ჭადრაკი სპორტია (მეცნიერება და ხელოვნებაც). სპორტს კი რეკორდები უხდება. ქვემოთ, 64 უჯრაზე შვიდი ყველაზე ფანტასტიური მიღწევის შესახებ მოგიყვებით.
მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი რობერტ ფიშერი – 20 პარტია
1972 წლის საჩემპიონო მარათონში ჩაბმულმა ამერიკელმა შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაიწყო. ჯერ 1970 წელს პალმა დე მალიორკაში ზონათაშორისი ტურნირი მოიგო, სადაც ბოლო 7 პარტიაში ზედიზედ იმარჯვა და მომდევნო წელს პრეტენდენტთა მატჩებზე გადაერთო. მეოთხედფინალში ფიშერმა საბჭოელი ტიმ ტაიმანოვი გაანადგურა 6:0 და ნახევარფინალში ამავე ანგარიშით დანიელი ბერტ ლარსენიც მიაყოლა. ფინალში ფიშერს ტიგრან პეტროსიანი დაუხვდა და პირველი პარტია მოუგო, თუმც მეორეში დამარცხდა და მოგებათა 20 სერიანი ციკლიც ამ ადგილას გაწყდა. საბოლოოდ ბობიმ 6,5:2,5 იმარჯვა და მომდევნო წელს, რეიკიავიკში მსოფლიოს ჩემპიონ ბორის სპასკის ტიტულიც ჩამოართვა.
ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია: მსოფლიოს მე-8 ჩემპიონი მიხეილ ტალი – 95 პარტია
მიხეილ ტალი თავისი შემტევი სტილით ყოველთვის დიდ თავსატეხს უჩენდა მეტოქეებს. 1960-ში 23 წლისამ მიხაილ ბოტვინიკს მსოფლიო ჩემპიონობა წაართვა და ყველაზე ახალგაზრდა “მეფე” გახდა. რეკორდმა 1985 წლამდე იარსება, ვიდრე 22 წლის გარი კასპაროვმა არ დაამხო.
სამწუხაროდ ტალს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, ხშირად ავადმყოფობდა და კარიერაში ბევრი ჩავარდნაც ჰქონდა, თუმც 1973 წლის 23 ოქტომბრიდან 1974 წლის 16 ოქტომბრამდე 95 პარტია წაუგებლად დაასრულა და უნიკალური რეკორდიც გამოაცხო, რომელიც ჯერ არავის დაუმხია და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს იცოცხლებს.
ყველაზე ხანგრძლივი დროით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი: ემანუელ ლასკერი – 27 წელი
პლანეტის მეორე ჩემპიონმა ტიტული 1894 წელს ვილჰელმ სტეინიცის ძლევის შემდეგ მოიპოვა და 7-ჯერ დაიცვა, თუმც 1921 წელს ხოსე რაულ კაპაბლანკასთან დათმო. წაგების მიუხედავად ლასკერმა თამაში განაგრძო, ტურნირებიც მოიგო, მაგრამ გვირგვინი ვეღარ დაიბრუნა. ლასკერის ასე დიდი დროით ჩემპიონობას, მისი ოსტატობის გარდა, პირველ მსოფლიო ომსაც უკავშირებენ, რომლის გამოც ორი ტიტულის დასაცავი მატჩი ჩაიშალა, რუბინშტეინთან და კაპაბლანკასთან. 1910-1921 წლებში ლასკერს ტიტული ერთხელაც არ დაუცვია. მაგრამ რეკორდი რეკორდია…
ყველაზე მაღალი ელო-რეიტინგი: მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი მაგნუს კარლსენი – 2882 ქულა
ახალგაზრდა ნორვეგიელმა მოჭადრაკემ ყველაზე მაღალ ელო-კოეფიციენტს 2014 წლის მარტში გამოქვეყნებულ ფიდეს რეიტინგში მიაღწია – 2882, თუმცა ე.წ. “ცოცხალ რეიტინგში” 2889 ქულასაც უწია. სტატიის მომზადებისას პლანეტაზე სულ 12 მოჭადრაკე იყო, რომლებმაც 2800-იან ზღვარს გადააბიჯეს, 2900-თან მიახლოება კი მხოლოდ კარლსენმა შეძლო.
ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი: სერგეი კარიაკინი – 12 წლისა და 211 დღის
კარიაკინმა დიდოსტატის ნორმა 2003 წელს შეასრულა და ერთადერთი მოჭადრაკეა, ვინც ეს 12 წლისამ შეძლო. ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს და 2004 წელს ოლიმპიადაზეც იასპარეზა. იგი მეორე სათადარიგო დაფაზე იჯდა და 7 პარტიიდან 6 ქულა დააგროვა. 2016 წელს კარიაკინმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი მოიგო და ტიტულისთვის კარლსენს შეერკინა. ძირითადი შეხვედრა 6:6 დასრულდა, ტაი-ბრეიკში კი 1:3 წააგო და გვირგვინს ვერ შესწვდა.
ყველაზე ბევრი მონაწილე ერთდროულ სეანსში: ეჰსან გაემ მაგამი – 604 პარტია
2011 წლის 8-9 თებერვალს ირანის 9 გზის ჩემპიონმა ეჰსამ გაემ მაგამმა, თეირანში, შაჰიდ ბეჰეშტის სახელობის უნივერსიტეტის სტადიონზე 604 მონაწილესთან ერთდროულად ჭადრაკი ითამაშა. სეანსი დაახლოებით 25 საათი გაგრძელდა და ირანელმა მოჭადრაკემ დაფებს შორის მიმოსვლით 55 კილომეტრიც დაფარა. 28 წლის დიდოსტატმა 580 პარტია მოიგო, 8 წააგო და 16 ყაიმით დაასრულა.
ყველაზე ბევრი მონაწილე დაფაზე დაუხედავ ერთდროულ სეანსში: ტიმურ გარეევი – 48 პარტია
ტიმური ხშირად მართავდა მსგავს თამაშებს. 2016 წლის 3-4 დეკემბერს კი, ლას ვეგასში 48 მონაწილის წინააღმდეგ გამოვიდა. 35 პარტია მოიგო, 6 წააგო და 7 ყაიმით დაასრულა.
წერილი მომზადებულია ვებ-გვერდ chess.com-ზე მოძიებული მასალების მიხედვით