ახლოვდება საცივის ჟამი.

დროება გადახუხვისა, ბაჟეში შუბლის ჩამხობისა და შემწვარი გოჭის მსუქანი ნაჭრების მოყირჭებისა.

ათასობით ქართველი სპორტსმენი ისევ ხვდება და ელის ახალ წელიწადს, როგორც ასიათასობით მათი თანამემამულე. იმედი გაუმჯობესებისა, საქმის კეთილად და აზრიანად კეთებისა და ჩვენს სპორტშიაც იმგვარადვეა საჭირო და სანატრელი, როგორც სამოქალაქო ცხოვრებაში.

თუმცა, „იმედი“, ამ შემთხვევაში გაცვეთილი სიტყვაა. უფრო „სურვილი“  სჯობს. გვსურს, რომ ისე იყოს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის.

ასეა ფეხბურთში, კალათბურთში და ყველაფერში.

ჩვენში უყვარს ხოლმე მედლების თვლა. ჩვენმა სპორტსმენებმა ამდენი მედალი მოიპოვესო. მედლების თვლაში ცუდი არაფერია, მაგრამ მედლების მოგება ბევრად უფრო სასიხარულოა, ვიდრე მათი თვლა. თავისთავად თვლას და ანგარიშით წარდგომას ძველი დროების გეგმების, სოცშეჯიბრის, განპიროვნების, ვალდებულების, მომავალი ხუთწლედის ანგარიშში მუშაობის იერი აქვს.

სპორტული გამარვჯებით გამოწვეული სიხარული კი მაინც სხვაა.

ესეც არ იყოს და მსოფლიოში მრავალი განვითარებული  ქვეყანაა, რომელთა სპორტსმენებიც წლის ბოლოს არცთუ ბევრი მედლით იწონებენ თავს. მაგრამ მთავარი ამ ქვეყნებში ის არის, რომ სპორტი არსებობს, მოქმედებს და სუნთქავს. ჩემპიონებიც გამოერევიან, მაგრამ ძირითადი ისაა, რომ სპორტი სულ კი არ ღაფავს და იმიტომ კი არ ცოცხლობს, რომ წლის ბოლოს მედლების ჩამონათვალი გამოაქვეყნოს, არამედ იმიტომ, რომ სპორტია, სპორტი კი სახალხო ამბავში სიჯანსაღეს ნიშნავს.

რამდენს გასწევ შენი ჯანსაღი ცხოვრებით, ჩემპიონობაც ეს არის. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ძველად. დღეს დოპინგობიისა და ანაბოლიკების დროებაში ამის შესახებ ლაპარაკი სისულელეა, მაგრამ პროფესიული სპორტიც ხომ სახალხო თამაობებიდან, სიჯანსაღის სურვილიდან წამოვიდა. იმ კარგ და მშვენიერ ქვეყნებში, პროფესია პროფესიად და სპორტის სახალო ხასიათი შენარჩუნებულია და ყვავის.

ჩვენთან, ჰგონიათ, რომ მთავარი სპორტი პროფესიონალიზმია და ეს რაიმეში დიდად წაადგება ქვეყანას, რახანღა წლის ბოლოს მედლებს დავითვლით.

რა თქმა უნდა წაადგება. შორეულ მხარეში ჩვენს ჰიმნს დაუკრავენ, მშობელი ხალხი დადებითი ემოციით დაიმუხტება და მთელი ამბავი. მაგრამ მშობელი ხალხი ამით ვერ გაჯანსაღდება, რადგან თავად არ არის სპორტში ჩაბმული, მეტიც, გაიბერება ხოლმე პაპიროსის წევით სტადიონზე, ნაღდი მოყვარული კი, სპორტს მხოლოდ სპორტის სიყვარულით გადევნებული, ნაღდი სპორტსმენი აღარ გვყავს.

ოლიმპიადების მოყვარულობის ხანაში რუსთა წიხლქვეშ გახლდით და ვითომდა მოყვარულები ვიყავით. სამოყვარულო შეჯიბრებები ახალ დროში საერთოდ აღარ არსებობს, ეგებ ჩვენს სპორტსმენებს სულაც არ ჰქვიათ პროფესიონალები, მაგრამ ნაღდი პროფესიონალები არიან.

ამგვარ პროფესიულ სპორტსაც ძალიან ბევრი რამ აკლიათ საქართველოში, მაგრამ საქართველოს თუ რამე აკლია, ათასთაგან ერთი -სახალხო სპორტი და ნაღდი, ადამიანური სპორტული სულია.

ჩაივლის საცივის ჟამი და ცხოვრებაც ჩვეულებრივ გაგრძელდება.

საახალწლოდ სურვილების წარმოთქმაა ხოლმე მიღებული.

ამ ჯერზე ჩვენი სურვილი იქნება, რომ ახალი წლიდან გახურდეს მუშაობა სამოყვარულო სპორტის, სახალხო ვარჯიშობის, ალალი შეჯიბრის ასაღორძინებლად.

სპორტის საწისი ამბავი და არსიც სიჯანსაღე და ალალი შეჯიბრია.

მედლებს და ქვეყნის მიღწევებს ცალკე ადგილი აქვს, სამოყვარულო სპორტის უზარმაზარი ადგილი კი ცარიელია.

ლოზუნგი სიჯანსაღისკენ – საცივის შემდეგ!

26.12.1998

წილი
წინა სტატიაბათუმი არჩილ ბოლქვაძეს ჩააბარეს
შემდეგი სტატიაქართული ელვა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.