საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ იბნ აბდურახმან ალ-საუდის სახელობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უფრო ზუსტად, სწრაფი ჭადრაკის სესია დასრულდა და ბლიცი დაიწყო. ვინ იფიქრებდა, თუ 2017 წელს უხალისოდ მოთამაშე ვიშვანათან ანანდი სეზონს მაჟორზე დაასრულებდა და ყველა ახალგაზრდას (მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის წინამძღოლობით) აჯობებდა სისწრაფეში. მოკრძალებული სტარტის შემდეგ ინდოელმა მაესტრომ (ვიში მალე 49 წლის შესრულდება და აღნიშნულ ტიტულს იმსახურებს) მკვეთრად უმატა სიჩქარეს და რუს ვლადიმირ ფედოსეევთან გაიყო პირველი ადგილი. დაინიშნა 2 ბლიც-პარტია და ანანდმა ორივე მოიგო. მესამე ადგილი რუსსვე ერგო: წლეულს დამაჯერებლად მოთამაშე იან ნეპომნიაშჩის.
ჩინურ ქალთა ჭადრაკში (როგორც ერთ დროს ქართულში) იცვლებიან თაობები, მაგრამ ხატაელი ლამაზმანები პოდიუმს არასდროს მოშორებიან. ამჯერადაც სწრაფ ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონობა ლი ვეჟუნმა იზეიმა, რომელიც თავიდანვე წინ იყო გაჭრილი, ვერცხლიც ჩინელმა ტი ლინგჟემ მიითვალა, ბრინჯაოს კი გერმანელი ელიზაბეტ პეტცი დაეუფლა, რომელმაც სულ ნახევარი ნაბიჯით გაუსწრო ბელა ხოტანაშვილს. მეექვსე იყო ნანა ძაგნიძე, ხოლო დანარჩენმა ქართველებმა, მათ შორის შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტმა 100-ქალიან ცხრილში ბევრად მოკრძალებული ადგილები დაიკავეს.
სამდღიანი ეპოპეის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა ბაადურ ჯობავამ, რომელმაც მეორე დღეს 5 შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, მესამე დღეს კი თუმც ისევ მოფერიანდა, მაგრამ მისი მონაგარი მხოლოდ 44-ე ადგილს ეყო. ჩვენებურებიდან საუკეთესო ლევან ფანცულაია იყო, რომელმაც 9 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა.
მეფე სალმანის სახელობის მსოფლიო ჩემპიონატი დღეს და ხვალ ბლიც-ჭადრაკის სესიით დასრულდება.