წინ კიდევ გრძელი გზაა — “ბარსელონას” გასახდელიდან დღეს ყველაზე ხშირად ეს წინადადება ისმის, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლა ლიგას ლიდერები უფრო მოტივაციის შესანარჩუნებლად იმეორებენ, წერს კატალონიური სპორტული გაზეთი “მუნდო დეპორტივო”. “ბარსა” მდევარ “ატლეტიკოს” 9 ქულით უსწრებს, მესამეზე მყოფ “ვალენსიას” თერთმეტით, “რეალი” კი “ბლაუგრანას” 14 ქულით ჩამორჩება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ძლიერია და შესაბამისი პოზიციაც უკავია, მაგრამ სეზონის დამთავრებამდე 21 ტურით ადრე თავს ჩემპიონად ჯერ ვერ გრძნობს.
სხვა საქმეა, რომ დარჩენილი თამაშების კალენდარი “ბარსელონას” წისქვილზე ასხამს წყალს — ლიდერი ზემოთ ჩამოთვლილ სამ კონკურენტს “კამპ ნოუზე” უმასპინძლებს. პირველ შეხვედრებში “ბარსამ” “ატლეტიკოსა” და “ვალენსიასთან” “ვანდა მეტროპოლიტანოსა” და “მესტალიაზე” ერთნაირი ანგარიშით, 1:1 ითამაშა, “რეალს” კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 მოუგო. შესაბამისად, სეზონის მიწურულს პირად შეხვედრებშიც კატალონიური კლუბის უპირატესობაა მოსალოდნელი.
“ბლაუგრანას” ყველაზე რთული გასვლები “რეალ სოსიედადთან”, “ესპანიოლთან” და “სევილიასთან” ელის.