ფიონგჩანგის ოლიმპიადის ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა წავიდა და გახურდნენ თოვლსა და ყინულზე გაზრდილი ვაჟ-ქალებიც. ესენი ძირითადად ჩრდილოეთის ხალხია, ვინც ცხრიანში დარტყმას სხვაზე კარგად ვერ ახერხებენ, მაგრამ საშიშ ციცაბოზე ასორმოცით რომ დაეშვებიან, მათი ყურება იქნებ “ბარსა-შოუზე” ნაკლები არ იყოს – გემოვნების ამბავია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, ქართველებს, კობა წაქაძე გვყავს, ტრამპლინიდან ხტომის საბჭოთა მასშტაბის ვარსკვლავი. გვაქვს გუდაური და ბაკურიანი, სადაც ავად თუ კარგად, ზამთრის რიგ სახეობებს მისდევენ, ამიტომ ქვემორე და მომდევნო მიმოხილვებს, ვფიქრობთ, მკითხველი ეყოლება.

ჩვენს წერილებში ძირითადად ზამთრის სპორტის სათხილამურო სახეობებს შევეხებით: სამთოთხილამურობას, თხილამურობას და ბიათლონს. სამი ძირითადი შეჯიბრი იზიდავს ნახსენებ სახეობათა უმაღლესი რანგის პროფესიონალებს: ზამთრის ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიოს თასი. რადგან წყეულმა დოლარმა ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ყინულის ჰოკეის და კომერციულად მომგებიან სხვა ასპარეზობათა დარად თხილამურობაშიც ერთობ გაიდგა ფესვი, ყოველი, ოლიმპიური თუ რიგითი სეზონის მთავარი სათხილამურო ამბავი მსოფლიოს თასი გახლავთ, მოწინავე სპორტული ტელეარხების საყვარელი საკბილო. შეადარეთ აბა სამთომოთხილამურის მიერ ორიოდე დაშვებით დამსახურებული ოლიმპიური მედალი და მთელი ზამთრის მანძილზე, 37 ეტაპის განმავლობაში დიდი შრომით და რუდუნებით მოპოვებული დიდი (საერთო ჩათვლის მოგებისთვის) ან პატარა (ცალკეული სამთოსათხილამურო დისციპლინის მოგებისთვის) ბროლის გლობუსები – რომელი უფრო ფასეული იქნება? მითუფრო, როცა ბროლის გლობუსების წკრიალს საკმაო ოდენობის ევროების, გინა დოლარების შრაშუნიც ახლავს თან.

სამთოთხილამურობის მსოფლიო თასით დავიწყოთ. სპორტის ამ სახეობას ინდოევროპულ ენათა უმრავლესობაში, მოკრძალებული სიმაღლეების მიუხედავად, ალპური (და არა კავკასიური, პამირული ან ჰიმალაური) თხილამურობა ქვია. სწორედ ალპებში შეიქმნა და ყვავის თხილამურებით დიდი, ციცაბო მანძილების უმოკლეს დროში დაძლევის კულტურა. სამთოთხილამურობასთან დაკავშირებული სხვა ქედებიდან კორდიელიერებსაც დაასახელებდა კაცი, სადაც ალპებიდან წასულთა შთამომავლებმა თხილამურებიც თან გაიძღოლეს და ამიტომ 2017-18 წლების კალენდარში ზემოთ ნახსენები 37 “ივენთიდან” ორი კანადაშია ჩანიშნული, სამიც – აშშ-ში. თითო-ორ ეტაპს მასპინძლობს სკანდინავიის სამივე ქვეყანა, ყველა დანარჩენი კი ალპებს მიკრული ქვეყნების (ავსტრია, შევიცარია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, სლოვენია) მაღალ კურორტებზე ტარდება.

ჯერ კიდევ ჟურნალ “სარბიელის” 2000 წლის მე-2 ნომერში, ჰერმან მაიერის ქებათაქებისას აღვნიშნავდით, ბოლო ათწლეულის სამთოთხილამურობა ლამისაა ავსტრიის შიდა პირველობად იქცესო. გავიდა წლები და ვაჟთა შორის აღნიშნულ ტენდენციას მკვეთრი ცვლილება არ დასტყობია. 2011/12 წლებიდან დიდი ბროლის გლობუსს უცვლელად იგებს ავსტრიელი მარსელ ჰირშერი, კაცი დახვეწილი, დაბალ სიჩქარეთა (სლალომი, გიგანტური სლალომი) დიდოსტატი, ვისაც სუპერგიგანტში, სწრაფდაშვებასა და კომბინაციაში კისრის მოტეხვა ზედმეტ გარჯად უჩანს (ჰერმან მაიერის გიჟური სწრაფდაშვებები გეხსომებათ). თხილამურების იუველირული სიზუსტით მართვა ჰირშერს ყოველ სეზონში აგროვებინებს სხვებზე საგრძნობლად უმეტეს ქულებს და რეკორდებიც ნელნელა გამოიკვეთა: მსოფლიო თასის ექვსგზის მოგებით ჰირშერმა უკვე გაუსწრო სამთოთხილამურობის ყველა ლეგენდას: მარკ ჟირარდელს (ლუქსემბურგი, 5), ჰერმან მაიერს (ავსტრია, 4), პირმინ ცურბრიგენს (შვეიცარია, 4) და გუსტავ თიონის (იტალია, 4).

მარსელ ჰირშერი და მისი ბროლის გლობუსები (დიდი – 8 კგ, პატარები – 3,5). პატარა ფოტო: www.atomic.com

აღწერილი მიღწევების შემდეგ იქნებ წერილის ფართის ამაო ფლანგვა იყოს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატების 6 ოქროს და 3 ვერცხლის მედალიც აქვე დავამატოთ, ოლიმპიადებს კი ჰირშერი არ სწყალობს – ვანკუვერში (2010) უმედლოდ დარჩა, სოჩის ოლიმპიადიდან (2014) კი მხოლოდ სლალომის ვერცხლი წამოიღო.

ხომ არ დანაყრდა ავსტრიელი ტრიუმფებით? მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ავსტრიულ სიოლდენში ქარბორბალამ “გამაზა”, ხოლო მომდევნო 8 ეტაპიდან ჰირშნერმა სულ ორი მოიგო და საერთო ჩათვლასა და თავის საყვარელ სლალომშიც პირველი ადგილისკენ ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი გაატარა. მსოფლიო თასის წიწილებს მარტში ითვლიან, ამიტომ ნაადრევ დასკვნებს ჩვენც არ გამოვიტანთ.

ქალთა შორის კი შარშან და წლეულს იანკი გოგო დომინირებს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ზენიჭიერ მოთხილამურედ შერაცხული მიკაელა შიფრინი ერთხანს ვერ ახერხებდა თავისი ნიჭის სიჩქარე-სიზუსტეში სრულად გარდასახვას, მაგრამ შარშანდელი მსოფლიოს თასი მოიგო და წელსაც დიდად ჩაგრავს ყველა კონკურენტს.

მსოფლიო თასის ლიდერები 8 ეტაპის შემდეგ:

ვაჟები. საერთო ჩათვლა: ჰენრიკ კრისტოფერსენი (ნორვეგია); სწრაფდაშვება: ბეატ ფოიზი (შვეიცარია); სუპერგიგანტი: კიეტილ იანსრუდი (ნორვეგია); გიგანტური სლალომი: მარსელ ჰირშერი (ავსტრია); სლალომი: ჰენრიკ კრისტოფერსენი (ნორვეგია); ეროვნებათა თასი: ავსტრია

ქალები. საერთო ჩათვლა: მიკაელა შიფრინი (აშშ); სწრაფდაშვება: მიკაელა შიფრინი (აშშ); სუპერგიგანტი: ტინა ვაირატერი (ლიხტენშტაინი); გიგანტური სლალომი: ვიქტორია  რებენსბურგი (გერმანია); სლალომი: პეტრა ვიჰოვა (სლოვაკეთი) და მიკაელა შიფრინი (აშშ); ეროვნებათა თასი: ავსტრია

ეროვნებათა თასი (საერთო): ავსტრია