“სანი” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე უსაფრთხოების საკითხები ქვეყნის საიდუმლო პოლიციას ჩააბარა — უფრო ზუსტად,  ლაპარაკია ФСБ-ზე. არის ხულიგნობისა და ბილეთებით შავ ბაზარზე ვაჭრობის საშიშროება. ამ ორი მიმართულებით რუსთა ქცევა “ბებერ კონტინენტს” 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მწარედ ახსოვს: რუსმა “ბალელშჩიკებმა” ინგლისელ ფანებთან მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს.

რუსი ფანები საფრანგეთში, 2016 წელს

“დეილი მეილი” წერს, რომ საფეხბურთო შეჯიბრების მოწყობაში შიშისმთესველი ორგანიზაციის ჩართვა პუტინის განზრახვაზე მეტყველებს: მას რუსეთის შელახული იმიჯის გამოსწორება აქვს განზრახული. მავან “ბალელშჩიკ” ალექსანდრ შპრიგინს კი უთქვამს, ФСБ რუსეთის მტრებს კი არ დასდევს, საფეხბურთო ხულიგნების დაჭერაზე გადავიდაო.

ФСБ სპორტში ჩარეული ორგანიზაციაა, რომელსაც “სანი” კრიმინალურს უწოდებს. დამტკიცებულია, რომ სწორედ ეს სამსახური იდგა დოპინგკონტროლის პუნქტებში რუსი სპორტსმენების მედიკამენტებით გაჟღენთილი შარდის სუფთა სინჯებით შეცვლის მიღმა.

ცხადია, რუსულ სპეცსამსახურებს ფანების დევნის გარდა თავისი პირდაპირი მოვალეობაც ექნებათ შესასრულებელი — ტერორიზმის ეპოქაში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა იოლი საქმე არ არის.

ამასობაში კი, რუსულ ინტერნეტ-საიტებში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს “დეილი მეილი” ინგლისელ გულშემატკივრებს აფრთხილებს რუსეთში თავს შეიძლება დათვები დაგესხნენო. კერძოდ, ფეხბურთის გულშემატკივართა ფედერაციის პრეზიდენტს, მავან კევინ მაილსს რუსეთში ინგლისელი ფანების დაბინავების საკითხი შეუსწავლია. მას თურმე აინტერესებდა, რამდენად არის ამ ქვეყანაში განვითარებული კემპინგი, რაზეც ტურისტულ ცენტრში Visit Russia უპასუხიათ, ჩვენ კემპინგი არ ვიცით, ერთადერთი, ქალაქგარეთ თუ დაბანაკდებით, მაგრამ იქ შეიძლება თავს დათვები დაგესხნენო.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება.