- რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
- „ინტერზე“ არ მკითხო და რაც გინდა ის იყოს.
- კარგი. რატომ არის, რომ ხალხი ცხრა კაცითაც იგებს თამაშს, ჩვენ კი მთელი სტადიონი რომ ჩავიდეთ მოედანზე, ვაგებთ?
- იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ.
- ეგ რას ნიშნავს?
- ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუპერტ მერდოკს უნდა შევეკრათ.
- ვინ არის რუპერტ მერდოკი?
- მაგრამ რუპერტ მერდოკი ჩვენ არ შეგვეკვრება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სხვანაირები კი ვართ, მაგრამ სუპერლიგაში არავინ გაგვიშვებს.
- კვლავდაკვლავ რატომ?
- იმიტომ, რომ ძაან სხვანაირები ვართ. ძაან სხვანაირების კი არ ესმით.
- რაშია ეს სხვანაირობა?
- ძალიან სხვანაირად ვთამაშობთ.
- და რუპერტ მერდოკი ვინ არის?
კაცია, სუპერლიგას აარსებს. მთელს მსოფლიოში ეძებს ხალხს, ვისაც შეეკვრება.
- და ჩვენ რატომ არ შეგვეკვრება?
- აბა, რა გაქვს შესაკრავი? ჩვენი „შნუროკი“ არავის სჭირდება.
- რაიო, ჩვენ ხომ ხიდი ვართ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?
- მაგ ხიდი ფეხბურთის თავზე გადადის.
- როგორ?
- როგორ და მაგ ხიდზე ფეხბურთელები არ დადიან.
- მაშ, აბა ვინ შეგვეკვრება?
- ალბანეთი შეგვეკვრებოდა, შესაკრავი რომ ჰქონდეს.
- ეგეც ჩვენსავითაა?
- არა, ჩვენ ვართ მაგათსავით.
- ეს სიცრუეა! ჩვენ „აიაქსში“ ვთამაშობთ, ალბანეთი კი, არა.
- „აიაქსი“ შორსაა. ახლოში კი რა ხდება?
- სასიკეთო ძვრები.
- აი, სულელი. თუ ვინმეს არ შეეკარი, ერთადერთი ძვრა მოხდება.
- რომელი?
- მიწისძვრა.
- ეგ ფეხბურთთან რა კავშირშია?
- პირდაპირ კავშირში, სტადიონი დაინგრევა.
- რას ერჩი? მშვენიერი სტადიონია. აი, სკამებიც გვაქვს. ნამდვილი ის არის, რა ჰქვია?
- „კამპ ნოუ“.
- თუ „ნოუ კამპი“.
- ჩვენს ბავშვობაში „ნოუ კამპი“ იყო, მაგრამ ახლა „კამპ ნოუ“ გამოდგა.
- რითა ვართ მაგათზე ნაკლები?
- მისმინე. ბარსელონაში არის გაჩიანის გადასახვევი?
- არა.
- ბარსელონაში, გადახურულში რომ დგახარ, გაწვიმს?
- არა.
- და ჩვენსა?
- რა გინდა?
- ისა, რომ მერდოკი არ შეგვეკვრება სანამ გადახურულში დგახარ და მაინც გაწვიმს.
- და გაზა?
- გაზასგან რა გინდა?
- გაზა არ შეგვეკვრება? ხომ ბევრი ფული აქვს?
- გაზა კი შეგვეკვრება, თუ პეროვზე ჩავატარებთ.
- პეროვზე რატომ?
- „გინესი“ იყიდება. ჩამოვუსხამთ და მეტი რა უნდა?
- მერე, შევეკრათ, რაღას ვუყურებთ?
- ეჰ… ეგ ისეთი ჩანს, აქეთ შეგვეკრება. დაგვილევს „გინესებს“ და დაიფსება.
- მაშ, საშველი აღარ ყოფილა.
- ჩვენ ხომ სხვანაირები ვართ? მოდი პელე მოვიწვიოთ.
- ეგ რა ხეირს დაგვაყრის?
- სულ არაფერს მაინც სჯობია.
3.10.1998