უეფამ ერთა ლიგის კალათები საბოლოოდ დაადგინა. საქართველოს ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო – მეოთხე ლიგის პირველ კალათაში მოხვდა. ამათ 2018 წლის 24 იანვარს, შვეიცარიულ ლოზანაში ოთხ ოთხგუნდა ჯგუფად გადაანაწილებენ. პირველადგილოსნები 2020-ის მარტში პლეი ოფს გაითამაშებენ და გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ  უეფას ერთა ლიგა ახალი ტურნირია. მისი პირველი გათამაშება 2018 წლის სექტემბერში დაიწყება. შეჯიბრი ძირითადად ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს. თან დაბალრეიტინგიან ნაკრებებს დიდი შეჯიბრებების ფინალურ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი მიეცემათ. „სარბიელი“ ამის შესახებ დაწვრილებით უკვე წერდა.

დავუბრუნდეთ D ლიგას. უეფას წესდების მიხედვით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები ერთად ვერ მოხვდებიან. მაგრამ როგორ იქნება საქმე კოსოვოსთან რომ აღმოვჩნდეთ ჯგუფში?  ალავერდი ფეხბურთის ფედერაციასთან…

წილისყრისას ჩვენთვის, ალბათ, იდეალური ოთხეული ასეთი იქნება: საქართველო, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი. უარესი კი: საქართველო, სომხეთი (ან ლატვია), ყაზახეთი(ან მოლდოვა),კოსოვო…

მაგრამ, დაველოდოთ 24 იანვარს, ბევრიც აღარ დარჩა.

ლიგა D

1 კალათა: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო

2 კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი

3 კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა

4 კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი

თამაშების განრიგი  ასეთია:

1 ტური: 6-8 სექტემბერი 2018

2 ტური: 9-11 სექტემბერი

3 ტური: 11-13 ოქტომბერი

4 ტური: 14-16 ოქტომბერი

5 ტური: 15-17 ნოემბერი

6 ტური:18-20 ნოემბერი