„დორტმუნდმა“ ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო დროს ჩრდილო რაინ-ვესფალიელები საშინლად გამოიყურებიან.  მე-15 ტურში „ვერდერთან“ საშინაო 1:2 საბოლოო წვეთი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30 სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორჯერ ფრედ ითამაშეს კვიპროსულ “აპოელთან”. „ტოტენჰემთან“ და მადრიდის „რეალთან“ კი საერთოდ უქულოდ დარჩნენ. სასწაული მოხდა და ორქულიანი „ბორუსია“ მესამე ადგილით ევროპალიგაზე მაინც გადავიდა.

ბოში „დორტმუნდში“ ამ ზაფხულს მივიდა „აიაქსში“ გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მოგება მოგებას მისდევდა, მათ შორის –  5:0 „კიოლნთან“, 6:1 „გლადბახთან,“ ერთპიროვნული ლიდერობა და ქომაგთა აღფრთოვანება.

მაგრამ თაფლობის თვე დიდ ხანს აღარ გაგრძელდა, საქმეები უკან წავიდა და ბზარიც გაჩნდა. „შალკესთან“ 4:4, მას შემდეგ რაც დორტმუნდელები 4:0 იგებდნდენ, უკვე კრიზისის აშკარა მაჩვენებელი იყო.

დორტმუნდის ახალი (მარცხნივ) და აწ უკვე ყოფილი მწვრთნელები

ახლა კი ბოშს „კიოლნის“ ყიფილი დამრიგებელი ავსტრიელი პეტერ შტიოგერი შეცვლის. თუმცა, ეს ჩვენი წერილის მთავარი ამბავი არ გახლავთ.

აქ იმ ჰოლანდიელ მწვრთნელებზე გვინდა ვთქვათ, რომლებიც იოჰან კრუიფის იდეოლოგიით არიან გაზრდილნი და რატომღაც მხოლოდ ისეთ გუნდებში აღწევენ წარმატებას, სადაც „დიდი ჰოლანდიელის“ სული ტრიალებს. მართლაც საოცარი ამბავია. ბოშს პირადად კრუიფთან არ უმუშავია, თუმცა ყველა ინტრვიუში ამბობდა, რომ ახალგაზრდობიდან რვეულებში გულმოდგინედ იწერდა მის ნააზრევს და ცდილობდა ყველაფრი ისე ეკეთებინა როგორც „მფრინავი ჰოლანდიელი“ აკეთებდა.

„70-იანი წლების „აიაქსმა“ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამ დროს იქ რინუს მიხელსი და იოჰან კრუიფი იყვნენ, გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა, რომლის ცქერასაც არაფერი სჯობდა. სწორედ მათი დამსახურებაა დღეს რომ ფეხბურთში ვარ.“ – ამბობდა ბოში.

იოჰან კრუიფი და რინუს მიხელსი

ერთი წელიწადი იმუშავა „აიაქსში,“ ტიტული არ მოუგია, მაგრამ მართლაც საოცარი, „კრუიფული“ გუნდი შექმნა – ჭკვიანი, ლაღი, ლამაზი, ენერგიული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ევროპალიგის ფინალშიც გავიდა, მაგრამ გამოცდილება აღარ ეყო და მრისხანე „მანჩესტერთან“ დამარცხდა. ამის შემდეგ ბოში უკვე წარმატებულ მწვრთნელად მოინათლა და ზაფხულში „დორტმუნდში“ დიდი ზარ-ზეიმით გადავიდა. ბორუსიელთა თავკაცები ხარობდნენ, შემტევ, ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს კაცი  ჩვენთვის ზედგამოჭრილიაო. სტილი თითქოს ჰგავდა, ფილოსოფიაც, მაგრამ მერე რაც მოხდა, ზემოთ უკვე ვთქვით.

ახლა სხვა „კრუიფელებზეც“ ვთქვათ. ოქტომბერში რონალდ კუმანი  „ევერტონის“ მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. მიზეზი ცუდი შედეგები და  პრემიერლიგის ცხრილის  გასავარდნ ზონაში ყოფნა იყო.

რონალდ კუმანი და იოჰან კრუიფი

დღეს კუმანს ბევრი ემდურის, ჩვენი ინგლისელი კოლეგები კი ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო (2000 წელს, ჩვენთვის კარგ ნაცნობ არნემის „ვიტესში“), მისი მთავარი მიზანი და ოცნება ერთხელაც „ბარსელონას“ გაწვრთნა არის. სხვა გუნდები კი ერთგვარი „სასტარტო მოედნებიაო.“

თავის დროზე ის „აიაქსის“ მოთამაშე იყო და სწორედ ამსტერდამულ კლუბში ჩამოყალიბდა საბოლოოდ მისი საფეხბურთო ფილოსოფია – „აიაქსის“ და კრუიფის ფილოსოფია. მერე, ექვსი წლის განმავლობაში იოჰან კრუიფის თავკაცობით  აგორებდა ბურთს კატალონიურ კლუბში.

კუმანი, ალბათ, ვერ გასცდა იმ  ჯადოსნურ აიაქსურ აურას, რომელთან ერთად 2004 წელს ჰოლანდიის ჩემპიონობა მოიგო.

სექტემბერში, „კრისტალ პალასიდან“ ფრანკ დე ბური სულ ოთხი თამაშის შემდეგ დაითხოვეს. არადა, მანამდე  მისი თავკაცობით „აიაქსმა“ ოთხი ტიტული მოიგო. „ინტერსა“ და „კრისტალ პალასში“ კი ტყუპისცალის სამწვრთნელო კარიერა ჯამში ოდენ 19 მატჩს ითვლის…

ფრანკ რაიკაარდზეც ვთქვათ. მას შემდეგ რაც მისმა გაწვრთნილმა ჰოლანდიის ნაკრებმა 2000 წლის საშინაო ევროზე ნახევარფინალში იტალიასთან წააგო, რაიკაარდი როტერდამის „სპარტაში“ მივიდა და ისტორიაში პირველად უმაღლესი ლიგიდან „გააგდო“.  ის იყო, ნიდერლანდების ანტილის კუნძულების ნაკრების ჩაბარებას აპირებდა, რომ „ბარსელონასგან“ მიიღო შეთავაზება. იქ მას ნაცნობი, „კრუიფული“ გარემო და  სტილი დახვდა. შედეგად,  გუნდი ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.  თურქულ „გალათასარაიში“ და საუდის არაბეთის ნაკრებში კი მისი მუშაობა ნაკლებ წარმატებული გამოდგა.

ანუ, პოსტკრუიფელები ყველაზე კარგად კრუიფის ყოფილ გაწვრთნილ კლუბებში მუშაობენ, სხვაგან კი ამაოდ ირჯებიან?

მაგრამ პეპ გვარდიოლა? „მფრინავი ჰოლანდიელის“ აბსოლუტური პროდუქტი. მისი „მანჩესტერ სიტი“ ხომ დღეს მსოფლიოს უძლიერეს კლუბად ითვლება. ლიდერმა „სიტიმ“ თანაქალაქელ „მანჩესტერს“ სტუმრად 2:1 სძლია და მდევარს 11 ქულით გაასწრო. ეს „ქალაქელთა“ ზედიზედ მე-14 გამარჯვება იყო პრემიერლიგაში (26 აგვისტოდან 10 დეკემბრამდე). აქამდე ასეთი რამ მხოლოდ „არსენალს“ მოეხერხებინა (2002-ში) და თუ ორ დღეში „სუონსისაც“ სძლია, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. იყო პეპის წარმატებები  ნაცნობ „ბარსელონაში“, „კრუიფულ გარემოში.“, მაგრამ „სიტი“?

ცხადია, კატალონიელის შესახებ, ალბათ, უახლოეს წლებში და მერეც,  კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. მაგრამ  ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ჩაამთავრებს „სიტი“ სეზონს.

შესაძლოა, გვარდიოლა მართლაც გამონაკლისია. ფაქტია, რომ ჰოლანდიური „ტოტალური ფეხბურთი“ მან სულ სხვა, თანამედროვე სიმაღლეებზე აიყვანა.

ჰოლანდიელები კი ბოლო დროს აშკარად სისტემურ კრიზისში არიან. ეროვნულმა გუნდმა ჯერ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, ახლა მუნდიალის მიღმაც დარჩა. იტალიელების არ იყოს, მგონი ამათაც ცოტა „შემოლაწუნება“ სჭირდებათ, ახლებურად რომ გაიაზრონ თანამედროვე ფეხბურთი და სუფთა ფურცლიდან დაიწყონ სახელოვანი წარსულის აღორძინება.