66 წლის ლუის ვან გაალმა ფეხბურთს, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს ხელში თამაშობს, მოსაწყენი უწოდა. “წითელი ეშმაკების” ყოფილმა თავკაცმა თქვა, რომ პეპ გვარდიოლასეული “მანჩესტერ სიტი” გაცილებით სანახაობრივია.
მანჩესტერის ორი გუნდის შედარება მათ შორის კვირას გამართული შეხვედრის გამოძახილია. “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო და პრემიერლიგის ცხრილში 11 ქულით გაუსწრო. ჰოლანდიელმა, რომელიც “ოლდ ტრეფორდზე” ორი წლის წინ მუშაობდა, თქვა:
“ჩემ დროს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ის სტილი ინგლისში მიღებული არ არის. თუ მკითხავთ, როგორ გავართვი თავი, გიპასუხებთ, რომ მაშინდელ გარემოებათა გათვალისწინებით, ეს ჩემი საუკეთესო პერიოდი იყო. დღეს კი ვუყურებ “იუნაიტედს” და ვხედავ, რომ მოურინიუს მოსაწყენი ფეხბურთის მიუხედავად არ აკრიტიკებენ.
მე ყოველთვის შემტევ სტილს ვამჯობინებდი, ხოლო მოწინააღმდეგეები ავტობუსებს მიყენებდნენ. დღეს “იუნაიტედს” ავტობუსებს ვეღარ უყენებენ, რადგან მოურინიუ თავად იცავს თავს. ამჯერად, “იუნაიტედის” ყურებას “სიტის” ყურება მირჩევნია. აშკარაა, რომ “სიტის” უკეთესი შემადგენლობა ჰყავს”.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიუ 1997 წელს, “ბარსელონაში”, ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო.