ლესტერში, “კარაბაოს თასზე”, რომელიც სინამდვილეში 57 წლის წინ დაარსებული ინგლისის ლიგის თასია, ენერგეტიკული სასმელი “კარაბაო” კი მხოლოდ სპონსორი გახლავთ, რომლისნაირიც შეჯიბრებას ადრე ექვსი ჰყოლია, “ლესტერ სიტიმ” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და პენალტებში დამარცხდა. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სასეირო მომენტი მოედანს მიღმა, უფრო სწორედ კი მოედნის კიდესთან იყო: მავანი ლესტერელი ტრიბუნიდან ჩახტა და “სიტის” თავკაცისკენ, პეპ გვარდიოლასკენ გაიჭრა. აგრესორი მწვრთნელს ის-ის იყო უნდა მივარდნოდა, რომ სკაუტები დაახტნენ და კიდევ ერთი გაბრძოლების მიუხედავად, მოედნიდან გაიყვანეს. საინტერესოა, რომ თავდამსხმელმა გვარდიოლასთვის რაღაცის დაყვირება მოასწრო, თუმცა პრეს-კონფერენციაზე კატალონიელმა იხუმრა, მას ალბათ ჩემი მაისური უნდოდაო, შემდეგ კი დასძინა:
“საიმედო დაცვის ქვეშ ვიყავი. შესაშფოთებელი არაფერი ყოფილა”.
“ლესტერისა” და “მანჩესტერ სიტის” თამაში 120 წუთს გაგრძელდა. ანგარიში მანჩესტერელმა ბერნარდო სილვამ გახსნა, მსაჯის მეშვიდე დამატებულ წუთზე კი ჯეიმი ვარდიმ პენალტით გაქვითა ანგარიში, როთაც დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა.
პენალტების სერიაში ვარდის ნაკლებად გაუმართლა — ააცილა. შემდეგ კი “სიტის” მეკარემ, კლაუდიო ბრავომ რიად მაჰრეზს აუღო. მანჩესტერელები, რომლებიც კევინ დე ბრუინის გარეშე თამაშობდნენ, ნახევარფინალში გავიდნენ.
გუშინვე “არსენალმა” “ვესტ ჰემს” მოუგო 1:0.

“სანის” ფოტოები