ამერიკის სახელით მოასპარეზე ფაბიანო კარუანა წლის დასკვნითი საჭადრაკო სუპერტურნირის, London Chess Classic-ის გამარჯვებული გახდა. მან კლასიკურ პარტიებში რუსი იან ნეპომნიაშჩის მსგავსად 9-დან 6 ქულა დააგროვა, თუმც მეტოქეს ტაი-ბრეიკში აჯობა და საპრიზო 300 ათასი დოლარიდან 62,5 ათასი მიითვალა. ამდენივე ერგო ნეპომნიაშჩის, რადგან საპრიზო ფონდის განაწილებისას მხედველობაში კლასიკური ჭადრაკის პარტაითა შედეგები მიიღება.
ტურნირი ფიდე-ს რეიტინგ-ლისტის 10 ლიდერის მონაწილეობით საინტერესოდ წარიმართა. პირველ სამი ტურში ძირითადად მშვიდობა სუფევდა ანუ ყაიმები მეფობდა. მომდევნო ორი პარტია კარუანამ მოიგო და და ცხრილის თავშიც წამოსკუპდა, თუმც მოგვიანებით ნეპომნიაშჩიც ათამაშდა და ზედიზედ სამი გამარჯვებით იტალო-ამერიკელს ნახევარი ქულით გაუსწრო. ბოლო ტურში კარუანამ ხანგრძლივი მიძალებით, 68-ე სვლაზე დაამარცხა ინგლისელი მაიკლ ადამსი და რადგან ნეპომნიაშჩის მაქსიმ ვაშე-ლაგრავი ვერ დაეძლია, გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ სწრაფი პარტიები, შემდგომ კი ბლიცი გახდა საჭირო. მეორე ბლიც-დატაკება კარუანამ უფრო ყოჩაღად წარმართა და 66-ე სვლაზე მოუგრიხა კისერი მეტოქის მეფეს.
რაც შეეხება მთლად ელიტას: მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი მესამე იყო და არა უშავს, რადგან ხუთტურნირიანი დიდი საჭადრაკო ტურნეს (რომლის ნაწილსაც ლონდონის სუპერტურნირი წარმოადგენს) გამარჯვება ჯამურად მაინც მას დარჩა. ექს-პრეტენდენტ სერგეი კარიაკინს ბოლოდან მესამე ადგილიღა ერგო, ვერც თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებული ლევონ არონიანი გამოიყურებოდა ყოჩაღად (მე-7 ადგილი) და ბოლოს, ვაჰ, დრონი, დრონი: ვიშვანათან ანანდი ცხრილის ფსკერზე ვიხილეთ…
ტურნირის საბოლოო შედეგები
1. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 6 ქულა
2. იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) – 6
3. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 5
4. უესლი სო (აშშ) – 5
5. მაქსიმ ვაშე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 5
6. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 4,5
7. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 4
8. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 3,5
9. მაიკლ ადამსი (ინგლისი) – 3
10. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 3