ზამთარში ადრე ღამდება ხოლმე და მაშინაც ადრე დაღამდა. ცუდი დრო იყო, ცუდი ამინდი, ცუდი საათი. სეზონი დამთავრებული იყო.

გზა არ ვარგოდა და როდის ვარგა გზა საქართველოში?

ასიათასობით ადამიანი გადის და გამოდის იმ გზაზე ყოველწლიურად. მდინარეც იქვეა – რაც ქვეყანა არსებობს, მდინარე და გზა გვერდიგვერდაა. ნაცნობი, მარადიული სურათი. რამდენჯერაც გაივლი იმ ჩვეულებრივ გადაცვეთილ ადგილას, ყოველთვის გაგახსენდება. არ იქნება არ გაგახსენდეს, რადგან შენთვის ფეხბურთი სულაც არ არის ბატიბუტს მისაყოლებელი ტელერეპორტაჟი. გაგახსენდება, რომ ეს სიკვდილის ადგილია. კეთილი და მოხდენილი დასავლური პეიზაჟი ტრაგიკული დასასრულით. შენ გახსოვს: ზამთრის ღამეში, იმ გზაზე იმ მდინარესთან დაიღუპა ფეხბურთელი ვიტალი დარასელია.

აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სანამ ქართული ფეხბურთი არსებობს, ვიტალი დარასელიაც იარსებებს. არც იმაზე, რომ სწორედ დარასელია იყო შემოქმედი ქართული ფეხბურთის უდიადესი წამისა.

ფეხბურთი ცალკე საკითხია. დიდი და ლამაზი, მძიმე და მოულოდნელი თავგადასავალი. ჩვენ კი ტრაგედიაზე ვლაპარაკობდით.

ფეხბურთელი და მანქანა, ფეხბურთელი და ავტოკატასტროფა. მილიონების სიხარულის მოულოდნელი დასასრული. ელდა და ცნობილი გამონათქვამი: „ფეხბურთელები ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან“.

მართლაც ასეა, მაგრამ ფეხბურთელის სიკვდილი არ არის მხოლოდ მისი სიკვდილი. გულშემატკივრისთვის ეს ამბავი არის უცნაური სიცარიელე გულსა და ფიქრში. ეს სიცარიელე ხილულიც კია ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქომაგი ტრიბუნაზე დაიჭერს ადგილს და მოედანზე გამოსულ საყვარელ გუნდს უყურებს. ამ დროს ქომაგი თვალით ეძებს ნაცნობ ფიგურებს მოედანზე, შეჩვეულ პოზიციებს და ვეღარ ხედავს მას, ძველ და საყვარელ მოთამაშეს. არის ვიღაც სხვა, ალბათ, პერსპექტიული, ნიჭიერი შემცვლელი. მაგრამ ის აღარ არის.

მაშინ სეზონი არ იყო, ამიტომ სიცარიელე თანდათან, ახალი წლიდან გახდა შესამჩნევი და წლებს გადასწვდა.

ეს არ იყო რიგითი ავტოკატასტროფა, თუნდაც ტრაგიკული, მაგრამ მაინც რიგითად წოდებული ჩვენს ცივსა და უხეშ დროში, როცა ავტოკატასტროფებს, ადამიანთა დაკარგულ სიცოცხლეებს საგანგებო სამმართველოებში ითვლიან და რაღაც საშუალო ციფრი გამოჰყავთ. ვთქვათ, თვეში 7,8 ადამიანის სიცოცხლეო…

რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია

ამდენი წელიწადი გავიდა და თითქოს აღარც არის საჭირო ბევრი ლაპარაკი იმ ფატალურ შემთხვევაზე. იმ ღამეს ვარსკვლავი დაიღუპა. ვარსკვლავი და კეთილი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უყვარდა, უხაროდა და რომელიც სითბოთი ცხოვრობდა. ამ სითბოს, ერთგულებას და ერთგვარ ალალ უბრალოებას თავად გასცემდა და სამაგიეროს არ ელოდა. ის ცხოვრობდა, როგორც დიდ ქალაქში, დიდ სამყაროში მოხვედრილი პატარა, ერთი ციდა ქალაქში დაბადებული ბიჭი, რომელიც არ გაითქვიფა ამ უზარმაზარ სამყაროში, არ გახდა ჩვეულებრივი ვარსკვლავი. არ გაიფხორა, არ გაგიჟდა და პირიქით, თავისი ფეხბურთი მოიტანა.

ის კარგად იცნობდა იმ გზას, ხშირად მიმოდიოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მაშინაც იმ გზაზე გამოიარა, როცა პირველად მოვიდა თბილისის „დინამოში“. ის იმ საუცხოო საფეხბურთო მხარიდან იყო, ძველი, ჯადოსანი ვარსკვლავები ავთანდილ ღოღობერიძე, გიორგი სიჭინავა და ვლადიმერ ბარქაია რომ აჩუქა ქართულ ფეხბურთს.

17 წლისა მივიდა „დინამოში“, 17 წლისა გამოვიდა პირველად მინდორზე „დინამოს“ სამოსით. ეს იყო 1975 წლის 11 მაისს, „ფახთაქორის“ წინააღმდეგ. ამ უბრალო ცნობის მიღმა სახელი იდგა. ეს ძალიან მალე გაირკვა. ვიტალი დარასელია სიყმაწვილიდანვე ნამდვილი ფეხბურთელი იყო. დღეს ასეთებს ვარსკვლავებს უწოდებენ.

განაპირა ნახევარმცველი – ვარსკვლავი. გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათ მისი სპორტული იერი – დაკუნთული ფეხები, ჩამოსხმული ტანი და მხარბეჭი. ეს იყო ახალი ყაიდის, ახალი დროის ფეხბურთელის გარეგნობა. მომდევნო სეზონში, როცა „დინამოს“ უკვე ნოდარ ახალკაცი ედგა სათავეში, 18 წლის დარასელია უკვე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახლდათ. იმ დროის ჩვენი და რუსული პრესა რომ გადაათვალიეროთ, ამოიკითხავთ მის თავდაჭერილ ქებას. თავდაჭერილი ქება იმ დროის ერთგვარი სტილი იყო. მაგალითად, რომელიმე ცნობილი მიმომხილველი რომ დაწერდა „ახალგაზრდა ფეხბურთელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უპყრია გუნდში“, ეს ბევრს ნიშნავდა. დარსელიას ასე აქებდნენ.

იმ დაუვიწყარ სეზონში მომავალში განთქმული თბილისის „დინამო“ იქმნებოდა. გუნდმა პირველად მოიგო ქვეყნის თასი, მაგრამ დარასელიას არც ნახევარფინალში უთამაშია და არც ფინალში. დიდ აღმასვლასთან ერთად, გუნდს ტრავმებიც სდევდა თან. მაგრამ ახალკაცი თავის „დინამოს“ ქმნიდა და ყმაწვილ ნახევარმცველს ამ გუნდში თავისი ადგილი ექნებოდა. ამ ადგილის მნიშვნელობა დიდი იყო. „დინამოს“ რამდენიმე სხვა ახალგაზრდასთან ერთად, რომელთა შორისაც რამაზ შენგელია და თამაზ კოსტავა უნდა გამოვარჩიოთ, დარასელია იმ ახალი ტალღის აღმოჩენად ჩაითვლება, რომელმაც, ფაქტიურად, სიყმაწვილეში მოასწრო დიდ გამარჯვებებში წილის ჩადება.

დარასელია ადრე გახდა „სპორტის ოსტატი“. საბჭოთა სპორტულ იერარქიაში, თან ფეხბურთელისთვის, რომელიც ჯერ ოცისაც არ არის, ეს არ იყო უბრალო წოდება. ფეხბურთელთათვის ყოველთვის ყველაზე ძნელი იყო ამგვარი ჩინების მოპოვება. თუ „საერთაშორისო კლასის“ ოსტატობას მხოლოდ ყიფიანი და გუცაევი ფლობდნენ ახალ „დინამოში“, „დამსახურებული ოსტატი“ აღარავინ იყო. „დამსახურებულ“ ოსტატობას ან გრძელვადიანი სანაკრებო კარიერისთვის იძლეოდნენ (რეზო ძოძუაშვილი ორმოცდამეათედ არ დაიბარეს ნაკრებში და „საერთაშორისო კლასის ოსტატად“ დატოვეს) ან პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრების მოგებისთვის.

მაგრამ ვიტალი დარასელიამ მალევე დაკარგა „სპორტის ოსტატობა“. საბჭოეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხდა რაღაც ინციდენტი. მას და კიდევ ორ რუს ახალგარდას „ოსტატობა“ ჩამოერთვათ. მაშინ დიდად არ გახმაურებულა ეს ამბავი. ამბობდნენ, რუსები დათვრნენ, ვიტალიმ კი იჩხუბაო. საერთოდ, არ იყო მოჩხუბარი და ავი, ეს ამბავიც აღარავის გახსენებია. წოდება მალევე დაიბრუნა და მეტიც, ბოლოს სხვებთან ერთად „დამსახურებულიც“ გახდა. თუმცა, ეს სულაც არ არის მთავარი.

მაყურებელმა შეიყვარა. ვიტალა – ასე ეძახდნენ.

რა გამოარჩევდა? მე თუ მკითხავთ, პირველი, რაც თვალში გეცემოდათ, ნამდვილი ფეხბურთელის იერი იყო. უფრო სწორად, ახალი ყაიდის ფეხბურთელის იერი. ის ევროპული ყაიდის მოთამაშე იყო. ევროპელი ფეხბურთელი. ასეთები ყოველთვის იყვნენ საბჭოთა კავშირში, ოღონდ ცოტანი. ვიტალიც ასეთი იყო – იმ დროის ფეხბურთის სუნთქვა, მოთხოვნები, მისწრაფებები მის თამაში საოცარი სიცხადით შეიგრძნობოდა.

დარასელია მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა. ცაცია იყო, მაგრამ არა „ცალფეხა“. დაღლილი, დამდგარი და ხელჩაქნეული არასოდეს უნახავთ მოედანზე. ტექნიკური ილეთები სისხლში ჰქონდა გამჯდარი. დრიბლინგი და ცრუმოძრაობები ლამაზი, სამხრეთული. დარტყმა ზუსტი, ჭკვიანური და მოკლედ, ისეთი, მოცემულ წამს რომ იყო საჭირო. არგენტინელ ვარსკვლავებს მოაგონებდა კაცს. ყოველთვის იგრძნობოდა, რომ მისი სათამაშო ნიჭი ბიჭობიდანვე სწორედ წარიმართა.

ის ძალიან ბუნებრივი ფეხბურთელი იყო. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ესწავლა და ყოველწამიერადაც სწავლობდა, მაგრამ ძირითადი მის თამაშში სწორედ ეს ბუნებრივობა იყო. ნასწავლი და ბუნებრივი. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ვარსკვლავებად იწოდებიან და ხელოვნურ, დაუხვეწავ ილეთებს კი მოუძებნი. დარასელია ასეთი არ იყო. იმავე თბილისის „დინამოში“ იყვნენ წამყვანი მოთამაშენი, რომელთაც ძალიან კარგი საფეხბურთო თვისებები ჰქონდათ. მათ ალბათ, უვითარებდნენ ამ თვისებებს, რადგან წინსვლა აშკარა იყო. მაგრამ იმავე ფეხბურთელებს ჰქონდათ თვალშისაცემი ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრასაც არაფერი ეშველა.

დარასელია ასე არ იყო. ის ყველაზე ახლოს იდგა ჰარმონიასთან.

ამასწინათ ერთ უტოპიურ საუბარს შევესწარი. ძველი გულშემატკივრები ახალკაცის „დინამოს“ ფეხბურთელთა შესახებ ლაპარაკობდნენ. საუბარი კი იმიტომ იყო უტოპიური, რომ მრავლისმნახველი ძიაკაცები არჩევდნენ, რომელ დინამოელ ვარსკვლავს, რომელ ევროპულ კლუბში შეეძლებოდა თამაში. ზოგი სად გაამწესეს, ზოგი – სად. მთელი გუნდი „გაიყიდა“. მე კი დამამახსოვრდა დარასელიას შესაძლო კარიერის გამო ნათქვამი ფრაზა:

ის ყველგან ითამაშებდა.

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი ნათქვამია. საზღვრებშეკრულ საბჭოთა კავშირში, დარასელია იმ მცირერიცხოვანი რაზმეულის წევრი იყო, რომლისთვისაც სხვა დროს და სხვა ვითარებაში საზღვრები არც კი იარსებებდა.

გოლები. იმ ერთმა გოლმა, ქართული ფეხბურთის ისტორიის უმნიშვნელოვანესმა გოლმა, 13 მაისს რომ გაიტანა ვიტალი დარასელიამ, მგონი ყველაფერი გაახუნა. მან თავად შექნა ეს გოლი. სხვა დროს და სხვაგვარ ვითარებაში, ეგებ დაგვეთვალა კიდეც გოლები, თბილისის „დინამოს“ რომ გაუტანია შეხვედრის ბოლო სამი წუთის განმავლობაში. ეს საინტერესო სტატისტიკა იქნებოდა, მაგრამ საქართველო ჯერ არ არის ის ქვეყანა, სადაც წარსული ამგვარადაა გაცოცხლებული. აქ ვერცერთ მაღაზიაში ვერ იყიდი კასეტას, რომელსაც ეწერება „დავით ყიფიანის რჩეული ეპიზოდები“, ანდა „რამაზ შენგელიას ყველა გოლი“. ასევე არსადაა კასეტა, რომელსაც „ვიტალი დარასელია“ ეწერება. ამიტომ ფეხბურთის მოყვარე კაცი საკუთარი, მხოლოდ საკუთარი მეხსიერებით უნდა გავიდეს ფონს.

შემსრულებელი იყო. არა მხოლოდ გაჰქონდა, არამედ ასრულებდა იმ თავის გოლებს. მხოლოდ დარტყმის ძალის იმედად არასდროს ყოფილა. მახსოვს, ცაციათი რა მოხდენილად აჭრიდა ხოლმე ბურთს. ჩანს, უყვარდა ამგვარი დარტყმა, როგორღაც ირიბად გაჰკრავდა ხოლმე ბურთს ფეხს. ის გოლები ისე იყო შესრულებული, რომ მათში ნაკლებად იგრძნობოდა სხვა მოთამაშეზე დამოკიდებულება. კარიერის მთავარი გოლიც ასეთი იყო. თავისი არსით დიუსელდორფულიც და სხვა მის მიერ გატანილი ბურთებიც, ნახევარმცველის გოლები იყო. ეს გასაკვირიც არაა. იყო ასეთი სათაური იმდროინდელ გაზეთში: „ფეხბურთელი, რომელსაც გადამწყვეტი გოლები გააქვს“.

მას ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლო. განსაკუთრებით მომავალში, რომელსაც ვერ მოესწრო.

ვიტალი დარასელია განგებისკენ მიდრეკილი ვარსკვლავი გახლდათ. ასეთი რამ ხშირია ფეხბურთელთა შორის. სათამაშოდ გამოსული ახალგაზრდა კაცი ყოველთვის თავისებურად აშენებს იმედის კოშკებს. აქ აღარ გავაგრძელებ მის მიერ აკვიატებულ რიცხვ „13“-ზე საუბარს, რომელიც იღბლიანად უჩანდა და სიცოცხლის ბოლო წამამდე არ გაურბოდა. მას სჯეროდა განგებისა – თავისებურად, უცნაურად, როგორც ალალ, საქმეში თუ ბრძოლაში ჩართულ ადამიანს. ეს საქმე მისი ცხოვრების საქმე იყო. და რახან სულით ნაღდი, უღალატო და მუხლჩაუხრელი იყო, იმედიც მტკიცე სჭირდებოდა.

დიუსელდორფი… ყველაზე საჭირო გოლი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

იმ საღამოს, როცა თბილისში მისი ერთადერთი ვაჟი იბადებოდა, ვიტალი დარასელია ნეაპოლის „სტადიო კომუნალეზე“ იდგა. თამაშის წინ ეთქვა, ბიჭს, რომელიც დღეს დაიბადება, იმის სახელს დავარქმევ, ვინც „ნაპოლის“ გოლს გაუტანსო. „დინამოს“ 2:0 ჰქონდა მოგებული თბილისში. სტუმრად კი შეხვედრა ფრედ 1:1-ზე დაასრულა. „სტადიო კომუნალეზე“ ანგარიში ვიტალი დარასელიამ გახსნა. განგება, იმედი, ოცნება – ყველაფერი ერთად.

მას ყველაფერი ჰქონდა, რაც იმ დროის საბჭოთა ვარსკვლავს შეიძლებოდა ჰქონოდა. სახელი, პატივი, სიყვარული, ლამის მუდმივად მორგებული სანაკრებო მაისური. იმ წლებში, რომ წარმოიდგენდი თბილისის „დინამოს“ ხვალინდელ დღეს, ანუ იმ დროს, როცა მისი ვარსკვლავები თამაშს გამოეთხოვებოდნენ, იმ ახალ, ჯერაც უცნობ გუნდში, აუცილებლად ნახავდი ვიტალი დარასელიას. გუნდის დაშლა და გაუბედურება გაცილებით ადრე დაიწყო და იქაც აუცილებლად ხედავდი მას. ის აღარ იყო და ფიქრობდი, გინდოდა, რომ გამოჩენილიყო.

თბილისის „დინამოს“ უფერული, უბადრუკი თამაშები. უხერხემლობა. ის აღარ იყო, აღარ იყო ხერხემალი. თითქოს სწორედ მაშინ გამოეთხოვა წუთისოფელს, როცა ინგრეოდა სახელმოხვეჭილი გუნდი. სწორედ მაშინ ვეღარ გავიდა მინდორზე, როცა ძნელბედობასა და არეულობის გამო სულ სხვაგვარად დაინახავდი. მას შეეძლო ლიდერი ყოფილიყო. დგებოდა ამის დრო. არცთუ სახარბიელო ტვირთი არეული გუნდისა სწორედ მას, გამძლე და გამრჯე 25 წლის ბიჭს უნდა ეტვირთა. სეზონის ბოლოს, ერთ მღვრიე საღამოს, კაპიტნობაც კი გასწია. ესეც ერთგვარი ნიშანი იყო. მისი განწყობის კაცისთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო. ხვალის „დინამოს“ გამწევი, 80-იანი წლების მეორე ნახევრის გუნდის გამოცდილება და ჟინი მას უნდა ეტარებინა, უკვე ვეტერანსა და სახელმოხვეჭილს.

ღამე, გზა, აღსასრული. ასე დამთავრდა.

ის კი ისეთი იყო, რომ დღესაც ითამაშებდა. დღესაც და ყველგან. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი ფეხბურთი მარად თანამედროვე თამაში გახლდათ.

1998 წლის 10 დეკემბერი

წილი
წინა სტატიაფეხბურთის ანტიქრისტე
შემდეგი სტატიამოუს ბოთლები მოუქნიეს
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.