ურუგვაელმა სებასტიან აბრეუმ, რომელიც გინესის წიგნშია როგორც 25 სხვადასხვა კლუბში ნათამაშები, რეკორდი გააუმჯობესა – 25 არ ეყო და ოცდამეექვსეში გადავიდა. 41 წლის ფორვარდმა, ვისაც 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ჩილეს „აუდაქს იტალიანოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აბრეუს აქამდე რეკორდის მოზიარედ ჰყავდა ასევე 25 კლუბ გამონაცვალი გერმანელი მეკარე ლუც პფანენშტიელი, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა. გერმანელი სხვა რეკორდის ავტორიცაა – ფიფას ექვსივე კონფედერაციის ჩემპიონატში უთამაშია.
ურუგვაელ მეგოლეს 21-წლიან კარიერაში 11 სხვადასხვა ქვეყნის გუნდის მაისური მოურგია და ნაკრების წევრიც იყო 15 წლის განმავლობაში. „მოვლილი“ აქვს მსოფლიოს ორი და „კოპა ამერიკას“ სამი ჩემპიონატი. პროფესიული კარიერა 1995-ში მონტევიდეოს „დეფენსორში“ დაიწყო და მას შემდეგ 2 წელზე მეტ ხანს არც ერთ გუნდში არ გაჩერებულა.