საშინელებები ილაპარაკა ემანუელ ებუმ „მირორთან“ ინტერვიუში. „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ცოლთან გაყრის შემდეგ გახვრეტილი გროშიც აღარ აბადია და თურმე მეგობრის სახლში იატაკზე სძინავს. ხელით რეცხავს სარეცხს და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობს.
2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „არსენალიდან“ „გალათასარაიში“ 2011 წელს გადავიდა, 4 სეზონი გაატარა და 8 მილიონი ევრო მიუთვალეს, რომელიც თითქმის სრულად ცოლ-შვილისთვის გაუგზავნია. „საბანკო საქმეებისა არაფერი გამეგება. რაზეც ჩემი ცოლი აურელიე ხელის მოწერას მთხოვდა, ვაწერდი. მინდა, ახალგაზრდა აფრიკელმა ფეხბურთელებმა იგივე შეცდომა არ გაიმეორონ და ჩემი გამოცდილება მათთვის გაკვეთილი იყოს“ – თქვა კოტდივუარელმა.
ებუს ყოფილმა ცოლმა აურელიე ბერტნარმა წაიღო მთელი უძრავ-მოძრავი ქონება. ერთადერთი სახლი დარჩა ლონდონში გაფორმებული საწყალ ფეხბურთელზე, რომელსაც სასამართლოს ძალით ისევ აურელიე დაეპატრონება.
„ზოგჯერ შევდივარ ხოლმე სახლში, მაგრამ შუქს არ ვანთებ რომ ვინმემ არ შემამჩნიოს. ესაა ერთადერთი, რაც დამრჩა – დაიჩივლა ებუმ – უმეტეს დროს მეგობართან ვატარებ. იქ შემიძლია მშვიდად ვიყო. მისი ბავშვების შეწუხება არ მინდა და ამიტომ იატაკზე მძინავს. ტელევიზორში ტიერი ანრის და სხვა ყოფილ თანაგუნდელებს ვხედავ ხოლმე და მრცხვენია, რომ მე ასეთ დღეში ვარ. ტანსაცმელს ხელით ვრეცხავ და მადლობას ვუხდი ბებიას, რომელმაც ბავშვობაშივე შრომას მიმაჩვია“.
„გალათასარაიდან“ წასვლის შემდეგ ცოტა ხანს უგუნდოდ იყო და 2016 წლის მარტში „სანდერლენდთან“ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა ერთ კვირაში ფიფამ ებუს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. ფეხბურთელს აგენტის ვალი ჰქონია, რომელმაც „არსენალიდან“ „გალათასარაიში“ ტრანსფერი გაუკეთა. აგენტმა მოვალეს ფიფა-ში უჩივლა და ებუ დასაჯეს. „სანდერლენდმა“, რასაკვირველია, კონტრაქტი გაუწყვიტა. ფეხბურთელს იმავე წელს სიმსივნით გარდაეცვალა გამზრდელი ბიძა და ავტოავარიაში – ძმა.
„საშინელი წელი მქონდა 2016-ში. ფეხბურთიდან მოკვეთილს ზოგჯერ დილით საწოლიდან ადგომაც კი არ მინდოდა და თვითმკვლელობაზეც მიფიქრია”- თქვა ებუმ.
სამი შვილის მამას ცოლთან გაყრის შემდეგ ივნისის აქეთ შვილებიც აღარ უნახავს და მათაც, ორ თვეზე მეტია, მამა ტელეფონითაც არ მოუკითხავთ.
ახლა ლონდონში, მეგობარს შეკედლებული ებუ მეტროთი და სახეზე ქუდჩამოფხატებული დადის, რომ არ იცნონ. არადა ოდესღაც, 10 წლის წინ, არხეინად იყო. 2007-ში დედოფალთან „არსენალის“ სტუმრობისას ემანუელ ებუმ – გაფრთხილების მიუხედავად – ეტიკეტი არად ჩააგდო და ელსაბედ II-ს მიმართა: „მემ, აღარ მინდა, მომწყინდა ფეხბურთელობა, თქვენი ძაღლების მომვლელად მუშაობა მსურს. მინდა, რომ მათ ვაჭამო. ვასეირნო და ვაბანაო ისინი“.
დედოფალსაც და პრინც ფილიპსაც გაეცინათ, თურმე.
საქმე ისე მიდის, რომ უსახლკაროდ დარჩენილ ფეხბურთელს შეიძლება, ძაღლების მომვლელად მუშაობამაც მოუწიოს.
ასეა: ებუ ბჭობდა, დედოფალი იცინოდა.

ემანუელ ებუ
წილი
წინა სტატია“ბარსელონა” — 21 ტურით ადრე ჩემპიონი
შემდეგი სტატიაზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.