ედენ აზარმა, რომელიც 7 იანვარს 27 წლისა ხდება, “ჩელსის” ოფიციალურ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ქედს იხრის ბოლო ეპოქის “ბარსელონასა” და მისი ლიდერის, ლეო მესის წინაშე. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრამ ლონდონელები და ბარსელონელები ერთმანეთს გადაჰყარა და, შესაბამისად, ბელგიელი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც “ბლაუგრანა” ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს. პირველი შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 20 თებერვალს გაიმართება.
“ბოლო 10-15 წლის განმავლობაში “ბარსელონას” დარი გუნდი და ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მესისთან ახლოს დავაყენებდი, არ ყოფილა, — თქვა აზარმა, თუმცა ისიც დასძინა, რომ მრისხანე მეტოქის წინაშე კაპიტულაციას არ აპირებს, — წინ დიდი მატჩი გველის. პირადად მე საოცარ გამოცდილებას შევიძენ. ერთი სული მაქვს როდის დადგება 20 თებერვალი. ვერ ვითმენ, ამწუთასვე მინდა, მოედანზე ვიდგე და შეხვედრა იწყებოდეს”.