“შტუტგარტს” ბოლო ოთხი ტურია ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია. რატომ? მარიო გომესი აკლდა?

დიახ, 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 იანვრიდან 32 წლის მარიო გომესი “შტუტგარტში” ითამაშებს — “ვოლფსბურგიდან” სიყმაწვილის დროინდელ გუნდში ბრუნდება. სატრანსფერო თანხა საიდუმლოდ შეინახეს.

გომესი მართლა კარგ დროს მიდის “მერსედეს-ბენც არენაზე”. ზოგადად “შტუტგარტს” (17 ტურის შემდეგ მე-14 ადგილი) გოლების გატანა თითქოს არ უჭირს, მაგრამ დეკემბერში კატასტროფა იყო. გასულ სეზონში გუნდი სიმონ ტეროდეზე გახლდათ დამოკიდებული — მეორე ბუნდესლიგაში ტეროდემ 32 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ დიდ ბუნდესლიგაში სურათი შეიცვალა. ტოპ-დონეზე გამოუცდელმა თავდამსხმელმა 17 მატჩში მხოლოდ ორი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასი გადააწოდა. შედეგად, კლუბისა და ტეროდეს გზები გაიყარა — ფეხბურთელმა “კიოლნს” მიაშურა, “შტუტგარტის” ძირითადში კი გომესის ადგილი გამოჩნდა.

გომესი ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თავდამსხმელია, 150-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ბუნდესნაკრების მაისურით ჩატარებულ 71 შეხვედრაში კი 31-ჯერ შეუგდია მეტოქის კარში.

“შტუტგარტის” სპორტული დირექტორი მიხაელ რეშკე: “მარიო გომესის დამატება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უმაღლესი კლასის ფორვარდი გვეყოლება”.

მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ გომესი, რომელიც ამ კლუბის საყმაწვილო სისტემის აღზრდილია, ბოლოხანს ძველებურ ფორმაში ვეღარ არის. გასულ სეზონში ყოჩაღობდა, 33 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მანვე შეაგდო პლეი ოფის გადამწყვეტი პენალტიც, რომლის წყალობითაც “ვოლფსბურგი” ბუნდესლიგაში დარჩა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მიზანი გაუცუდდა: 17 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი და სამი საგოლე პასი.

იმედისმომცემია, რომ გოლების ნაკლებობა საგოლე მომენტების ნაკლებობას არ ნიშნავს — ორჯერ პენალტიც ვერ გამოიყენა, “შალკესა” და “ჰერტასთან” შეხვედრაში.

***

გომესი “შტუტგარტში” ჩემპიონი გახდა

ათი წელი გავიდა მას მერე, რაც “შტუტგარტმა” ბოლოს მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის წოდება. 2006-07 წლების წარმატებულ სეზონში, სასალათეს მოგებაში დიდი როლი იმხანად 21 წლის გომესმა ითამაშა. მან 14 გოლი შეაგდო. ის გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.

დღეს, გომესის “შტუტგარტში” დაბრუნება საფეხბურთო ამბავზე მეტია. მისი შინ მისვლა ფსიქოლოგიური ფაქტორია — “შტუტგარტმა” უნდა გაიხსენოს, რომ გერმანული ფეხბურთის უდიდეს კლუბთაგანია.

“ბედნიერი ვარ შინ რომ დავბრუნდი. იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო”, — ამბობს “ბაიერნის” (2009-2013) ყოფილი თავდამსხმელი, რომელსაც 2007 წლის ჩემპიონებიდან გუნდში ორი კაცი, კაპიტანი კრისტიან გენტნერი და ანდრეას ბეკი დახვდა.

გომესმა იცის, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი მის რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანას არ გამორიცხავს.

“ახლა მთავარია, “შტუტგარტი” ბუნდესლიგაში დარჩეს და მე ნაკრებში მოვხვდე” — ამბობს მარიო გომესი.

საამისოდ კი ერთადერთი გზა არსებობს — გოლების გატანა.