი მოენატრა. სხვა საქმეა, რომ როდესაც 18 წლის ჩეხი ბიჭი გოლს გაგიტანს და გაუხარდება, ტრიბუნიდან მობილურები არ უნდა დააყარო. სულმდაბლობაა.
კარგი, რაც იყო, იყო… გავიარეთ.
მაგონდება აგვისტო და 19 წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში. ოცდაოთხი გუნდი იყო ჩამოსული: ბრაზილია, ჩილე, არგენტინა, იაპონია, კორეა, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე, ბაჰრეინი… ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ. აქაც მასშტაბმა მოახდინა ეფექტი და იმან, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან ხდებოდა.
ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, ფინალში ესპანეთს მოუგო.
ფრანგებმა გამაოცეს. ბიჭები, რომ გადასარევად თამაშობდნენ ერთია, მაგრამ თქვენ მთელი დელეგაციის მუშაობა უნდა გენახათ. მოედანზე რომ ერთი ამბავი იყო, ტრიბუნაზე მავანი საშინლად გრძელდრედებიანი აფრო-ფრანგი ვიდეოს იღებდა, მეორე შემელოტებული და სულ უკმაყოფილო კაცი ლეპტოპში ეგრეთწოდებულ ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს იწერდა გაფაციცებული, ვიღაც ჭაღარა ყველას ხელმძღვანელობდა, სხვა ჭაღარა ამ ჭაღარას ეხმარებოდა და ყველანი ერთად ავტომობილის ძრავასავით მოქმედებდნენ — ზოგი დგუში იყო, ზოგი ცილინდრი, ზოგი ზეთი და ზოგი საწვავი. შემშურდა.
კიდევ, მაგონდება ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის შეხვედრები ასევე საქართველოში ჩატარდა, თბილისური ძიუდოს გრან-პრი, ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი, ჭადრაკის მსოფლიო თასი და… ღმერთო დიდებულო, ეს უკვე რაღაც სხვა გამოდის, ხომ იცი?
აი, ახლა კი ამ ყველაფერს დაამატეთ ლაშა ტალახაძისა თუ სხვა ქართველი სპორტსმენების წარმატება, მსოფლიოს სხვადასხვა დარბაზებსა და სტადიონებზე. მოჭიდავეები, ძიუდოისტები, მორაგბეები, კალათბურთელები, მოფარიკავენი…
ჰოდა, თავი აწიეთ, ქართველებო! წელში გაიმართეთ! ზემოდან ეს ქვეყანა სხვანაირი ჩანს!
და ბოლოს…. ამბობენ, რომ თანამედროვე ჟურნალისტიკა ადამიანთა ფსიქიკის უარყოფითი ინფორმაციით დამძიმებაზეა აწყობილი.
„სარბიელი“ ასე არ ფიქრობს!
„სარბიელი“ 2018 წლის მობრძანებას გილოცავთ!