არ არის გამორიცხული უეინ რუნი ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდეს. ამისათვის საჭიროა “ევერტონის” მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ვეტერანის მომზადების მის მიერ შედგენილი გეგმა ბოლომდე მიიყვანოს.

რუნის ნაკრებში დაბრუნების ამბავი საქართველოში შეიძლება ყურს არ ჭრიდეს, მაგრამ ინგლისში მას სენსაციას უწოდებენ. საგულისხმოა, რომ 32 წლის თავდამსხმელს იმედი გადაწურული ჰქონდა, ახლა კი კვლავ ალაპარაკდნენ, რომ არ არის გამორიცხული 2018 წლის ზაფხულში, ის რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანონ.

ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი კვლავ ფორმაშია. ელერდაისის წყალობით ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. როგორ მიაღწია “დიდმა სემმა” ასეთ შედეგს? მან სამეცნიერო და იმავდროულად საიდუმლო პროგრამა შეიმუშავა — დიეტოლოგებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავს საგანგებო რაციონი შეუდგინეს. ელერდაისი დარწმუნებულია, რომ მის მიერ შემუშავებული რეჟიმი რუნის ახალგაზრდობას დაუბრუნებს.

“დიდი სემის” ინკოგნიტო ახლობელმა “სანს” უთხრა: “რუნის მომზადების პროგრამა შეიცავს სისხლის ანალიზს, რომლითაც დგინდება მეტაბოლიზმის სისწრაფე და საკვების შეუთვისებლობა. საბოლოო მონაცემთა ანალიზის შედეგად დგინდება დიეტა, რომელიც უეინის საუკეთესო ფორმას უზრუნველყოფს”.

რუნიმ, რომელიც სამი შვილის მამაა და მისი მეუღლე კოლინი მეოთხეს ელოდება, ნაკრებში თამაში აგვისტოში შეწყვიტა. მას 119 შეხვედრაში 53 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს რუსეთში ახალგაზრდული შემადგენლობის წაყვანა უნდა. ამასთან დაკავშირებით, გასულ კვირას რუნიმ განაცხადა: “ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია, მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ვგრძნობ, რომ ნაკრებში ჩემი დრო ამოვწურე. მახსოვს, ჯეიმი კარაგერი წასული იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაბრუნდა. ასეთი რამ სხვებსაც გაუკეთებიათ. ვფიქრობ, ეს სწორი არ არის”.

ვნახოთ, შეიცვლის თუ არა ევერტონელი პოზიციას.