27 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა – 2017 წლის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10 გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

საქართველოს 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზით კი ბელგიური „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დაჯილდოვდა.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად თურქული „ათაშეჰირ ბელედიესფორის“ მოთამაშე ნინო სუთიძე მიიჩნიეს, ხოლო საუკეთესო არბიტრის წოდება ჯენერი ხორავამ ირგუნა.

დაჯილდოვდნენ ფუტსალისტებიც: 2017 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ბელარუსული „ლიდსელმაშის“ არჩილ სებისკვერაძე დასახელდა, მწვრთნელად კი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების თავკაცი ავთანდილ ასათიანი.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს და შესაბამისად, სპეციალური პრიზები მიიღეს:

2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელიც ასევე 25 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თბილისის „ლოკომოტივი“), საუკეთესო მეკარემ როინ კვასხვაძემ (ქუთაისის „ტორპედო“), საუკეთესო მცველმა ლაშა თოთაძემ (თბილისის „დინამო“), საუკეთესო ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა (თბილისის „საბურთალო“), საუკეთესო ლეგიონერმა, კოტ დივუარელმა ანტე გიმ („სამტრედია“), საუკეთესო გოლის ავტორმა გრიგოლ დოლიძემ (ქუთაისის „ტორპედო”) და ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა (ქუთაისის „ტორპედო“).

რაც შეეხება ეროვნული ლიგა 2-ს, 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ შემტევი დათა სიჭინავა გახდა, რომელმაც ასევე ბომბარდირის (30 გოლი) პრიზი ირგუნა, ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი ვარლამ კილასონია („რუსთავი“) დასახელდა.

გუშინ გამართულ ღონისძიებაზე 2017-ზე სეზონის სიმბოლური ნაკრები დასახელდა:

მეკარე: როინ კვასხვაძე (“ტორპედო”)

მცველები: გიორგი ქიმაძე (“ტორპედო”), ლაშა თოთაძე (“დინამო”), გიორგი რეხვიაშვილი (“ლოკომოტივი”), გიორგი მჭედლიშვილი (“სამტრედია”)

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი (“საბურთალო”), გიორგი კუხიანიძე (“ტორპედო”), ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”)

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი სიხარულიძე (“ლოკომოტივი”).