მადრიდის “რეალი” გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს აბუ დაბიში მოხდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული შედეგიანი საჯარიმო დარტყმის წყალობით “თეთრებმა” ბრაზილიური “გრემიო” დაამარცხეს.
ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები მოედანზე თავიდანვე დომინირებდნენ, მაგრამ “გრემიოს” კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევა უჭირდათ. საბოლოოდ მათ მაინც გაიმარჯვეს — როგორც მოგახსენეთ, მატჩის ერთადერთი გოლი რონალდუმ 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ამრიგად, მადრიდელებმა მესამედ მოიგეს კლუბთა მსოფლიო თასი (2014, 2016, 2017). ამ მაჩვენებლით ისინი “ბარსელონას” გაუტოლდნენ. ხოლო, თუ შეჯიბრების ახალ ფორმატს ძველ ფორმატსაც მივათვლით და იმ დროიდან ვიანგარიშებთ, როდესაც კლუბთა მსოფლიო თასს ჯერ კიდევ საკონტინენტთაშორისო თასი ერქვა, მაშინ “რეალი” უნიკალური რეკორდის მფლობელია — ის ექვსჯერ იყო მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.
პირველად ეს 1960 წელს მოხდა, როდესაც “რეალმა” ორი მატჩის ჯამში ურუგვაის “პენიაროლს” 5:1 მოუგო, მეორედ 1998 წელს, როდესაც მადრიდელებმა ტოკიოში ბრაზილიურ “ვასკუ და გამას” აჯობეს 2:1 და მესამედ 2002 წელს, როდესაც მათ პარაგვაის ოლიმპიას სძლიეს 2:0.