“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რთული ამოცანა აქვს — “ბარსელონას” უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, თუმცა, არის ერთი რამ, რაც ლონდონელებს შესაძლოა კარგად ენიშნოთ: ლეო მესი “ლურჯებს” კარიერაში რვაჯერ შეხვედრია და მოედანი რვავეჯერ ისე დატოვა, რომ გოლი ვერ გაუტანა. ახლა 30 წლის არგენტინელს კიდევ ორი შანსი ეძლევა. თან, ანტონიო კონტეს გუნდს ამწუთას საუკეთესო დღეები არ უდგას, მაგრამ თებერვლამდე შესაძლოა გამოყოჩაღდეს.

სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ მესიმ ამ რვა შეხვედრაში, “ჩელსის” კარში 29-ჯერ დაარტყა უშედეგოდ. მისთვის ყველაზე უსიამოვნოდ მოსაგონარი, ალბათ, 2011-12 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აცილებული პენალტია. “სანი” იგონებს, რომ ის დაპირისპირება ლონდონელებმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგეს, შემდეგ კი, ფინალში, მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიით, “ბაიერნსაც” აჯობეს და თასი აღმართეს.

ზოგადად “ბარსელონას”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, ინგლისელ მოწინააღმდეგეებთან შესანიშნავი ბალანსი აქვს — ბოლო შვიდი დაპირისპირებიდან ექვს შემთხვევაში მეტოქე შეჯიბრებიდან გამოთიშა.

მესიმ “ჩელსის” წინააღმდეგ პირველად 2005-06 წლების სეზონში ითამაშა. ამჟამინდელის მსგავსად მაშინაც მერვედფინალი იყო, რომელიც “ბარსელონამ” ჯამში 3:2 მოიგო. იმ გათამაშებაში კატალონიელები ფინალში გავიდნენ, სადაც “არსენალს” სძლიეს.

“ბარსელონა” და “ჩელსი” შემდეგ სეზონშიც გადაეყარენ ერთმანეთს, ჯგუფურ ეტაპზე. “სტემფორდ ბრიჯზე” ინგლისელებმა მოიგეს 1:0, “კამპ ნოუზე” კი შეხვედრა 2:2 დამთავრდა.

ყველაზე ემოციური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის 2008-09 წლების ნახევარფინალში გამოვიდა. მაშინ, ანდრეს ინიესტას მიერ 93-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ფინალში “ბარსელონა” გავიდა — ორი შეხვედრის ჯამში 1:1 იყო.