დენის ლოუ

დაიბადა 1940 წლის 24 თებერვალს შოტლანდიის ქალაქ აბერდინში. 

ნახევარმცველი

წონა 69 კგ. სიმაღლე: 1,76 სმ.

ოქროს ბურთის მფლობელი (1964)

კლუბები: „ჰადერსფილდი“ (ინგლისი, 1956-60), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი, 1960-61), „ტორინო“ (იტალია, 1961062), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი, 1962-73), „მანჩესტერ სიტი“ 9ინგლისი, 1973-75).

ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 1965, 1967, ინგლისის თასის მფლობელი – 1963, ჩემპიონთა თასის მფლობელი – 1968,

ნაკრებში 55 მატჩში გაიტანა 30 გოლი (1959-74).

 

ის სქოთი იყო, ჟინიანი, ავი და ენამწარე.

ასეთ დროს გაგახსენდებათ სქოთური ფეხბურთის იერსახე, მაგრამ დენის ლოუ არ იყო ის, რაც თქვენ გაგახსენდებათ. დენის ლოუ სხვა იყო. თუმცა, ჩვენთვის ნაცნობი გამოთქმა „ეშმაკი სქოთი“, მის შემთხვევაშიც უნდა მოვიხმაროთ. სიტყვა „ეშმაკი“ მის მეტსახელში სხვა მნიშვნელობითაც არსებობდა – „ჟღალთმიანი ეშმაკი“.

ეს სახელი ირლანდიელებმა შეარქვეს, როცა მთლად ყმაწვილმა გლაზგოში, სანაკრებო თამაშში გამოიჩინა თავი და საერთოდ, ვარსკვლავებზე თუ მიდგება საქმე, სქოთებს არაფერი აქვთ დასამადლებელი. ბილი ბრემნერი ჰყოლიათ, კენი დალგლიში, გორდონ სტრაჩანი, გრემ სუნესი… მაგრამ ლოუ პირველი იყო. პირველი და დღემდე განუმეორებელი, სხვა არცერთ სქოთს არ ღირსებია ამგვარი პატივი – „ოქროს ბურთი“.

ის იყო სხარტი, მოქნილი და მახვილგონიერი, უფრო ტანხმელი, ბეჭებგანიერი, თითქმის წყლისფერი თვალები ჰქონდა. მხედველობით ვერ დაიკვეხნიდა. ამბობდნენ კიდეც, კონტაქტური ლინზებით თამაშობსო, გაჰქონდა საოცრად ჭკვიანური გოლები, ატანინებდა საოცრად ჭკვიანურ გოლებს. ლოუ მინდვრის შემოქმედი გახლდათ და თან კვიმატი კაცი იყო, მაგრამ მოედანზე მისგან საშინელებას ელოდნენ, წარმოუდგენელი წინათგრძნობა, ორიენტაცია, მოედნის და პოზიციის გრძნობა. გულშემატკივრებს ერთთავად მისკენ გაურბოდა თვალები. თამაში სულ სხვა ადგილას იყო, – ფიქრი კი გასაქანს არ აძლევდა ხალხს,„სად არის ლოუ?“

მას ჰქონდა რაღაც ძველი ფორვარდებისა – აი, ტარანს რომ იტყვიან ხოლმე და ორთაბრძოლებში მოურიდებელი და ხისტი იყო, ნერვების კვანძი მოთამაშე, რომელიც გუნდს აანთებდა. და თან (ერთხელაც გავიმეოროთ) ჭკვიანი და სწრაფად მოაზროვნე, რბილი და მოქნილი, ხშირად უხეშიც, უზრდელიც, მაგრამ მხიარული. ერთი სიტყვით, სქოთი გახლდათ.

ლოუ უცნაურ სათამაშო თვისებებს აერთიანებდა, ასეთი სხვა არ იყო, ჯოჯოხეთური ჟინის და დიდი ოსტატობის ნაზავი.

დაბადებულა 1940 წელს სქოთ მეთევზეთა უპირველეს ქალაქში, აბერდინში, ბავშვობიდან ფეხბურთელი იყო. დაბადებულიყო ფეხბურთელად და თავის გზასაც ნახავდა, ისე როგორც საუკეთესო სქოთები – ინგლისს წავიდოდა. ბიჭი იყო, როცა ერთმა დიდმა, იმხანად არცთუ განთქმულმა კაცმა დაადგა თვალი. ის კაციც სქოთი იყო – დაბალი, მრისხანე და მძლავრი გონებისა. ბილ შენკლი ერქვა და პატარა, ლიგებში დაქვეითებულ გუნდებს წვრთნიდა – „კარლაისლს“, „გრიმსბის“, მერე კი „ჰადერსფილდ თაუნს“. ეს მერე მოხდებოდა, რომ შენკლი „ლივერპულს“ ჩაუდგებოდა სათავეში და „შენკლის ეპოქა“ დაიწყებოდა.

ჩვიდმეტი წლის დენისმა ოდესღაც სახელოვან „ჰადერსფილდში“ (ამ კლუბის საჩემპიონო რეკორდი მხოლოდ 30-იან წლებში მოხსნა ჩეპმენის „არსენალმა“) დაიწყო თამაში და მოახერხა ის, რომ გუნდი I დივიზიონში დაებრუნებინა. უმაღლეს კლასში გამოჩენა „ჰადერსფილდმა“ და ლოუმ სენსაციით დაიწყეს – „აპტონ პარკზე“ „ვესტ ჰემს“ 5:1 მოუგეს! ლოუ გაზეთების გმირი შეიქნა. ლოუ ვარსკვლავად აღიარეს და ასე გაგრძელდა, სანამ ამ სქოთმა „ჰადერფილდის“ უფროსობას არ გამოუცხადა – ხელფასი მეცოტავებაო. „ჰადელსფილდი“ ვერ გადაიხდიდა იმას, რასაც მისგან დენისი ითხოვდა. 1960 წელს კი განხორციელდა ინგლისური ფეხბურთისთვის გაუგონარი ტრანსფერი. „ჰადერსფილდმა“ 74 ათას ფუნტად მიჰყიდა ლოუ „მანჩესტერ სიტის“, ბრწყინვალე სეზონი „მეინ როუდზე“ და კვლავ სატრანსფერო რეკორდი, 115 ათას ფუნტად „სიტიმ“ იტალიურ „ტორინოს“ გადაულოცა ლოუ…

სქოთთა ნაკრების ამბავი ხომ მოგეხსენებათ? მაშინაც, ლოუს ეპოქაში, ამ გუნდს ბევრი არაფერი ჰქონდა სატრაბახო. სანაკრებო თამაშები ხშირად ჩხუბითაც კი მთავრდებოდა. სკანდალები ტყდებოდა და დენისიც არ აკლებდა ხელს. მაგრამ ამის მიუხედავად, ის საერთაშორისო ვარსკვლავი იყო მისი სახელი კიდით კიდემდე გავარდნილიყო. აკი მოხვდა კიდეც იმ მსოფლიო ნაკრებში, ინგლისური ფეხბურთის 100 წლისთავის ზეიმზე რომ ეწვია „უებმლის“ მასპინძლებთან სათამაშოდ, ლოუმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ინგლისმა მაინც 2:1 მოიგო.

ამასობაში კი ლოუ ბრიტანეთში დაბრუნებულიყო. უფრო მეტიც, ის მანჩესტერში თამაშობდა, მაგრამ არა „მეინ როუდზე“, არამედ „ოლდ ტრეფორდზე“. ქალაქში კლუბის გამოცვლა არცთუ მიღებული რამ არის ასეთ ადგილებში, მაგრამ სქოთს ამის ფიქრი არ ჰქონდა. „იუნაიტედის“ მენეჯერი მატ ბასბის დიდი გუნდის აღორძინება გადაეწყვიტა და ლოუც ამ საქმისთვის სჭირდებდა.

ბასბიმ სხვაგარად შეხედა ლოუს – მისი ტემპერამენტი, აგრესია და ჟინი იმგვარად მომართა, რომ დენისი მაშტაბურ კაცად აქცია მოედანზე.

60-იანი წლების შუახანები. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ზეობის ხანაა. კონფლიქტებითა და შინაური ქიშპით კი მთლად წამხდარა სქოთთა ნაკრები, რომელიც „ჰარპდინ პარკზეც“ კი აგებს თამაშებს ევროპის მაჩანჩალა გუნდებთან. ამის მიუხედავად, ლოუ მაინც მიითვლის თავის სანაკრებო გოლებს და ინგლისელებსაც კი სჯის „უემბლიზე“.

„იუნაიტედში“ კი საუცხოო სამეული შეყრილა – ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ლოუ, მსოფლიოს ჩემპიონთა ლიდერი ბობი ჩარლტონი და გენიალური ჯორჯ ბესტი – სამი ბრიტანული ქვეყნის შვილი, მძლავრი და ძრწოლვისმომგვრელი ტრიუმფატორი, რომელიც „უემბლიზე“ ამარცხებს „ბენფიკას“ და ჩემპიონთა თასს იგებს.

„აქ ომია საჭირო, ფეხბურთი ომია, ცეცხლი და სიმწვავე. სხვანაირად, ეს თამაში მოსაწყენი იქნებოდა“. – ეს სიტყვები დენის ლოუმ მაშინ წარმოთქვა, როცა პარიზში „ოქროს ბურთს“ გადასცემდნენ, კაცს უმაღლესი ჯილდო ეპყრა და სწორედ იმ დღეებში მიეღო ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მოედანზე ატეხილი ჩხუბისთვის.

და ის საოცარი ფეხბურთელი იყო. იწონიდა 69 კილოგრამს და იყო ტარანი. ვარსკვლავთა გუნდში, იქ სადაც თამაშობდა ბობი ჩარლტონი, რჩებოდა მებრძოლ ლიდერად, მთავარ გამაღიზიანებლად. შეეძლო თითქმის ყველაფერი და ჰქონდა ოცნება, ეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაშინ, როცა ახალგაზრდა იყო, ვერაფრით მოახერხა. 55-ჯერ გამოვიდა ნაკრებში და 30 გოლი გაიტანა, არცერთი მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამასობაში ახალი ეპოქა დაიწყო – 70-იანი წლები. 1973 წელს, სწორედ იმ დღეს, როცა ფეხბურთს გამოეთხოვა ბობი ჩარლტონი, დენის ლოუმ საკუთარი თავი „იუნაიტედის“ სატრანსფერო სიაში აღმოაჩინა! უკვე 33 წლის იყო – შეელიენ (მოიცათ იუნაიტედი“ მალე გავარდება პირველი დივიზიონიდან) და მას ბევრი აღარ უფიქრია, იქვე „სიტიში“ გადაბარგდა.

ამასობაში კი ბილი ორმონდის საუცხოო ნაკრებმა, სადაც ბრწყინავდნენ ბრემნერი, ჯიმი ჯონსტონი და პიტერ ლორიმერი, ბარიერი დაძლია და გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. ეს საუცხოო გუნდი ბურთების უარესმა სხვაობამ ჩატოვა ჯგუფში. 14 ივნისს კი დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ სქოთთა პირველ ჯგუფურ შეხვედრაში ზაირელთა წინააღმდეგ, მეცხრამეტე ნომრით გამოვიდა დენის ლოუ, გოლი არ გაუტანია. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი თამაში მსოფლიო ჩემპიონატებზე. დარჩენლ ორ შეხვედრაში შეცვლაზეც არ შემოუყვანიათ.

ახლა წასვლაც შეიძლებოდა და როგორც გულმხურვალედ დაწერა ერთმა მოკალმემ:

„ის ფეხბურთის ანტიქრისტე იყო. ო, ლოუ ნაღდი ეშმაკი ბრძანდებოდა. მაგრამ ის დიადი ეშმაკი გახლდათ“.

30.09.1998

წილი
წინა სტატიაპასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს
შემდეგი სტატიათანამედროვე
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.