ჟორჟ ვეამ, ევროპის ყოფილმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. არჩევნების მეორე ტური სამშაბათს ჩატარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვეამ კონკურენტს ქვეყნის 15-დან 12 რეგიონში აჯობა. ვეას კონკურენციას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბოაკი უწევდა, რომელის ამ პოსტს 12 წელია იკავებს.
ლიბერიის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა, რომელიც არჩევნების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობდა, დამარცხებულს არჩევნების შედეგებთან შეგუება და ვეასთვის მილოცვა ურჩია.
თავად ჟორჟ ვეამ კი არჩვენებსა და ფეხბურთს შორის განსხვავებაზე ილაპარაკა: “მინდა შევახსენო ყველას, ვინც კვლავ განაგრძობს არჩევნების შედეგების გაპროტესტებას – ნებისმიერ არჩევნებზე არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. აქ ფრე არ არსებობს. ფეხბურთში შესაძლებელია თამაში ფრედ დასრულდეს, მაგრამ არჩევნებზე მსგავსი რამ ვერ მოხდება“.
ლიბერიის ნაციონალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჟერომ კორკოამ დაადასტურა, რომ მეორე ტურის მსვლელობისას რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა: „ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საარჩევნო პროცესი და ხმის მიცემა მშვიდად ჩატარდა. მეორე ტური მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო პირველისგან, რომლის მსვლელობის დროსაც სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა“.
ჟორჟ ვეა პოლიტიკაში სპორტული კარიერის დასრულებისთანავე ჩაერთო. ვეა რიგ ევროპულ კლუბებში თამაშობდა, მათ შორის „მილანსა“ და „ჩელსიში“. 1995 წელს კი ის პირველი არაევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელიც „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვეს.