ინგლისის “კარაბაოს”, იმავე ლიგის თასზე, “ბრისტოლ სიტიმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. მართალია, ბრისტოლელებს 123 წლის გუნდი ჰყავთ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედს” წესით ვერ უნდა უგებდნენ. რაც შეეხება იმას, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ “ეშტონ გეიტზე” შეკრებილი ლამის 27 ათასივე მაყურებელი მოედანზე ჩახტა და გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად იზეიმა, გასაკვირი არაფერია. მოედნის დამპყრობლები ყველაზე მეტად მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე გატანილი გამარჯვების გოლის ავტორთან, კორი სმიტთან სელფის გადაღებას ცდილობდნენ. შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა, “ბრისტოლ სიტი” კი ჩემპიონშიპში — მესამეზე.
ანგარიში 51-ე წუთზე ბრისტოლელმა ჯო ბრაიანმა გახსნა. შვიდ წუთში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაათანაბრა, 90+3 წუთზე კი, როგორც მოგახსენეთ, კორი სმიტმა გამარჯვების გოლი შეაგდო და საფინალო სასტვენის შემდეგ ხალხი მინდორზე ჩაიყვანა. ცნობისთვის: ეს სმიტის მესამე გოლი იყო მიმდინარე სეზონში. სმიტი “ბრისტოლში” რომ გადავიდა, გუნდი კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე, პირველ ლიგაში გამოდიოდა.
სასაცილო სანახავი გახლდათ, სიხარულისგან როგორ აიტაცა “ბრისტოლ სიტის” მწვრთნელმა, ლი ჯონსონმა “აუტჩიკი”.
საინტერესოა ისიც, რომ შეხვედრის პირველი გოლის ავტორს, ჯო ბრაიანს არ ახსოვს როგორ გაიტანა.
“მართლა არაფერი მახსოვს. სანამ ჩანაწერს არ ვნახავ, ვერაფერს ვიტყვი. მახსოვს, რომ მომენტი ჩამივარდა და დავარტყი”, — თქვა მან.
ნახევარფინალში “ბრისტოლ სიტის” “მანჩესტერ სიტისთან” უწევს თამაში, “ჩელსის” კი “არსენალთან”. შეხვედრები შინ და სტუმრად გაიმართება.