ეს მართლა “რეალში” ხომ არ აპირებს გადასვლას?. “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, “ელ კლასიკოების” ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნეიმარმა გამოაცხადა, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების ნახვა ტელევიზორშიც კი არ უნდა — არდადეგები დაეწყო და მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი საკლუბო შეხვედრა არ აინტერესებს.

წავიდა დრო, როდესაც ნეიმარი “ელ კლასიკოში” გულით იყო ჩართული

უფრო სწორად, ნეიმარი “პარი სენ ჟერმენის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად დოჰას ერთ-ერთ პორტში გემზე ავიდა და პარიზული კლუბისთვის ტრადიციულ ყატარის ზამთრის ტურს შეუდგა. “მარკა” როგორც ჩანს სწორედ იქ დაუკავშირდა. ბრაზილიელმა უპასუხა:

“არ ვნახავ, რადგან მხოლოდ “პარი სენ ჟერმენის” ამბები მაინტერესებს”.

ვითომ, ერთი მეორეს რატომ უნდა უშლიდეს ხელს? მითუმეტეს, კრუიზში.

არც ის უთქვამს, მისი აზრით ვინ მოიგებს, არც გულითა და სულით ბარსელონელთათვის დამახასიათებელი თუნდაც მოკლე სიტყვით გამოსულა… არ მაინტერესებსო და მორჩა.

“მარკამ”, ცხადია, მადრიდში გადასვლაზეც ჩამოუგდო სიტყვა, რაზეც ნეიმარმა იგივე უპასუხა — მხოლოდ პარიზული ამბებით ვარ დაკავებული, სხვა რამის გაგონებაც არ მინდაო.

ნიშანდობლივია, რომ ფრანგულ ლიგა 1-ში ფეხბურთელის გამოსყიდვა აკრძალული ყოფილა, მაგრამ როდესაც “პარი სენჟერმენი” ნეიმარს “ბარსელონასგან” ყიდულობდა, განა ფინანსური “ფეარ პლეის” წესმა შეუშალა ტრანსფერს ხელი?

თუმცა, სჯობს ეჭვებს არ ავყვეთ.

და მაინც… ნეტავ, ყოფილი ბარსელონელი მართლა არ ნახავს “ელ კლასიკოს”?