“ბარსელონა” უძლიერესია! მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 მოუგო “რეალს” და ლა ლიგის ცხრილში 14 ქულით ჩამოიტოვა. მართალია, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ გამოტოვებული შეხვედრა რომც მოიგონ, მათთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა მაინც უკვე შეუძლებელ მისიად მოჩანს.
რამ განაპირობა მადრიდელთა კრახი? ამ კითხვაზე პასუხი მათ გასახდელშია საძებნელი. “თეთრებმა” ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. შესვენებამდე ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მართალია, მწვავე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მომგებ გუნდს უფრო მასპინძლები ჰგავდნენ. შესვენების შემდეგ, “რეალი” პასიურ ფეხბურთზე გადავიდა, რისთვისაც დაისაჯა.
კიდევ ერთი თვალშისაცემი ეპიზოდი პირველ ტაიმში იყო, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ აშკარა საგოლე სიტუაციაში ბურთს… ფეხი ააცილა. ასეთი ტექნიკური წუნი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელისგან გასაკვირი გახლდათ. ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა შეხვედრა, პორტუგალიელს ჩვეულად რომ დაერტყა.
ბარსელონელთაგან პირველი გოლი ლუის სუარესმა 54-ე წუთზე გაიტანა. სტუმრების ეს შეტევა ივან რაკიტიჩის გარღვევას მოჰყვა. ამ კომბინაციის დროს “ბლაუგრანას” მოთამაშეთა საათივით აწყობილი მოქმედების გარდა ყურადღება რაკიტიჩის მადრიდელი თანამემამულის, მატეო კოვაჩიჩის დაბნეულობამ მიიპყრო. “მარკამ” იხუმრა, ნაცვლად იმისა, რომ კოვაჩიჩს რაკიტიჩისთვის ბურთის წართმევა ეცადა, საპატიო ესკორტი მოუწყოო.
მეორე გოლი ლეო მესიმ 64-ე წუთზე პენალტით შეაგდო, მესამე კი 90+3 წუთზე ვიდალმა გაიტანა, თუმცა ბარსელონელთა ამ შეტევის ერთ-ერთ ფაზაში მესიმ აუტში გადასული ბურთი შეაბრუნა მოედანზე, რაც თანამსაჯმა ვერ შეამჩნია.