შიო ხეცურიანი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ეს კი ნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს პაატა გურასპაული დაიკავებს. ფედერაციის პირველკაცობისთვის სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოდა.

საგანგებო პრესკონფერენციაზე შიო ხეცურიანმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი უჭერდა მხარს განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა ვერ შეძლო იმ უსამართლობისა და განუკითხაობის დამარცხება, რომელიც დღეს კალათბურთის ფედერაციაშია გამეფებული. მან, თურმე, ვერაფრით გაიგო იმ ხმოსანთა ვინაობა, ვინც არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა: „დღეს კალათბურთის ინტერესებზე მაღლა პირადი ინტერესები დგას. მადლობას ვუხდი ჩემს მხარდამჭერებს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას, კალათბურთის ფედერაციას კი წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა შიო ხეცურიანმა.