ჩვენში კი არა, იტალიაშიც ცოტამ იცოდა მოკრძალებული „პორდენონეს“ შესახებ. გუნდი რომელიც სერია C – ს ბ ჯგუფის ბინადარია, ლამის ტოპ-სენსაციის შემოქმედი გახდა. მილანში, სახელოვანი „ინტერი“ სათასო მეოთხედფინალში, ამ ჩვენ გმირს მასპინძლობდა. მოლოდინისამებრ, მილანელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში და სამარქაფოებით სცადა ფონს გასვლა… მრისხანე მეტოქემდე „პორდენონეს“ ზედიზედ სამი სათასო გასვლა ჰქონდა მოგებული ფავორიტ მეტოქეებთან – სერია C – ს ბინადრებმა „ვენეცია“ დაძირეს, გზად „ლეჩე“ და „კალიარიც“ იმსხვერპლეს და ასე მივიდნენ „ინტერამდე“… მილანურ მატჩში მასპინძელი თავიდანვე მიეძალა მეტოქეს, თუმცა უხეიროდ და სპალეტიმ, რაკიღა შეატყო მეტოქე ცხოვრებისეულ მატჩს თამაშობდა, პერიშიჩი, ბროზოვიჩი და მთავარი მკვლელი – იკარდი შეუშვა მოედანზე. სასურველი შედეგი ამასაც არ მოჰყოლია და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ინტერმა 5-4 იმარჯვა… „საოცრებაა, მათ „ინტერთან“ არ წააგეს, ვამაყობ ჩემი ბიჭებით“ – ემოციური იყო ნამატჩევს სტუმართა მწვრთნელი ლეონარდო კოლუჩი… მოკლედ „ინტერი“ შემდეგ ეტაპზეა და დიდი ინტრიგაც მწიფდება – თუკი ამაღამ „მილანმა“ შინ „ვერონას“ სძლია, ნახევარფინალში სწორედ საძულველ მეტოქეს დაუპირისპირდება.