მანჩესტერულ დერბიში “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო — ეს ყველამ ვნახეთ. აი, რა არ გვინახავს და ის ოცკაციანი ჩხუბი, რომელიც გასახდელებში და გასახდელებთან, ერთი სიტყვით ტრიბუნებს ქვეშ “იუნაიტედის” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ წამოიწყო და რომლის შედეგადაც თავად მოხვდა თავში წყლისა და რძის ბოთლები.
ჩხუბი იმიტომ ატყდა, რომ მოურინიუ “სიტის” ოთახში შევარდა, მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უკრავთ და საერთოდაც, ზედმეტად თავაშვებულები ზეიმობთო. მეტი პატივისცემა გამოამჟღავნეთო. არადა, პეპ გვარდიოლას ბიჭებს საზეიმო ნამდვილად ჰქონდათ: ერთი, რომ დერბიში მოიგეს და მეორეც — პრემიერლიგის ცხრილში 11 ქულით დაწინაურდნენ.
მოჩხუბართა გაშველებას სტიუარდები არ ეყო და საქმეში პოლიცია ჩაერია. თვითმხილველებმა ამბავი გამოიტანეს, ისეთი რაღაც ხდებოდა, ვერავინ ვერასდროს რომ წარმოიდგენდაო.
მოურინიუს გაღიზიანება ზოგადად დამარცხების გარდა, კონკრეტულად მსაჯმა მაიკლ ოლივერმა გამოიწვია, რომელმაც მეორე ტაიმში ანდრეს ერერა საჯარიმოში სიმულაციისთვის გააფრთხილა. პორტუგალიელ მწვრთნელს კი მიაჩნდა, რომ იმ ეპიზოდში “სიტის” გამარჯვების გოლის ავტორმა, ნიკოლას ოტამენდიმ ერერა წააქცია და არბიტრი ვალდებული იყო პენალტი დაენიშნა.
მოურინიუ “სიტის” მეკარე ედერსონსაც მივარდნია, ბოლო წუთებში დრო უნამუსოდ გაგყავდაო. ედერსონის თანაგუნდელებს ბრაზილიელი გოლკიპერი დაუცავთ, სიტყვას სტყვა მოჰყოლია, გაწევას გამოწევა. ეს ამბავი “იუნაიტედის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუს დაუნახავს, არიქა მწვრთნელს გვიცემენო და ორომტრიალში შევარდნილა. ლუკაკუს დაყვირებულზე სხვა “წითელი ეშმაკები” გამოვარდნილან და “სიტის” გასახდელში შევარდნა უცდიათ.
მერე ვინ ვის მოადო და ვინ ესროლა “განსაკუთრებულს” წყლის და რძის ბოთლები, მართლაცდა ეშმაკმა უწყის. ფაქტია, რომ მოუ გაწუწული იყო.