ენდი მერთენსი 21 წლის კნაჭა ბიჭი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების 10-ნომრიანი შავი მაისურა რომ გადააცვეს და ხორცსაკეპში შეუშვეს. ერთად იყწებდნენ ის და მთაკაცი ჯონა ლომუ. 1973-მა წელმა უნიჭიერესი მორაგბეები აჩუქა მსოფლიოს – ენდრიუ მერთენსი, ტანა უმაგა, ჯასტინ მარშალი (ახალი ზელანდია), ჯორჯ გრეგანი, მეტიუ ბერკი (ავსტრალია), რაფაელ იბანიესი, ფაბიენ პელუ, ოლივიე მანი (საფრანგეთი), რიჩარდ ჰილი (ინგლისი)…

ვეებერთელა ზვირთივით დაეცნენ ისინი 90-იანებში დიდ რაგბის და 2000-იანებშიც იბობოქრეს. მაგრამ მერთენსსა და მის თანამემამულეებს, ისევე, როგორც ახალზელანდიელთა სხვა ნიჭიერ თაობებს, ნაკრებიდან წასვლის შემდეგ უდიდესი იმედგაცრუება გაჰყვათ – ისინი მწვერვალზე იდგნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გახდნენ.

34 წლის მერთენსი ბევრისთვის მტკივნეულ ამ საკითხს იუმორის ცხრილში ატარებს და ამბობს, თუ 2011 წელს შინაც ვერ გავხდით ჩემპიონები, ნაკრების ყველა წევრმა ხარაკირი უნდა გაიკეთოსო. ახალი ზელანდიის ყველა დროის საუკეთესო მექულე კარგა ხანია „ოლ ბლექსში“ აღარ თამაშობს, კარიერის ბოლო წლებს ფრანგულ კლუბ „ტულონში“ ტკბილად ატარებს ძველ მტერ-მოყვარეებთან, გრეგანთან და უმაგასთან ერთად. ამ ლეგენდების კბილა, ასევე 73-იანი გია ლაბაძე ხალისით დაგვეხმარა ახალზელანდიელთან ინტერვიუს გაკეთებაში.

როგორი გრძნობაა, როდესაც ორი მსოფლიო თასის მონაწილე ამ ტურნირს ქომაგის თვალით უყურებ?

სამი წელია ნაკრებში აღარ ვარ და შეგუებული ვიყავი, რომ მსოფლიო თასს ტრიბუნიდან ვნახავდი. სულ სხვა ყოფილა, როდესაც ამ, უმაღლესი რანგის ტურნირს ქომაგის თვალით უყურებ. როდესაც თამაშობ, მთლიანად მატჩში ხარ ჩართული, ბურთისა და მეტოქის გარდა ვერაფერს ხედავ, ახლა კი ბევრ რამეს დავაკვირდი, მაგრად ვისიამოვნე, ბევრი დიდი მატჩი ვნახე და ბევრი ახალი აღმოვაჩინე.

დიდი მატჩები რომელი იყო?

საფრანგეთი-არგენტინის ორივე მატჩი კლასიკა იყო, ფიჯი-უელსი – ესთეტიკური თრილერი, ისევე, როგორც საფრანგეთი-ახალი ზელანდიის მეოთხეფდფინალი. საფრანგეთი-ინგლისის ნახევარფინალი კი ქრესტომათია იყო. ფინალი სანახაობრივად არ გამოვიდა, სამაგიეროდ, ტაქტიკური ბრძოლა იყო უმაღლეს დონეზე. ჩემი აზრით, მსაჯს ინგლისელებისთვის აშკარად ჩასათვლელი ლელო რომ არ გაეუქმებინა, ბოლო ათი წუთი რაგბის ზეობა იქნებოდა. ეს რაც შეეხება დიდი გუნდების მატჩებს, სხვათაგან კი აშშ-მ და ტონგამ ნამდვილი სპექტაკლი დადგეს, მათი ლაღი და შემტევი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნება იყო, ირლანდია-საქართველო კი ზღაპრული გამოვიდა – კარგი სცენარისტი და რეჟისორი გულისამაჩუყებელ დრამას გადაიღებდა.

ამ მსოფლიო თასზე რომელი ნაკრები მიგაჩნიათ აღმოჩენად?

ასეთები ულაპარაკოდ საქართველო და პორტუგალია იყვნენ. ორივე ძლიერ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ თავი კი არ შეირცხვინეს, პირიქით, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს. პორტუგალიამ ახალ ზელანდიას, იტალიას, შოტლანდიას და რუმინეთს გაუტანა ლელო და ბოლომდე ეომა, საქართველომ კი, ჩემი აზრით, პატარა სასწაული მოახდინა და რაგბიში მცირე რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი. სწორედ ქართველების და პორტუგალიელების დამსახურებაა, რომ მსოფლიო თასზე გუნდების შემცირების იდეამ ბევრი მომხრე დაკარგა და ტურნირის ფორმატი აღარ შეიცვალა.

თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს ახლა ყველაზე მეტად რა სჭირდება?

დიდ გუნდებთან მეტი ტესტის თამაში. გია ლაბაძისგან ვიცი, რომ ახლა თქვენს ნაკრებში თაობათა ცვლა იწყება და ლიდერების უმეტესობა სანაკრებო კარიერას ასრულებს. თუმც ისიც ვიცი, რომ აქ, საფრანგეთში ბევრი ახალგაზრდა ქართველი თამაშობს და რეზერვი არსებობს. მთავარია, მომავალ მსოფლიო თასამდე გუნდი ჩამოყალიბდეს და რაც შეიძლება მეტი მატჩი ითამაშოს ძლიერ ნაკრებებთან. ამ მსოფლიო თასის შემდეგ გრანდები არა, მაგრამ იტალია, შოტლანდია, ფიჯი და ამათი დარი გუნდები დათანხმდებიან ტესტ-მატჩებს და ეს თქვენი ნაკრების პროგრესს დააჩქარებს.

როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებს საქართველოს ნაკრები იტალიის ან შოტლანდიის დამარცხებას?

ჩემი აზრით, საქართველო ამ მსოფლიო თასზე შეძლებდა იტალიის დამარცხებას, იქნებ შოტლანდიისთვისაც მოეგო… თქვენი პრობლემა პატარა გუნდებისთვის ტრადიციული სენია – თაობათა მტკივნეული ცვლა და დიდ გუნდებთან თამაშის პრაქტიკის არქონა. ამ ყველაფერს ბოლოს გამოცდილებასთან მივაყართ. თუ საქართველო შეძლებს სეზონში ოთხი-ხუთი კარგი ტესტ-მატჩის თამაშს, მაშინ იტალიას სამ-ოთხ წელიწადში გაუთანაბრდება და ელიტაშიც მოხვდება.

შეგიძლიათ თქვათ, რომ წლევანდელი მსოფლიო თასი გამორჩეული იყო?

რა თქმა უნდა, ვთქვი კიდეც, რომ წლევანდელი მსოფლიო თასის ყურებით დიდად ვისიამოვნე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უინტერესო მატჩებმა მინიმუმამდე იკლო. ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ავსტრალია, ინგლისი და საფრანგეთი რომ არ ჩამოვთვალოთ, დანარჩენი გუნდების დონე გათანაბრდა და უსაშველო სხვაობა აღარ არის. ცალკე თემაა არგენტინა, ფიჯი და ტონგა. არგენტინა უკვე ელიტარული ნაკრებია და თანამედროვე რაგბიში ახალი სტილი შემოიტანა. ამით რაგბი კიდევ უფრო გამდიდრდა და ხიბლი შეემატა. ფიჯის ყურება კი ერთ რამედ ღირდა. ასეთი ეშხიანი, ეგზოტიკური გუნდი ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებს. ტონგა კი წლიდან წლამდე იზრდება – აკი დაიბევა კიდეც ადგილი მომავალ მსოფლიო თასზე, რომელიც იცით, ახალ ზელანდიაში გაიმართება. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ფიჯი, ტონგა და სამოა ჩვენთან უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე ევროპაში. თუ მათ სწრაფ პროგრესს გავითვალისწინებთ, მომდევნო მსოფლიო თასზე ბევრად ძლიერად ითამაშებენ.

და რას იზამს ახალი ზელანდია სამშობლოში, გახდება ჩემპიონი?

თუ ეს არ მოხდა, 1991 წლიდან მოყოლებული 2011 წლის ჩათვლით, ნაკრების ყველა თაობელი უნდა ჩამწკრივდეს და ხარაკირი გაიკეთოს. ჩემს ქვეყანაში ახლა ხუმრობენ, რომ კანონში ცვლილებებს შეიტანენ: თუ 2011 წელს ახალი ზელანდია ჩემპიონი ვერ გახდა, ნაკრების ყოველი წევრი სიკვდილით დავსაჯოთო.

სერიოზულად რომ ვთქვათ…

სერიოზულად კი დროა „ოლ ბლექსმა“ 1987 წელი გაიმეოროს. მაშინდელი ნაკრების წევრთა უმეტესობამ გასამრჯელოს გამო ქვეყნის რაგბის კავშირს ბოიკოტი გამოუცხადა. მსოფლიო თასზე მოყვარულმა პროვინციალებმა ითამაშეს და ჩემპიონებიც გახდნენ. ოღონდ ახლა ბოიკოტის და მწვრთნელი არ მომწონსო, ამის დრო აღარ არის. გუნდი უნდა შეიკრას და მეტოქეებს შავი დრე აყაროს. საქმე ალალად უნდა გააკეთონ, თანაც, ახლა სამშობლოში მოუწევთ თამაში და იქ წაგებას არავინ აპატიებთ. ჩვენთან რაგბი რელიგიის დონეზეა.

აქამდე რა ჭირდა ახალ ზელანდიას – თითქმის ყველა მსოფლიო თასზე უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევდნენ, მაგრამ 1987 წლის შემდეგ თასის მოგებამდე სულ ერთი ნაბიჯი აკლდება…

ჩვენ ყოველთვის გვაკლდა პრაგმატიზმი, რასაც მეტოქე კარგად იყენებდა. ასე იყო ახლაც, არადა, ვფიქრობდი, მწვრთნელი გრემ ჰენრი ევროპაში ნამუშევარია, საკმაო გამოცდილება აქვს და ევროპულ პრაგმატიზმს ჩვენს სტილს მოარგებს-მეთქი. შევცდი, საფრანგეთთან მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წუთებზე ჩვენებმა ოცდაათფაზიანი შეტევა გადააბეს, კარამდე ხუთი მეტრი იყო, კარში კი არა და არ დაარტყეს. არადა, ორ ქულას აგებდნენ. ერთი არეკნი ან ჯარიმა რომ გაეტანათ, მოიგებდნენ, ნახევარფინალშიც გავიდოდნენ და მერე მათი გამჩერებელი არავინ იყო. სწორედ ეს გვღუპავდა ყოველთვის. მაინცდამაინც ლელო უნდა გაგვეტანა და უკანმოუხედავად შეგვეტია. იმედია გრემ ჰენრი ამ მწარე გაკვეთილს გაითვალისწინებს და მომავალი მსოფლიო თასისთვის რომანტიკულ რაგბის ცოტაოდენი პრაგმატიზმით შეაზავებს.

როდის იყო ახალი ზელანდია ყველაზე ახლოს ჩემპიონობასთან?

წლევანდელ მსოფლიო თასზე ჩვენებს გუნდი კი არა, გუნდი-მონსტრი ჰყავდათ, მაგრამ…

გული არ გწყდებათ, რომ ბოლო ორ მსოფლიო თასზე ვერ ითამაშეთ?

მე ორჯერ, 1995 და 1999 წლების მსოფლიო თასზე ვითამაშე. პირველად ფინალი წავაგეთ, მეორედ კი ნახევარფინალი. 2003 წელსაც გულით მინდოდა ნაკრებში და თასზე თამაში, ასაკიც შესაბამისი მქონდა, ფორმის პიკში ვიყავი, მაგრამ მწვრთნელმა ჯონ მიტჩელმა ამითვალწუნა.

რატომ?

არ ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამს. ისე, მიტჩელს მე კი არა, ნახევარმა ქვეყანამ ვერაფერი გაუგო. რაღაც ჩაკეტილი, სიტყვაძუნწი კაცია. თუ გინდათ, ტელეფონის ნომერს მოგცემთ, დაურეკეთ და ჰკითხეთ, რატომ არ წამიყვანა 2003 წლის მსოფლიო თასზე. იქნებ თქვენ მაინც აგიხსნათ მიზეზი.

წლევანდელ მსოფლიო თასზე არ გსურდათ თამაში?

როდესაც მიტჩელმა ნაკრებს ჩამომაშორა, გული დამწყდა. 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრებში დავბრუნდი, ტესტებიც ვითამაშე, მაგრამ ვიგრძენი, ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი. თანაც ევროპულმა კლუბებმა სარფიანი კონტრაქტები შემომთავაზეს და გადავწყვიტე კარიერა ევროპაში გამეგრძელებინა. ახალზელანდიური ტრადიციით კი, ლეგიონერებს ნაკრებში არ იძახებენ. მეც ისეთი ასაკი მქონდა, დრო იყო მომავალზე მეზრუნა და ცხოვრება ისე მომეწყო, კარიერის დასრულების შემდეგ ოჯახი უზრუნველყოფილი მყოლოდა. ამიტომ სამშობლოში დაბრუნება აღარ მიცდია, ევროპაში დავრჩი და ამით სანაკრებო კარიერაც დავასრულე. ეს ჩემი არჩევანი იყო და გული არ მწყდება.

არც ზე-14-ში დაბრუნებას აპირებთ?

არა, „ტულონში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ, აქ რაგბის დიდი სიამოვნებით ვთამაშობ. კარგი კონტრაქტი მაქვს და აქეთ-იქით სიარულს აღარ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ კარიერას შესანიშნავ გუნდში, ძალიან მაგარი ბიჭების გვერდით დავასრულებ.

მათ შორის გია ლაბაძეცაა?

რა თქმა უნდა, გია ძალიან საყვარელი ტიპია, საიმედო და მხიარული მეგობარი. თანაც, გუნდში უდიდესი ავტორიტეტი აქვს, ჩვენ მხიარულ დუეტს გვეძახიან, თანაგუნდელებს რაღაც ხრიკებს ვუწყობთ და ვხალისობთ.

ასეთს რას აკეთებთ?

ბევრი მეთოდი გვაქვს. ჯორჯ გრეგანი გაწვალებული მყავს, ბუცში ბანანს ვუდებ, ხან ხმას შევიცლი, დაფარული ნომრით ვურეკავ, ტერორისტი ვარ და თუ ფულს არ მოიტან, აგაფეთქებ-მეთქი. უნდა ნახოთ, რა დაფეთებული დადის. გრეგანს ჩემსავით გოლფის თამაში უყვარს და ყოველთვის ვუგებ. ერთი სიტყვით, მაგარ ტერორში მყავს.

არ ბრაზდება?

არა, ჩვენ ძმაკაცები ვართ. გრეგანს 16 წლიდან ვიცნობ. აქედან მოყოლებული, ყველა ასაკობრივ ნაკრებში მეტოქეები ვიყავით, მოედანზე ერთმანეთს არ ვინდობდით, მაგრამ მოედნის მიღმა დავმეგობრდით. ახლა კი სულაც ერთ გუნდში ვართ, ნახევარდაცვის დუეტს ვქმნით და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

გოლფის თამაში მიყვარსო, თქვით. გოლფის გარდა, კიდევ რით ერთობით?

„სონი ფლეისთეიშენზე“ რაგბის თამაში მიყვარს. აქ ხომ მაინც ვხდები მსოფლიოს ჩემპიონი! როდესაც ჩემი გოგონა წამოიზრდება, მას უნდა ვეთამაშო, იქნებ კონკურენცია გამიწიოს.

რა ხნისაა თქვენი შვილი?

ჯერ არ მყავს, თებერვალში ველოდები. ერთი სული მაქვს, როდის გაირბენს ეს დრო.

კომპიუტერული თამაშისას 10 ნომრად საკუთარ თავს აყენებთ?

არა, ძირითად შემადგენლობაში გრანტ ფოქსი დგას, ჩემი თავი შეცვლაზე შემყავს. ფოქსი ჩემი კერპია, თამაშის სტილით მას ვბაძავდი, სწორედ იგი იყო იმ ახალი ზელანდიის ლიდერი, რომელიც 1987 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ყველა დროის საუკეთესო მორაგბედ ვის მიიჩნევთ?

ვერავის გამოვარჩევ… რაგბი წლიდან წლამდე ვითარდება და სტილი იცვლება, ყველა თაობას ჰყავდა თავისი ლეგენდა, მაგრამ რომ ვთქვა, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა-მეთქი, ასეთი მორაგბე არ არსებობს. მე ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში ტანა უმაგას, ჯონა ლომუს, კრისტიან ქალენის, რუბენ სორნის და ჯასტინ მარშალის მხარდამხარ ვთამაშობდი. თვითონ ეს გუნდი იყო ლეგენდა… საუცხოო მეგობრობა გვქონდა და გვაქვს. ჯასტინ მარშალი სულაც ჩემი მეჯვარეა.

გია ლაბაძისგან ვიცი, რომ მგზავრობისას წიგნებს კითხულობთ…

კითხვა ძალიან მიყვარს, გამორჩეულად კი ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, პოლიტიკურ და საომარი სტრატეგიის წიგნებს ვკითხულობ. ნელსონ მანდელას ბიოგრაფია ზეპირად ვიცი. შეიძლება ითქვას, ის ჩემი იდეალია.

ალბათ ისტორიული ფილმების ყურება გიყვართ?

უფრო ბოლკბასტერები მომწონს. „ბეჭდების მბრძანებელი“ რამდენჯერმე ვნახე, თანაც ამ ფილმს ახალ ზელანდიაში იღებდნენ და გადასაღებ მოედანზეც ვყოფილვარ. ამ პროცესმა ისე ჩამითრია, ვოცნებობ, რომელიმე ბლოკბასტერში გადამიღონ.

ბოლოს: თუ საიდუმლო არ არის, საახალწლოდ რა სურვილს ჩაიფიქრებთ?
ჩემმა მეუღლემ მშვიდობიანად იმშობიაროს და შემდეგ ახალ წელს გოგონასთან ერთად შევხვდეთ.

26.12. 2007

წილი
წინა სტატიარატომ ესროლეს ალექს ფერგიუსონს პიცა?
შემდეგი სტატიაპეტერბურგის თავზე ქართული დროშა ფრიალებს
ბაჩო სვანიძე
ჟურნალისტობა ჟურნალისტობად და ბაჩო სვანიძე უბრალო, ალალი, კეთილი, ურთიერთობისთვის გახსნილი, ხალისიანი და ხალასი ადამიანი იყო. ალბათ ბევრისგან გაიგებთ, რომ ბაჩო მისი მეგობარი იყო და ეს ტყუილი არ იქნება. ბაჩოს მართლა შეეძლო ერთბაშად ბევრთან ემეგობრა და, რაც მთავარია, ეს მეგობრობა მხოლოდ ღიმილითა და ჭიქის აწევით კი არა, საქმით, გვერდში დგომით დაემტკიცებინა.