ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა, მესის შეჩერების აკვიატებული იდეის გამო.

მატეო კოვაჩიჩი ლეო მესის წინააღმდეგ

პალომარმა კარგი ფრაზა მოიფიქრა — იმ დღეს ზიდანს მოურინიზმი შეეყარაო. ჟურნალისტი განმარტავს: მოურინიუს ამპარტავნების გამო ჰქონდა პრეტენზია, რომ “ელ კლასიკოს” წაიკითხავდა და სწორედ ამიტომ აწვნევინა “რეალს” რამდენიმე მწარე მარცხი. ის ხან “ავტობუსს აყენებდა” და ხან პეპე გადაჰყავდა ნახევარდაცვაში, გეგონება ეს საუკუნის ტაქტიკური აღმოჩენა ყოფილიყო. შედეგად, მესის გაჰქონდა გოლები და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა.

ისკოს ნაცვლად მატეო კოვაჩიჩის გამოყვანით თუ ვიმსჯელებთ, შაბათს ზიდანმაც იგივე გააკეთა. თავდასხმაში BBC-ს რომ ეთამაშა, ეს კიდევ ნამდვილი ზიდანური სვლა იქნებოდა, მაგრამ ისკოს დასმა და კოვაჩიჩის გამოყვანა მის მიერ “კლასიკოს” მოურინისტურ გააზრებაზე მიუთითებს. ეს იყო ფუნდამენტური შეცდომა. ის იყო ცუდი მესიჯი გუნდისთვის. იმ დღეს, როდესაც “რეალს” აუცილებლად უნდა მოეგო, ზიდანმა არ დააყენა თავისი ყველაზე დახვეწილი ნახევარმცველი, სკამზე დასვა მარკო ასენსიო, არ გამოიყენა გარეთ ბეილი და ათამაშა კოვაჩიჩი.

ის არგუმენტი, რომ კოვაჩიჩის თამაშმა პირველ ტაიმში გაამართლა, რობერტო პალომარის აზრით უსუსურია. ჟურნალისტი წერს, რომ იმ ფეხბურთს, რომელიც “რეალმა” “ელ კლასიკოში” შესვენებამდე აჩვენა, გუნდი მოგებისკენ არ მიჰყავდა — მადრიდელები არსაით მიდიოდნენ. ხოლო ის არგუმენტი, რომ კოვაჩიჩით ზიდანმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო, საერთოდ არგუმენტი არ არის, ვინაიდან მაშინ კოვაჩიჩმა ერთადერთი მიზეზის გამო მიიღო მონაწილეობა — მოდრიჩი ვერ თამაშობდა.

“მარკას” მიმომხილველი წერს, რომ შაბათს, “რეალისთვის” შემტევი ფეხბურთის თამაში გაცილებით ბუნებრივი იქნებოდა. რასაკვირველია, მადრიდელებს გამარჯვების გარანტიას ესეც ვერ მისცემდა, რადგან “ბარსელონას” თამაში მესისთვის ბურთის მოხერხებულად მიწოდებაზეა აწყობილი, არგენტინელი კი კომბინაციას ერთი სისწრაფით იწყებს და მეორეთი ამთავრებს, მაგრამ ზიდანის არჩეულმა ტაქტიკამ გარანტირებულად მოიტანა ის, რომ “რეალისთვის” ესპანეთის ჩემპიონატი დეკემბერში დამთავრდა.