“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის ციდან ვარსკვლავების წყვეტას განაგრძობს. გუშინ, “ქალაქელებმა” ნიუკასლში გაიმარჯვეს 1:0.

“მეტოქეს ვაჯობეთ. მართალია, გოლის გატანა მასაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება. შეხვედრა იმით იყო რთული, რომ უჩვეულო დროს ჩატარდა. ყველა გუნდმა წინა დღეს ითამაშა, თან შობა-ახალი წლის პერიოდია, მთელი ინგლისი ისვენებს გარშემო განწყობაც შესაბამისია და ჩვენს წინაშე უფრო ფსიქოლოგიური ამოცანა იდგა. კიდევ, როდესაც ბევრს იგებ, შანსი იმისა, რომ ოდესმე დამარცხდები იზრდება. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა” — თქვა მატჩის შემდეგ “სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

ზედიზედ თვრამეტი გამარჯვება იმდენად შთამბეჭდავი შედეგია, რომ ბევრი “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტადაც მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით გვარდიოლამ თქვა: “ფავორიტი ის გუნდია სადაც მესი თამაშობს”.

შემდეგ, კატალონიელმა მწვრთნელმა დასძინა: “ამბობენ, რომ ყველაზე რთული თვე დეკემბერია, მაგრამ იანვარიც ასეა. თებერვლიდან კი უკვე სხვა შეჯიბრება იწყება. თავიდან, კალენდარი რომ ვნახე გაქცევა მინდოდა”.

2017 წელს, 31 დეკემბერს, “სიტის” კიდევ ერთი თამაში ელის, “კრისტალ პალასთან”.

“ფეხბურთის სიდიადე იმაშია, რომ როგორც გინდა ისე ითამაშებ. როგორც მწვრთნელი, ვცდილობ ყოველი კონკრეტული მეტოქის სტილი გავითვალისწინო. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველას დამარცხება მოვახერხეთ”, — თქვა გვარდიოლამ, რომელსაც შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის, ჟოზე მოურინიუს ნათქვამი შეახსენეს, “სიტი” ძლიერად იმიტომ თამაშობს, რომ ფეხბურთელებში მეტ ფულს ხარჯავსო. “სიტის” თავკაცმა ამაზე ასე უპასუხა: “მიჯობს კოლეგების ნათქვამებს კომენტარი არ გავუკეთო”.

და ბოლოს “ლივერპულის” მიერ ნაყიდი ჰოლანდიელი მცველის, ვირგილ ვან დიიკის შესახებ. ამბობდნენ, რომ ვან დიიკის შეძენა “მანჩესტერ სიტისაც” უნდოდა, მაგრამ გვარდიოლამ თქვა, რომ ეს მისი არჩევანი არ იყო. ამასთან, კატალონიელმა დაადასტურა, რომ მას ცენტრალური მცველი სჭირდება.