ინგლისური გამოცემა The Telegraph “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველს, ჟერარდ პიკეს ესაუბრა. ჟურნალისტი სემ უოლესი შესავალში წერს, რომ მართლაც ცოტაა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელი, რომელიც სახელს, დიდებასა და ვარსკვლავის ტკბილ ცხოვრებას პოლიტიკური პოზიციების გამოხატვით გაირთულებს. პიკე აშკარად განსხვავებული ადამიანია და ის ამას თავადაც ადასტურებს — ჩემი ცხოვრება ყოველთვის სხვანაირად მიდიოდაო, ამბობს.

“ბარსელონასა” და ნაკრების მაისურით მან ყველაფერი მოიგო: სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ექვსჯერ ლა ლიგის ჩემპიონის წოდება, გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი… მანამდე, ანუ 2008 წლამდე ოთხი წელიწადი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშა. დღეს ის 30 წლისაა და გარდა იმისა, რომ სახელგანთქმული სპორტსმენია, ჰყავს მსოფლიო პოპის ვარსკვლავი მეუღლე შაკირა და ორი შვილი.

პიკეს სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული კატალონიურ სეპარატიზმთან, თუმცა… ოქტომბრის რეფერენდუმში თვითონ რას მისცა ხმა, ესპანეთიდან გამოყოფას თუ ესპანეთში დარჩენას, არ ამბობს. არადა, სეპარატიზმის ხმამაღალი მხარდაჭერის გამო ესპანური პრესა მას ნაკრებიდან წასვლას მოუწოდებდა, ის კი წარბს არ იხრიდა და თავის პოზიციებს იცავდა.

მსოფლიო ვარსკვლავთა ბედნიერი ოჯახი

პიკე ამტკიცებს, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაში კატალონიური სეპარატიზმის მხარდაჭერას არ ეწინააღმდეგება. ის დარწმუნებულია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან პოლიტიკური გამოსავალი არსებობს.

იანვარში “ბარსელონას” ვარსკვლავი ინტერნეტში იწყებს გადაცემათა ციკლს “პიკე +” სადაც ის ინტერვიუებს ჩამოართმევს მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებს, მათ შორის მესისა და ნეიმარს. პიკემ ზუსტად იცის რა უნდა ჟურნალისტიკაში — საუბრები სპორტსა და პოლიტიკაზე.

ის ამბობს: “პოლიტიკაზე ლაპარაკი ყოველთვის ძნელია, რადგან ხალხს ფეხბურთის მსგავსად აქაც რადიკალური შეხედულებები აქვს. შენ ერთნაირად ფიქრობ, თანამოსაუბრე კი სხვანაირად. გრძნობები ხშირად დუღს და ლაპარაკი ბრძოლას ემსგავსება”.

რეფერენდუმიდან ორი თვეა გასული. კატალონიელი პოლიტიკოსები და აქტივისტები საპატიმროებში არიან. პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი ბრიუსელის ციხეში ზის, პიკე კი კვლავ ესპანეთის ნაკრების მაისურით თამაშობს… თუმცა, “ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილს ლიერობს და 23 დეკემბერს მადრიდში “ელ კლასიკოსთვის” ემზადება.

“პოლიტიკური მდგომარეობა ადვილი ნამდვილად არ არის, — განაგრძობს პიკე, დედის მხრიდან გვარად ბერნაბეუ, — თუმცა, ვგონებ ესპანეთს გარეთ მცხოვრები ხალხი ყველაფერს უფრო მუქ ფერებში ხედავს. მე არ ვფიქრობ, რომ უმძიმეს ვითარებაში ვართ. ჩემი აზრით პრობლემა მოლაპარაკებებით გადაიჭრება. პოლიტიკოსები თავიანთ საქმეს გააკეთებენ. მთავარია, რომ ძალადობა და შეტაკებები არ ყოფილა. გარშემო ისეთივე სიწყნარეა, ერთი წლის წინ რომ იყო.

ნეიმარი პიკეს ახლო მეგობარია

მთავარი სირთულე ის არის, რომ აქ, კატალონიაში, ბევრს ესპანეთიდან გამოყოფა სურს, მაგრამ ბევრიც დარჩენის მომხრეა. საქმე გვაქვს დაახლოებით 50-50-თან და სწორედ ეს ქმნის პრობლემას. როდესაც ამდენ ადამიანს ურთიერთსაპირისპირო პოზიცია აქვს, ყველასთვის მისაღებ გამოსავალს ძნელად თუ იპოვნი. მთავარია, შენი პოზიცია ღირსეულად გამოხატო და დაასაბუთო”.

პიკეს “ტვიტერის” გვერდზე უცნაურ ნაზავს გადააწყდებით: ფეხბურთელისთვის ტრადიციული კადრები, ვარჯიში, ზეიმი და… პილიტიკური შინაარსის განცხადებები, რომლებიც საფეხბურთო ტვიტებთან თითქოს შესაბამისობაში არ მოდის. პიკე “ბარსელონას” ოდინდელი ვიცე-პრეზიდენტის შვილიშვილია, “ბლაუგრანა” მის გულში ბავშვობიდან ბატონობს.

“ზეწოლას პატარაობიდან ნაჩვევი ვარ, დღეს კი უკვე 30 წლისა გახლავართ და ათი წელიწადია პროფესიულ ფეხბურთში ვტრიალებ. ვიცი, ყოველ სიტყვას შედეგი მოსდევს, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ ნათქვამი ავწონ-დავწონო. ხშირად, ადამიანებს სიმართლე გულზე ხვდებათ და ურჩევნიათ ის არ მოისმინონ. ამიტომ გეუბნებიან, რომ შენ ცდები. რას იზამ, ხალხნი ვართ. საფეხბურთო სამყაროში ისეთი ადამიანები, როგორიც გარი ლინეკერია, ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ და სწორედაც იქცევიან. მე ლინეკერს პირადად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ის დიდებული პიროვნებაა”.

ჩემპიონთა თასის მერვედფინალში “ბარსელონა” “ჩელსის” უნდა შეხვდეს. “ბარსელონაში” ნეიმარი აღარ თამაშობს, ის 222 მილიონ ევროდ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა. პიკე ამბობს:

“ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება — ერთი მხრივ შენი კლუბისთვის ინდომებ, მაგრამ მეორე მხრივ თანაგუნდელებს უმეგობრდები. მე და ნეიმარი ახლო მეგობრები ვართ. მისი წასვლა “ბარსელონასთვის” დარტყმა იყო იყო, მაგრამ როგორც მეგობრის, მე მისი მესმის. დღეს ძნელია მოძებნო ფეხბურთელი, რომელიც მთელს კარიერას ერთ კლუბში გაატარებს. ყველას ახალი მოტივაცია, ახალი გამოწვევები სჭირდება. ვიცი, ნეიმარს “ოქროს ბურთის” მოპოვება უნდა და ამიტომაც გადავიდა “პარი სენ ჟერმენში”, სადაც ის მთავარი ვარსკვლავი იქნება. თუ საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში თავს გამოიჩენს, “ოქროს ბურთის” მოგების შანსი გაეზრდება”.

სხვა საქმეა, რომ პიკეს აზრით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში “ბარსელონას” (თუ გავა, რასაკვირველია) მეტოქე “პარი სენ ჟერმენი” კი არა, “მანჩესტერ სიტი” იქნება.

პიკე და მისი მენტორი პეპ გვარდიოლა

“მე თუ მკითხავთ, პეპ გვარდიოლა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით ოთხი წელიწადი ვთამაშობდი და ყველაფერი მოვიგეთ, თან აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთით. დღეს ყველა გუნდი ისეთი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. რასაც ახლა გვარდიოლა “სიტიში” აკეთებს, საოცრებაა. ის რეკორდებს ანგრევს”.

პიკეს ჯერ კიდევ კარგახანს მოუწევს თამაში. წინ ახალი სიმაღლეები ელის და კატალონიის გარშემო შექმნილი პოლიტიკური გაუგებრობის მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს.

“ვცდილობ ჩემი თვალთახედვა გამოვხატო. ხანდახან სიტყვების გამო მაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ მადარდებს. რაც ვარ, ეს ვარ და ვერ შევიცვლები. ყოველთვის, როდესაც უსამართლობას დავინახავ, ვამხელ“! — ამბობს ჟერარდ პიკე.