“მარკა” წერს, რომ აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში, ადგილობრივ “ალ ჯაზირასთან” შეხვედრის დროს, “რეალმა” ახლოს გაიცნო ის, რაც მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ელის — ვიდეორეფერი.

ერთ-ერთ ეპიზოდში ისკომ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა. შორეულ ძელთან ყველაზე მაღლა კაზემირო ახტა და თავურით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა, სანდრო რიკიმ ოფსაიდის მიზეზით გოლი არ ჩათვალა. “რეალის” ფეხბურთელებმა ვიდეოსამსჯავრო მოითხოვეს. რიკიმ ტექნიკით აღჭურვილ კოლეგებთან კონსულტაცია გაიარა და ამჯერად გოლი ჩათვალა. კაზემირომ იზეიმა, ბურთი მოედნის ცენტრშიც დადეს, მაგრამ ახლა თავისი წილი პროტესტი “ალ ჯაზირამ” გამოთქვა და არბიტრი იძულებული გახდა კიდევ ერთხელ, უკვე პირადად დაეხედა მონიტორისთვის. ნათქვამია, მესამე და სამართალიო — სანდრო რიკიმ გოლი ისევ გააუქმა.

ყველაფერმა, რაც ახლა აღვწერეთ, ორწუთნახევარი დაიკავა და ამ შეყოვნების გამო ბოლოს მსაჯმა ოთხი წუთი დაამატა.

სხვათა შორის, ვიდეორეფერიმ მეორე ტაიმში “ალ ჯაზირასაც” არ ჩაუთვალა გოლი. მიზეზი: მცირე, მაგრამ მაინც ოფსაიდი. არადა, რომ ჩაეთვალა, ანგარიში 2:0 გახდებოდა აბუ დაბის გუნდის სასარგებლოდ.

საბოლოოდ, მოიგო “რეალმა”, 2:1. ანგარიში “ალ ჯაზირას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარინიუმ 41-ე წუთზე გახსნა. კრიშტიანუ რონალდუმ 53-ზე გაათანაბრა, ხოლო ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ საქმეში დაბრუნებულმა გარეთ ბეილმა 81-ე წუთზე გამარჯვებისა შეაგდო.

მეორე ნახევარფინალში “გრემიომ” 1:0 მოუგო “პაჩუკას”.

შაბათს, 16 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, მესამე ადგილისთვის მატჩში “ალ ჯაზირა” “პაჩუკას” შეხვდება, ხოლო 21 საათზე, ფინალში, თასის ბედს “გრემიო” და “რეალი” გაარკვევენ.