ბელგრადის გუნდების, “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის” შეხვედრა 17 გულშემატკივრის დასახიჩრებით დასრულდა. სერბეთის დედაქალაქის დერბი, ტრადიციულად მაღალი რისკის თამაშებს განეკუთვნება და ეს რომ ასეა, ამჯერადაც დამტკიცდა.
AFP-ს ფოტორეპორტიორების თქმით, ჩხუბი მოწინააღმდეგეთა ბანაკებს შორის კი არ ატყდა, არამედ, “ცრვენა ზვეზდას” ფანების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ შეუტია ერთმანეთს. ბრძოლა დაახლოებით ათ წუთს გაგრძელებულა და საბოლოოდ პოლიციის სპეცრაზმს შეუწყვეტია.
შეხვედრას საფეხბურთო მხარეც ჰქონდა. 61-ე წუთზე “პარტიზანმა” გახსნა ანგარიში — სეიდუბა სუმამ პენალტი გაიტანა, მაგრამ 84-ე წუთზე რიჩმონდ ბოაკიემ გაათანაბრა. შედეგად, სერბთა სუპერ ლიგაში ლიდერი არ შეცვლილა — “ცრვენა ზვეზდა” “პარტიზანს” კვლავ 9 ქულით უსწრებს და ალბათ ჩემპიონიც გახდება, რადგან ჩემპიონატის დამთავრებამდე რვა ტურიღა დარჩა.