დღეს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, „ოლდ ტრეფორდზე“, მანჩესტერული დერბია: „იუნაიტედი“ „სიტის“ წინააღმდეგ. სტუმრები პირველ ადგილზე არიან, მასპინძლები — მეორეზე. „იუნაიტედს“ სხვა გზა არ აქვს, ეს თამაში უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „წითელ ეშმაკებს“ თანაქალაქელები მართლაც ჯოჯოხეთური სხვაობით, 11 ქულით გაუსწრებენ. ყველაფერთან ერთად, ეს გახლავთ ბედისა თუ მედიის მიერ ერთმანეთს გადამტერებული მწვრთნელების, ჟოზე მოურინიუსა და პეპ გვარდიოლას მორიგი ჯიბრიანი დაპირისპირება. და ასეთი შეხვედრის წინ, „იუნაიტედის“ ფანები საკუთარმა კლუბმა გააღიზიანა.
კერძოდ, დენ შოფილდმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ სტადიონებზე მისვლა-მოსვლის ოპერაციათა უფროსია, გულშემატკივართა დიდ ნაწილს მეილი გაუგზავნა, სადაც ეწერა: „ჩვენი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ თქვენ მიმდინარე ჩემპიონატის თამაშებზე დასასწრებად ან ზუსტად დაწყების წინ ან დაწყების შემდეგ მოდიხართ. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დიდებული იქნება თუ ამჯერად ერთი საათით ადრე მობრძანდებით“.
პასუხად, ბატონმა შოფილდმა „იუნაიტედის“ გულშემატკივართა პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტისაგან, იან სტირლინგისგან ასეთი ტექსტი მიიღო: „ძვირფასო დენ. ნუ იქნებით ხმაურიანი ნაბიჭვარი. თქვენ რომ მართლა ტურნიკეტებთან შექმნილი საცობები გაღელვებდეთ, უკეთ გამეცადინებულ უსაფრთხოების თანამშრომლებს დააყენებდით და საჭმელ-სასმელსაც შეღავათიან ფასებს დაადებდით“.