მალდინის სჯობია, ბერგომის თუ ფერდინანდს?

ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს შარშანდელი ნათქვამი გაახსენა, გულში ჰქონია ჩადებული. კერძოდ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 105 მილიონ ევროდ პოლ პოგბა იყიდა, “ლივერპულის” თავკაცმა თქვა: “ფეხბურთელში ასეთ თანხას რომ იხდი, ხომ შეიძლება დაშავდეს? და თუ დაშავდა გამოვა, რომ ფული ქარს გაატანე. თუკი დადგება დღე, როდესაც ჩვენს საქმეში ვაჭრობა გახდება მთავარი, მე ფეხბურთიდან წავალ. მთავარი გუნდური თამაშია. რასაკვირველია, ყველას უნდა საუკეთესო გახდეს, მაგრამ საამისოდ სათამაშო ერთსულოვნებაა მთავარი. წარმატებისთვის ადამიანთა ჯგუფი უნდა შეკრა”.

და აი, პორტუგალიელის შურისძიების დღეც დადგა — კლოპმა “საუთჰემპტონისგან” 101 მილიონ ევროდ მცველი, ვირგილ ვან დიიკი იყიდა.

“როდესაც კლოპი “ლივერპულში” ჩამოვიდა, თავისი სამწვრთნელო ოსტატობისა სწამდა. ის მართლაც ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ, როგორც ვხედავ, იმასაც მიხვდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მაღალ დონეზე სათამაშოდ და ტიტულების მოსაგებად ეს საკმარისი არ არის. უკვე ვხედავთ, რომ მან იყიდა ნაბი კეიტა, რომელიც ზაფხულიდან შემოუერთდება. ახლა, ვირგილ ვან დიიკი დაიმატა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის დონეზე შეუძლია თამაში.

ასეა, ბაზრის გიჟურ ფასებს უნდა აჰყვე, თორემ ლივერპულელებს „საუთჰემპტონისთვის” იმავე ვან დიიკში მხოლოდ 50 მილიონი ევრო რომ შეეთავაზებინათ, ფეხბურთელს ვერ იყიდიდნენ და მორჩა. ასეთია რეალობა. დღეს, ყველაზე ძვირი მცველი ვირგილ ვან დიიკია, არადა, მალდინის სჯობია, ბერგომის თუ ფერდინანდს?”, — თქვა “იუნაიტედის” თავკაცმა.