რა შეიძლება ინატროს ღარიბ აფრიკულ ქვეყანაში დაბადებულმა ზანგმა ბიჭუნამ? ძალიან იოლია ამის გამოცნობა: ითამაშოს ფეხბურთი, წავიდეს ევროპაში, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, კონტინენტის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი…
ეს ოცნება ოცნებადვე რჩება მილიონებისთვის, მაგრამ არიან ისეთებიც, სულ სამაგალითო სპორტსმენები, ვინც ოცნების ცა გადაიფრინეს და გამარჯვების მიწაზე დადგეს ფეხი.
წარმოშობით განელმა მცველმა მარსელ დესაიმ ყველა საფეხურის გავლა შეძლო: მოიგო ჩემპიონთა ლიგა ჯერ ფრანგულ „მარსელში“, შემდეგ იტალიურ „მილანში“; საფრანგეთის ნაკრებში გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი; შემდეგ ინგლისური ფეხბურთიც დააგემოვნა და მას ყველაზე სანახაობრივი და გიჟური უწოდა…
დღეს დესაი აღარ თამაშობს. საფეხბურთო კიბის ბოლოში მდგომი სხვებს ეხმარება თამაშის დაწყებაში და ასე უბრუნებს ვალს ბუნებას. შექმნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, რომლის წევრი ყოფილი ქართველი მორაგბე ილია მაისურაძეც გახლავთ და ლეგენდარულ ფეხბურთელთან ეს ინტერვიუც სწორედ მისი დახმარებით შედგა…

– რაც თამაშს თავი დაანებეთ, რას საქმიანობთ?
– ჩემი ბიზნესი მაქვს. გარდა ამისა, განაში საქველმოქმედო ფონდს ვხელმძღვანელობ. მიუსაფარი ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობაზე შეგვყავს და მათ მოვლა-პატრონობას ვკისრულობთ. გეცოდინებათ, ჩვენი ფონდი საქართველოშიც იწყებს პროექტს, რომელსაც თქვენი მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი ილია მაისურაძე უხელმძღვანელებს. ილიას ვიცნობ, „ნანტის“ კაპიტანი იყო და შარშან ქალაქის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. მეც ნანტელი ვარ, ვიცი, რამდენი ტიტულიანი სპორტსმენია ამ ქალაქში, მაგრამ ილია იმსახურებდა ასეთ აღიარებას. სხვათა შორის, თქვენთან განსახორციელებელი პროექტის ერთ-ერთი დონორი მეც ვარ.
– ილია მაისურაძე ზაფხულში აპირებს ფონდის პრეზენტაციას, თქვენ ჩამოხვალთ საქართველოში?
– ზუსტად არ ვიცი. მაისში ილიას ნანტში უნდა შევხვდე და იქ გაირკვევა, ჩამოვალ თუ არა. მეც ჩემი პირადი საქმეებიც მაქვს და თუ საქართველოში ფონდის პრეზენტაცია ჩემს მოცალეობას დამეთხვევა, აუცილებლად ჩამოვალ. ახლა განაში ვარ, სადაც ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი ცხოვრობს.
– განაში ცხოვრობთ?
– მე არა, ჩემი შობლები და და-ძმები. მე ხომ აქაური ვარ და დიდ დროს ამ მართლაც საოცარ ქვეყანაში ვატარებ.
– განაში აფრიკის ეროვნებათა თასის მატჩებსაც ნახავდით.
– რა თქმა უნდა, და ცხადია, განას დიდად ვქომაგობდი. სამწუხაროდ, განამ დასანანად წააგო ნახევარფინალი, არადა, ჩემი აზრით, საჩემპიონო გუნდი ჰყავდა.
– ესე იგი, ეგვიპტემ დაუმსახურებლად მოიგო ტურნირი?
– არა, არა, ეს არ მითქვამს. პირიქით, ეგვიპტემ მთელი ტურნირი სტაბილურად ითამაშა და საკმაოდ ძლიერ კამერუნს მოუგო ფინალი. მეტს ველოდი კოტ დივუარისგან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ კოტ დივუარი მომავალ მსოფლიო თასზე ითამაშებს, ძალიან ბევრს გაამწარებს და სიურპრიზებსაც შემოგვთავაზებს. საერთოდ, აფრიკული ფეხბურთი დამალული განძივითაა, რომლის სრულად პოვნა ჯერ ვერავინ შეძლო. დააკვირდით, ყოველ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი აფრიკული ნაკრები იფეთქებს ხოლმე. მერე ამ ქვეყნაში ფეხბურთი ვითარდება და დანარჩენ მსოფლიოს მძლავრ კონკურენციას უწევს. ვფიქრობ, რომ აფრიკა მსოფლიო ფეხბურთის დაუმუშავებელი მარგალიტია.

– მომავალ მსოფლიო თასზე კოტ დივუარი სიურპრიზებს შემოგვთავაზებსო, თქვით. კიდევ რომელი აფრიკული ნაკრებისგან ელით სიურპრიზებს?
– ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უნდა მოიპოვონ… თუმც ვფიქრობ, რომ კოტ დივუარს, კამერუნს, განას და ეგვიპტეს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. აფრიკის თასზე ძალიან მომეწონა მალის ნაკრები. სელექციონერი არ ვარ, მაგრამ ძალიან კარგი ნახევარცველები ჰყავთ. ჩემი აზრით, ევროპულმა კლუბებმა გაცილებით მეტი ინტერესი უნდა გამოიჩინონ აფრიკული ფეხბურთისადმი, რადგან იქ ამოუწურავი რესურსი და უამრავი ტალანტია.
– მოდით, ევროპულ ფეხბურთზე გადავიდეთ. რა იყო 1998-2000 წლების საფრანგეთის „ოქროს ნაკრების“ წარმატების საფუძველი?
– მაშინდელ შემადგენლობას რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა საკლუბო გრანდში ვთამაშობდით და გვქონდა გამარჯვებულის მენტალიტეტი. ეს უმთავრესი თუ არა, წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. გარდა ამისა, მართლაც ვარსკვლავური გუნდი გვყავდა. ამას დაუმატეთ ზინედინ ზიდანი, რომელიც ყველა ვარსკვლავზე მაღლა დგას და ტაქტიკოსი მწვრთნელი ემე ჟაკე. ჟაკემ გვასწავლა, რომ საჭირო დროს პრაგმატულად უნდა გვეთამაშა. ამით ჩვენ 1982 წლის საფრანგეთის ნაკრების შეცდომა აღარ გავიმეორეთ. 2000 წელს კი როჟე ლემერმა თითქმის არაფერი შეცვალა, ჟაკეს გზა გააგრძელა და აწყობილი გუნდი ევროპის ჩემპიონი გახადა. მართლაც საოცარი გუნდი იყო, ლამაზ ფეხბურთსაც ვთამაშობდით და შედეგიც გვქონდა.
– არაერთხელ თქმულა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რონალდო ჯანზე რომ ყოფილიყოო…
ეგ ყველაფერი ვარაუდია. არ ვიცი, მართლა შეუძლოდ იყო თუ არა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენი გამჩერებელი ათი რონალდოც არ იყო!
– მოდით, თქვენი კარიერა მარსელის „ოლიმპიკში“ გატარებული წლებითაც გავიხსენოთ.  ჩემპიონთა თასი პირველად ამ სწორედ გუნდთან ერთად მოიგეთ, თუმც იმ სეზონს დიდი სკანდალი მოჰყვა და „ოლიმპიკი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩების „ჩაწყობაში“ ამხილეს…

– ამ თემაზე საუბარი არ მსურს, რადგან ჩვენ თამაშების ჩაწყობა არ გვჭირდებოდა. გადახედეთ „მარსელის“ მაშინდელ შემადგენლობას: კანტონა, ფუტრე, ფიოლერი, ანგლომა, დეშანი, ბოლი… მაშინდელი „მარსელი“ მართლაც დიდი გუნდი იყო, საფრანგეთის ჩემპიონობაც და ჩემპიონთა თასიც დამსახურებულად მოიგო.
– როდესაც „მარსელის“ მაშინდელი შემადგენლობა ჩამოთვალეთ, თქვენი თავი გამოგრჩათ…
– საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს.
– მომდევნო სეზონში უკვე „მილანის“ შემადგენლობაში მოიგეთ თქვენთვის მეორე ჩემპიონთა თასი. რომელი სეზონი უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის?
– „მილანთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებით ღირსსახსოვარია ჩემთვის. ჯერ ერთი, უდიდეს გუნდში ვთამაშობდი და მეორეც: ლიგის ფინალში იოჰან კრუიფის გაწვრთნილი „ბარსელონა“ გავანადგურეთ. მაშინ რომარიოს და სტოიჩკოვის ტანდემი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ფეხი არ გავანძრევინეთ. პირიქით, მცველმა გოლიც კი გავიტანე, თანაც, საკმაოდ ლამაზი…
– „მილანში“ გატარებული დრო საუკეთესო პერიოდი იყო თქვენს კარიერაში?
– ალბათ, რადგან საოცრად შეკრული გუნდი გვყავდა და ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდით. თანაც მილანი განსაკუთრებული ქალაქია, გამორჩეული ხიბლი აქვს.
– მაშინდელ მილანელებთან მეგობრობთ?
– პაოლო მალდინი, ზვონიმირ ბობანი, დეიან სავიჩევიჩი, ფრანკო ბარეზი ჩემი მეგობრები არიან. ვერ ვიტყვი, რომ ხშირი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვურეკავთ და ამბებს ვიგებთ.
– „მილანში“ ქართველი მცველი კახა კალაძე თამაშობს…
– კალაძე „მილანის“ და საერთოდ, ევროპული ფეხბურთის გამორჩეული მცველია. მალდინის წასვლის შემდეგ ალბათ, ის გახდება „მილანის“ დაცვის ლიდერი, რადგან ნესტა აშკარად არ არის ფორმაში. კალაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. „მილანში“ საუკეთესო წლები გამიტარებია და ვიცი, ამ კლუბში სტაბილურად და დიდხანს ნამდვილი პროფესიონალის გარდა ვერავინ ითამაშებს. უბრალოდ, არ გაგაჩერებენ.
– ვინ მიგაჩნიათ ყველა დროის საუკეთესო მცველად?
– არ ვიცი. რთული კითხვაა. ყოველი შემთხვევისთვის, მე ნაღდად არ ვარ საუკეთესო… სერიოზულად კი ფრანკო ბარეზი, ფრანც ბეკენბაუერი, მათიას ზამერი, კარლოს ალბერტო, ფერნანდო იერო, პაოლო მალდინი… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ერთს ვერ გამოვარჩევ.
– ამ დროისთვის ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო მცველად?
– რასაც ვუყურებ, ფაბიო კანავარო საუკეთესოა თავის პოზიციაზე.
– ისევ თქვენს კარიერას დავუბრუნდეთ. „ჩელსიში“ გატარებულ დროს როგორ გაიხსენებთ?
– დიდებული ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი: დენის უაიზი, ჯანლუკა ვიალი, ჯანფრანკო ძოლა… სხვათა შორის, სწორედ ჩვენი გუნდით დაიწყო „ჩელსის“ აღორძინება.
– „ჩელსიში“ მაშინ ქართველი რატი ალექსიძეც ირიცხებოდა…
– სამწუხაროდ, კარგად ვერ ვიხსენებ, რომელი იყო. ისე, მახსოვს რომ ქართველი ფეხბურთელი გვყავდა…
– თქვენ გითამაშიათ საფრანგეთის, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში. რომელი ქვეყნის ჩემპიონატი მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
– ჩემ დროს საფრანგეთის ჩემპიონატი კონკურენტუნარიანი არ იყო და ახლაც ჩამორჩება წამყვანი ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებს. იტალიაში ტაქტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, ესპანეთში უფრო სანახაობრივი ჩემპიონატია, ინგლისში კი სრული საგიჟეთია – ასეთი ტემპი არსად მინახავს! მახსოვს, „ჩელსიში“ პირველი მატჩი რომ ვითამაშე ფეხბურთელები და ბურთი ისე დაწუილებდნენ, თვალს ძლივს ვაყოლებდი. ნამატჩევს განძრევის თავი აღარ მქონდა. დაძაბულობით, ტემპით და სანახაობრივად, ალბათ, ინგლისური პრემიერლიგა საუკეთესოა. თანაც, ახლა ინგლისურ კლუბებში ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს.
– ბევრ ტიტულიან მწვრთნელად გიმუშავიათ. მომავალში თქვენც ხომ არ აპირებთ მწვრთნელობას?
– არა მგონია, რადგან ამისთვის სამწვრთნელო კურსებზე უნდა იარო და მუდმივად თვალი ადევნო ფეხბურთის განვითარებას. ახლა ჩემი პირადი საქმეებით ვარ დაკავებული და ამიტომ, საკმაო დროც გამიცდა. ჯერჯერობით მწვრთნელობას არ ვაპირებ, მომავალში კი ვნახოთ…
– ვისთანაც გიმუშავიათ, რომელ მწვრთნელს გამოარჩევდით?
– ფაბიო კაპელო მართლაც განსაკუთრებულია – ის ყოველთვის ფორმაშია! როდესაც კაპელო უმუშევარია, მაშინაც კი ზის და თავის ჩანაწერებს ჩასცქერის. მისთვის ფეხბურთი ყოველდღიური ცხოვრებაა. ძალიან მიკვრის, რატომ დაიკარგა ჯანლუკა ვიალი, როგორც მწვრთნელი. მან „ჩელსი“ კრიზისიდან გამოიყვანა და თასების თასიც მოაგებინა. ისე კი, ჩემთვის უდიდესი მწვრთნელი ემე ჟაკეა. ჟაკემ ფრანგულ ფეხბურთს ძველი დიდება დაუბრუნა და საფრანგეთი ისევ მსოფლიო ფეხბურთის გრანდებში დააწინაურა. მანამდე სანაკრებო კრიზისი გქვონდა.
– სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებსაც კრიზისი აქვს და რადგან კრიზისი ახსენეთ, ალბათ, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისს გულისხმობდით. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
– მე არ ვიცი რატომ აქვს საქართველოს ნაკრებს კრიზისი, მაგრამ გეტყვით, რა იყო ფრანგული ფეხბურთის ჩავარდნის მიზეზი. 1984 წელს, როდესაც საფრანგეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაშინ ჰყავდა ფანტასტიკური ფეხბურთელები. მერე კი საფრანგეთის ჩემპიონატში საკლუბო კრიზისი დაიწყო და ნაკრებს კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტის პერიოდი დაუდგა. თუ ქვეყნის ჩემპიონატი არ ვარგა, თანამედროვე ფეხბურთში კონკურენტუნარიან ნაკრებს ვერ შექმნი. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. თუ აკვირდებით, ახლა დიდი კლუბები თითო-ოროლა ტალანტს ყიდულობენ, დიდ ფულს კი უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებში იხდიან. აქედან გამომდინარე, თუ ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ჩემპიონატში ვერ დაოსტატდა, კარგ კლუბში ვერ გადავა, მეორე და მესამეხარისხოვან გუნდში თამაშით კი ბევრს ვერაფერს შეიძენს, რადგან ევროთასებზე ძლიერ გუნდებთან არ მოუწევს ხშირი თამში, არ ეყოლება პარტნიორი, ვისგანაც ისწავლის დიდი ფეხბურთის თამაშს, არ ჩამოუყალიბდება გამარჯვებულის მენტალიტეტი… თვით ბრაზილიაშიც კი, სადაც უთვალავად ჰყავთ მსოფლიო დონის ლეგიონერები, მიხვდნენ, რომ ქვეყნის ჩემპიონატის აღორძინების გარეშე არაფერი გამოუვათ. ახლა საფრანგეთის ჩემპიონატი ნელ-ნელა კონკურენტუნარიანი ხდება. ადრე სეზონიდან სეზონამდე ერთი გუნდის ტურნირი იყო. ჩემპიონი ისე ხდებოდა „მარსელი“, პსჟ ან „ლიონი“, რომ კონკურენტი არ ჰყავდათ. ძალიან მომწონს „ლიონის“ საკადრო პოლიტიკა. სეზონის ბოლოს სამ-ოთხ მოთამაშეს გრანდებს ათეულ მილიონებად მიჰყიდის და სანამ გაყიდის, მათ ადგილას უკვე ჰყავს კვალიფიციური მოთამაშე. საფრანგეთში საკლუბო ფეხბურთი და ჩემპიონატი რომ განვითარდა, ნაკრებსაც ეტყობა და აღარც საკადრო პრობლემებია.

– საქართველოში ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, მაგრამ ნაკრებში ოთხი-ხუთი ევროპული დონის მოთამაშეა. თანაც, ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩვენები ბოლოსწინა ადგილზე გავიდნენ. ასეთი კონტინგენტით შეიძლებოდა უკეთესი ადგილის დაკავება?
– იშვიათად, მაგრამ ხდება, როდესაც საშუალოზე დაბალი დონის გუნდიც აღწევს წარმატებას, ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშობს. ფეხბურთი ამიტომაც არის საინტერესო და უპოპულარულესი თამაში. მე არ ვიცი, რა პრობლემები აქვს საქართველოს ნაკრებს. მარსელში საფრანგეთი-საქართველოს მატჩი ვნახე და იმ შეხვედრით ძნელია გუნდზე შთაბეჭდილების შექმნა. კლაუს ტოპმიოლერი მაღალკვალიფიციური მწვრთნელია, საშუალო გაქანების „ბაიერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ნაკრებს სხვა სპეციფიკა აქვს… მე მწვრთნელებს ორ კატეგორიად ვყოფ – საკლუბო და სანაკრებო. კლუბში მომუშავე მწვრთნელს ყოველთვის აქვს უპირატესობა. მაგალითად, თუ თავდამსხმელი ან მცველი გამოაკლდა, მას შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოთამაშე იყიდოს და დანაკლისი შეავსოს. ნაკრებში კი უცბად ვერ გადაჭრი ამ პრობლემებს. ჩვენ ისე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები, რომ პრაქტიკულად, თავდამსხმელი არ გვყოლია. კრისტოფ დიუგარი და სტეფან გივარში ფორმაში არ იყვნენ, ანრი კი ასეთი დონისთვის გამოუცდელი იყო, მაშინ იწყებდა დიდი ფეხბურთის თამაშს. ამიტომაც ემე ჟაკე ჩემთვის გამორჩეული მწვრთნელია, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე საკლუბო გრანდიც ეპატიჟებოდა, ასტრონომიულ თანხასაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ ჟაკემ კლუბში მუშაობა იუარა – არ ვარ საკლუბო მწვრთნელი, სხვა ქვეყნის ნაკრებში კი ვერ ვიმუშავებო.
– ბოლო კითხვა კი ეს იყოს: ვინ მიგაჩნიათ ევრო 2008-ის ფავორიტად და ვინ შეიძლება სიურპრიზი შემოგვთავაზოს?
– პატრიოტი ვარ და პირველ რიგში საფრანგეთის ჩემპიონობის მჯერა… ალბათ, ისევ საფრანგეთ-იტალიას შორის უნდა ვეძებოთ მომავალი ჩემპიონი. მგონია, რომ ხორვატია წავა შორს, მაგრამ ეს უკვე სენსაცია იქნება. ასეთი ტურნირების სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო სავარაუდოა, რომ სიურპრიზს ტურნირის მასპინძლებისგან ველოდეთ. ავსტრია ამ ეტაპზე სხვებზე სუსტია და ალბათ, უფრო შვეიცარია იქნება აღმოჩენა.

09.04. 2008

წილი
წინა სტატიალანჩი მესის რესტორანში
შემდეგი სტატიაპასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს
ჟურნალისტობა ჟურნალისტობად და ბაჩო სვანიძე უბრალო, ალალი, კეთილი, ურთიერთობისთვის გახსნილი, ხალისიანი და ხალასი ადამიანი იყო. ალბათ ბევრისგან გაიგებთ, რომ ბაჩო მისი მეგობარი იყო და ეს ტყუილი არ იქნება. ბაჩოს მართლა შეეძლო ერთბაშად ბევრთან ემეგობრა და, რაც მთავარია, ეს მეგობრობა მხოლოდ ღიმილითა და ჭიქის აწევით კი არა, საქმით, გვერდში დგომით დაემტკიცებინა.