რა მოხდებოდა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „რეალში“ რომ არ გადასულიყო?

სხვანაირი იქნებოდა ცხოვრება. სულ სხვანაირი.

იმ ხალხის ცხოვრებაზე მოგახსენებთ, ვისთვისაც ფეხბურთის სამყარო მნიშვნელოვანია.

ხანდახან ვფიქრობ, რომ კრიშტიანუს ეს ტრანსფერი ჩაუწყვეს, თავს მოახვიეს, გაუჩალიჩეს. თავადაც დაარწმუნეს, რომ მთელი ცხოვრება მადრიდში თამაშზე ოცნებობდა, თორემ იყო „ოლდ ტრეფორდზე“ მამობილთან, ცივ ნიავს არ აკარებდა ბერიკაცი.

ვინ გაუჩალიჩა? ვინ და იმ ძიების ჯგუფმა, რომელთაც ოფისები ოცდამეათე სართულზე მაღლა აქვთ. ამ ოფისებში კედლები შუშისაა, რათა ძიები დიდი ქალაქის ლამაზი ხედით დატკბენ. მაგიდებზე ისეთი ლეპტოპები უდევთ, დავალებას ხმოვანი ბრძანებით კი არა, გაფიქრებით რომ ასრულებს. ძიებს მათი ფუნქციების ნახევარზე მეტი არ ესმით, მაგრამ, კარგად იციან როგორ კეთდება ფული. დიდი ფული. თეთრი ფული, განა შავი. თუმცა, თუ საჭიროა, შავიც.

ძიებმა ტენდენცია შეამჩნიეს: ბოსმანის წესი, პრემიერლიგა, მას მოყოლილი სხვა კომერციული ლიგები, ციფრული ტელევიზია, ინტერნეტი, ჩვეულებრივი და ონლაინ ტოტალიზატორები… ისინი პირველები მიხვდნენ, რომ საფეხბურთო სამყაროში წესრიგი იცვლება. მათ პირველებმა დაინახეს, რომ დიდი ფეხბურთი უკვე ელიტის საკუთრებაა. კიევის, ზაგრების და თბილისის „დინამოებმა“ კი არა, „აიაქსმაც“ მეორადებში დაიწყო სიარული.

და მათ „ბარსელონაში“ დაინახეს პატარა არგენტინელი ბიჭი. საოცარი, ოღონდ მეტისმეტად ჩუმი, თავჩახრილი. მიხვდნენ, რომ ის არასოდეს დატოვებდა „ბარსელონას“, რადგან ავად რომ იყო „ბარსელონამ“ უმკურნალა, ბავშვი რომ იყო „ბარსელონამ“ გაზარდა, სუსტი რომ იყო „ბარსელონამ“ მოუარა.

და მათვე „ოლდ ტრეფორდზე“ დაინახეს მეორე ბიჭი. უნიჭიერესი, ოღონდ საშინელი მამლაყინწა. ის იოლად დატოვებდა მამობილს და გაიქცეოდა იქით, სადაც კიდევ უფრო მეტად შეაქებდნენ, კიდევ უფრო მეტ თვალ-მარგალიტს მიაპნევდნენ, სადაც დაამტკიცებდა, რომ პირველია, საუკეთესოა, კერპია.

ძიებმა ეს ყველაფერი ერთად შეკრიბეს და გენიალურ დასკვნამდე მივიდნენ: თუკი არგენტინელი არ მიდის პორტუგალიელთან, პორტუგალიელი მივა არგენტინელთან. დიდ ფეხბურთში ხომ ისედაც ოლიგარქიული მმართველობა დამკვიდრდა. მაშ, ბარემ კიდევ უფრო შევამციროთ ელიტის საზღვრები. ბარემ ცხოვრება მთლად ორის დოღად ვაქციოთ.

და აქ, ფეხბურთის ღმერთმა ძიებს ერთხელაც გადმოხედა მოწყალე თვალით: ორი იოსები — ჟოზე და ჟოსეპი გამოუგზავნა. და დაიწყო ის, რაზეც ჩვენი ქალაქის ქუჩებში იტყვიან დედა შვილს ხელში არ აიყვანსო (სხვათა შორის, ერთხელ მთხოვეს ამ გამოთქმის ინგლისურად თარგმნა და სისულელე გამოვიდა). დაიწყო ის, რაც ათ წელიწადში კატალონიის გამოყოფის მოთხოვნით დამთავრდა.

გჯერათ?

რა, არ გჯერათ?

და რა არ გჯერათ, ის რომ ძიებმა ფული იშოვნეს თუ ის რომ ყველანი ჩაგვითრიეს და გიჟებივით ვითვლით პორტუგალიელის და არგენტინელის „ოქროს ბურთებს“, „ოქროს ბუცებს“, ოქროს ძეწკვებს, ოქროს ბეჭდებს, ოქროს კბილებს, გოლებს, პასებს და ა. შ.

მესისტებს რონალდუ ეზიზღებათ, რონალდისტებს — მესი. ერთმა კარგმა კაცმა კი ეს ზიზღი განაზოგადა და გენიალური რაღაც მითხრა: ვინმე თუ არ მეზიზღება ფეხბურთს გემოს ვეღარ ვატანო.

და ძიებსაც ეს არ უნდათ? მოგებულები, ხომ ისინი რჩებიან.

თუ არსებობენ, რასაკვირველია.

ნუ, თუ არ არსებობენ და, კრიშტიანუ რონალდუ 2009 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „რეალში“ რომ არ გადასულიყო, მაინც ძალიან კარგი იქნებოდა.