სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ.
„ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა. „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა, თითქმის ყველა ასე თამაშობს საშინაო მატჩებს ტოპ ექვსეულის წინააღმდეგ. პრემიერლიგა სასაცილო ხდება. არის ზედა ექვსი გუნდი და დანარჩენები, რომლებიც თითქოს შეგუებულნი არიან, რომ ზედა ექვსეულის გუნდებთან შინ უნდა წააგონ. თან, სასურველია ერთი-ორი გოლის სხვაობით. მახსოვს, მე როცა ვთამაშობდი, „ენფილდზე“ ასე დაცვაში სტუმარი გუნდები დგებოდნენ ხოლმე „ლივერპულის“ წინააღმდეგ, მაგრამ პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბისთვის სამარცხვინო მგონია საკუთარ მოედანზე ასეთი დაცვით თამაში“.