ბარსელონაში გამართულ გალა-საღამოზე ლეო მესიმ მადრიდული გაზეთის, “მარკას” დაწესებული ტრადიციული პრიზები “პიჩიჩი” და ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ჯილდო მიიღო.

რაფაელ “პიჩიჩი” მორენო არანსადი ბილბაოს “ატლეტიკის” ფეხბურთელი იყო, რომლის სახელიც “მარკამ” ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს უწოდა, ხოლო ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზს გაზეთი საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს.

არგენტინელმა გასულ სეზონში, 37 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მან ორი გოლით გაასწრო თანაგუნდელ ლუის სუარესს.

კიდევ ერთმა ბარსელონელმა, ანდრეს ინიესტამ ესპანეთის ნაკრების MVP-ს წოდება მიიღო.

“ასეთი ჯილდო რამდენიმე მაქვს… ადრე ის სხვანაირი იყო, უფრო დიდი და მძიმე. მიხარია, კვლავ რომ მივიღე, დაფასებისთვის მიდა “მარკას” მადლობა გადავუხადო” — თქვა მესიმ, როდესაც ალფრედო დი სტეფანოს ჯილდოს აძლევდნენ.

რამდენიმე წუთში ის კვლავ დაბრუნდა სცენაზე, რათა კარიერაში მეოთხე “პიჩიჩი” მიეღო.

“დიდი მადლობა. მინდა ეს ჯილდო ყველა ბარსელონელს გავუზიარო. “ოქროს ბუცით” დაჯილდოების დროსაც  ვთქვი, რომ ბომბარდირობა გუნდური მიღწევაა. ჩემი მიზანი ინდივიდუალური პრიზებისთვის ბრძოლა არ არის, ჩვენ გუნდური ტიტულებისთვის ვიბრძვით, მაგრამ რაკიღა ინდივიდუალური ჯილდოებიც არსებობს კეთილი იყოს მათი მობრძანება”, — დასძინა არგენტინელმა.

შაბათს კი მადრიდში “ელ კლასიკოა”.

მესიმ თქვა: “ეს განსაკუთრებული თამაშია და მისი მოგება მნიშვნელოვანია. “რეალი”… მათი სტადიონი… რასაკვირველია, ჩემპიონატში კიდევ ბევრი თამაში დარჩება ჩასატარებელი, მაგრამ წლის “ელ კლასიკოში” გამარჯვებით დამთავრება და შობის ბედნიერად შეხვედრა დიდებული იქნებოდა”.

საუკეთესო მეკარედ “მარკამ” მადრიდის “ატლეტიკოს” კარის მცველი იან ობლაკი დაასახელა.

ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო “სელტას” თავდამსხმელ იაგო ასპასს გადაეცა.