ეს კვირაა და დიდმნიშვნელოვან შეჯიბრებებში გვარიანი ამბები ხდება:

სამპრასი წაახდინეს, ჩანდა რუბინმა და არანტა სანჩესმა ლამის ოთხ საათს იქნიეს ჩოგნები, ხორხე ვალდანომ ქუდი დაიხურა და ამღვრეული „რეალი“ დელ ბოსკეს გადაულოცა, თბილისის „დინამო“ მანეჟში სათამაშოდ გაემგზავრა, ჟან-მარკ ბოსმანი მგონი ჰააგის სასამართლოს უსტაბაშად აირჩიეს, დენის როდმანმა საქოჩრეზე წითელი ზოლი გაივლო და სხვა რამ ათასი დიდი და მცირე.

ამათ შორისაა აფრიკის პირველობაც, თუმცა, მავანი იტყვის, ეგ უხეირო ბურთის გორება დიდმნიშვნელოვან შეჯიბრთა რიგში როგორ უნდა ჩაიწეროსო. თავისი მნიშვნელობით აფრიკული შეჯიბრი ფარცხანაყანების და ოფშკვითის ტრადიციულ შეხვედრებს თუ გაუტოლდება და მეტს არაფერსო.

„აიაქსსა“ და შაბათ-კვირას აპენინ-პირინეის მოწინავე გუნდების ცქერით გამაძღარი კაცი დიახაც დიდგულა იქნება, მაგრამ, თუკი „დინამო“ – „ბოტევისთვის“ გვიმზერია, აფრიკა რატომ უნდა გავათახსიროთ? მედიდურთაგან განსხვავებით ჩვენ აფრიკის თასის თამაშებს ვუცქერთ. ფეხბურთის ყურებითაც გავძეხით და გართობაც ცალკე შეგვრჩა.

მერე რა, რომ აკონორი და აკა მულტფილმის გმირებს ჰგვანან?

ანდა ის, რომ „ევროსპორტის“ წამყვანმა დელიკატურად სთქვა კალუშა ბვალიას ხილვისას: დახეთ, მაიმუნივით არ იცინისო?

ეს არაფერს ნიშნავს.

ამის გამო აფრიკულ ფეხბურთს ტანგანიკის ტბაში ვერ ჩავახრჩობთ.

მას ჰყავს თავისი გმირები და ჰარიფები, მეფენი და ფეიქარნი. ეს ჩინებული რამ არის, თუკი ზანგური თვალით შეხედავთ და თუ ქალაქელი ავარა ბიჭის თვალით შეხედავ, ორ სიტყვას იტყვი: „შავები დარბიან, მე მაგათი…“

აფრიკის თასი რომ ღირსეულს ჩაბარდება, იქაური სპორტის მწერლები იდეალურ ნაკრებს შეადგენენ და რჩეულთა ღვაწლს წარმოაჩენენ.

ჩვენც გვსურს ორი ასეთი გუნდი შევუდგინოთ ამ პირველობას. პირველ მათგანს დაერქმევა: „უცხო რამ გვართა ნაკრები“, სადაც ჩვენთვის მოულოდნელი გვარ-სახელთა მფლობელთ შევიყვანთ. მეორეს კი „კლანთა ოლ სტარზს“ ვუწოდებთ. აქ კლანებად და ტომებად მოთამაშენი გაერთიანდებიან.

მაშ ასე, „უცხო რამ გვართა“ გუნდი:

მეკარე: ბაბალე ნზამონგინი (ზაირი, „მოტემა პემბე ფკ.“). მცველები: ბანგურა გბესეი (სიერა-ლეონე, „სპანგა“), ბრაჰიმა სისე (ბურკინა ფასო, „იოსფა“), ეგვრი ჩიიანგი (ზამბია, „პაუერ დაინამოს“), მუტამბა კაბონგო (ზაირი, „ბანტუა“). ნახევარმცველები: მაჰედდინ მეფთაჰჰი (ალჟირი, „ქაბილიე“), ჩირესუა გუელი (სპილოს ძვლის ნაპირი, „ასექი“), აიო აჩეამპონგი (განა, „სოსიედადი“). თავდამსხმელები: მოჰამედ აბდელ-აზის ელ-ქაას ჰასემ ემამი (ეგვიპტე, „ზამალექი“), ბოანე ქაჩელა (მოზამბიკი, „მაშაკენე“), მამალე ებანგა (ზაირი, „მოტემა პემბე“).

„კლანთა ოლ სტარზს“ კი რაოდენობით (11 ერთეული) და ფუნქციონალურად (მცველი და ა.შ.) ვერ შემოვსაზღვრავთ, თუმცა აქაც ყველანაირი ამპლუას და განუსაზღვრელი ოდენობის ხალხის პოვნა შეგვიძლია.

კლანთა გუნდისთვის პირველობა სიერა-ლეონეს ეკუთვნის, ჩვენ ერთი ნიგერიელი კანუ გვიკვირს და ამ სიერას მთლად სამი ასეთი ჰყოლია: მოჰამედი, აბუბაქრი და მუსა. პირდაპირ, ჩეჩნები გეგონება კაცს. ამავე გუნდში ორ-ორნი გახლავენ კოლონები, კალონები და კამარები – არქიტექტურული გვარის ხალხი (იხ. კოლონა და კამარა).

ზამბიაში შეყრილან ბეალიათა დიდი გვარის შვილები ცნობილი კალუშა და უცნობი ჯონსონი და ჯოელი. აქვეა ორი კაცი, გვარად ფირი, ორივე მეკარედა ჰყავთ. ბურკინა ფასოს მაჩანჩალა კრებულში კი (ამი სანუა – უსმანი, სალიფი და ფირმინი. ამავე ბურკინაშია ბრეჰიმა ტრაორე, სპილოს ძვლის გუნდში კი მუსა ტრაორე თამაშობს. ლიბერიას ორი ვრე გამოუყვანია – მაიკლი და კრისტოფერი.

სხვათა მოძევება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, თუმცა ის კი დავადგინეთ, რომ ვინსენ მუტალეს, ტიკუ-ტიკუს, დიეს, სიეს, კონას და ვეას და-ძმები ამ პირველობაზე არ გამოდიან, გარე ბიძაშვილები, მაზლები და ქვისლები კი – იცოცხლეთ.

ამათ სიას სხვა დროს მოგაწვდით.

უყურეთ აფრიკას აფრიკის თვალით – ხვალიდან მეოთხედფინალებია.

26.01.1996

წილი
წინა სტატიაჯერ არ ჩათვალეს, მერე ჩათვალეს, მერე ისევ არ ჩათვალეს…
შემდეგი სტატიაახალგაზრდები ცეცაძეს დაუთმეს
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.