
აი, რა მოხდა შაბათს დილით: “ნეიმარმა დამირეკა და მითხრა, რომ ოჯახში სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმე აქვს. თუ პირადად თქვენ და კლუბი წინააღმდეგი არ იქნებით, რამდენიმე დღით შინ, ბრაზილიაში წავალო. ურთიერთობაში ადამიანური მომენტის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა, ის საქმეშიც კარგ შედეგს იძლევა. თან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოჯახთან გადაფრენა ნეიმარისთვის ძალიან მნიშვნელოვანიიყო და გავუშვი”, — მოყვა “პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელმა უნაი ემერიმ.
და რა მოხდა მერე? ვარსკვლავი პარიზში დროულად კი დაბრუნდა, მაგრამ სოციალურ ქსელებში გაჟონა, რითაც იყო სამშობლოში დაკავებული და ვისაც ხვდებოდა. ყოფილმა გავლენიანმა საფეხბურთო აგენტმა რეინალდო პიტამ, რომელიც ორიათასიან წლებში რამჯენდერმე იჯდა ციხეში, თავის ინსტაგრამზე ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: “მადლობა ვიზიტისთვის ნეიმარ. შენ ისევ ის ბიჭი ხარ და სწორედ ამიტომ გვიყვარხარ ყველას. ჩემს წვეულებაზე შენი ვიზიტი დიდი საჩუქარი იყო”.

კიდევ, “პარი სენ ჟერმენის” ფორვარდი კბილის ექიმთან ყოფილა. ექიმს რაფაელ პულისი ჰქვია და ფეხბურთელი მას ყველა დანტისტზე მეტად ენდობა. ექიმმაც არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან და ინსტაგრამზე ნეიმართან გადაღებული ფოტო გამოფინა. ალბათ, მისთვის ეს ფოტო რეკლამაც კი იყო.
ერთი სიტყვით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნეიმარი ბრაზილიაში მნიშვნელოვანი საქმის გამო სულაც არ გაქცეულა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი საფრანგეთში დროულად დაბრუნდა, უნაი ემერიმ გადაწყვიტა ის დაასვენოს და ხვალ, ლიგის თასზე, “სტრასბურგთან” არ ათამაშოს.