წუხელ ეიფელის კოშკზე 2017 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებული, ცხადია, მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ცხადიაო, ვთქვით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ყველამ იცოდა ტრიუმფატორი ვინ იქნებოდა. რონულდუმ უკვე საგანგებო ბუცების დამზადებაც კი მოასწრო. პორტუგალიელმა წლეულს „რეალთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, უეფასა და ესპანეთის სუპერთასები. ასევე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.ეიფელის კოშკზე გამართული ღონისძიება ორიგინალური იყო, თუმცა პომპეზურობით ფიფას მიერ ოქტომბერში გამართულ წარმოდგენას ჩამორჩებოდა.

საღამო საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და  „ნიუკალის“ ყოფილ ვარსკვლავ დავიდ ჟინოლას მიჰყავდა. იქვე იყო „კიჭა“ რონალდო, რომელმაც პირველმა მიულოცა გამარჯვებულს. რონალდოს გვერდით კი „ოქროს ბურთის“ ძველი ლაურიატები – რობერტო კარლოსი, კაკა, კანავარო ისხდნენ, იქვე იყო „რეალის“ ლეგენდა რაული და პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში…

„ბედნიერი ვარ. განსაკუთრებული მომენტია ჩემს კარიერაში. ეს სწორედ ის არის, რის მოგებასაც ყოველ წელიწადს ვცდილობ. მადლობა ჩემს რეალელ თანაგუნდელებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ წარმატებაში დამეხმარა“ – განაცხდა კრიშტიანუმ. ეს რონალდუს მეხუთე „ოქროს ბურთია“ და ამ მაჩვენებლით ის ლეო მესის გაუტოლდა.

მოგვიანებით მას სცენაზე დედა – მარია დოლორეს დოს სანტოს ავეირო,  შვილი კრიშტიანუ უმცროსი და მეგობარი გოგონა გეორგინა როდრიგესი შეურთდნენ. ლაურეატს მიესალმა „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. საერთოდ, სამეფო კლუბი ფართოდ იყო წარმოდგენილი წლევანდელ გამოკითხვაში: მოდრიჩი, რამოსი, ისკო, მარსელო, კროოსი, ბენზემა. სულ შვიდი მოთამაშე.

მეორე ადგილზე ლეო მესი გავიდა. მესამეზე – ნეიმარი. თუმცა, ისინი დარბაზში არავის დაუნახავს…

კრიშტიანუ დედასთან და ვაჟთან ერთად

 

დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა 4. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), 5. ლუკა მოდრიჩი (რეალი), 6. სერხიო რამოსი (რეალი), 7. კილიან მბაპე (პსჟ), 8. ნგოლო კანტე (ჩელსი), 9. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), 10. ჰარი კეინი (ტოტენჰემი), 11. ედინსონ კავანი (პსჟ), 12. ისკო (რეალი), 13. ლუის სუარესი (ბარსელონა), 14.  კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), 15. პაულო დიბალა (იუვენტუსი), 16 მარსელო (რეალ მადრიდი), 17. ტონი კროოსი (რეალი), 18. ანტონი გრიზმანი (ატლეტიკო), 19. ედენ აზარი  (ჩელსი), 20.  დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), 21-22. ლეონარდო ბონუჩი (მილანი) და პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), 23. სადიო მანე (ლივერპული), 24. რადამელ ფალკაო (მონაკო), 25. კარიმ ბენზემა (რეალ მადრიდი), 26. იან ობლაკი (ატლეტიკო მადრიდი), 27. მატს ჰუმელსი (ბაიერნი), 28. ედინ ჯეკო (რომა), 29-30. დრის მერტენსი (ნაპოლი) და ფილიპე კოუტინიო (ლივერპული).

შეგახსენებთ, რომ „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას 1956 წლიდან ატარებს. 2010-15 წლებში გამოცემა საუკეთესოს ფიფასთან ერთად ასახელებდა. შემდეგ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ინიციატივით, ისევ გაიყო და ჟურნალს დაუბრუნდა.

1994 წლიდან „სარბიელი“ რეგულარულად მონაწილეობს „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში, ასე იყო წლეულსაც.

აქვე ყველა გამარჯვებული

1956 – სტენლი მეტიუზი (ბლექპული), 1957 – ალფრედო დი სტეფანო (რეალი), 1958 – რაიმონ კოპა (რეალი), 1959 –  ალფრედო დი სტეფანო (რეალი), 1960 – ლუის სუარესი (ბარსელონა), 1961 – ომარ სივორი (იუვენტუსი), 1962 – იოზეფ მასოპუსტი (დუკლა პრაღა), 1963 – ლევ იაშინი (დინამო მოსკოვი), 1964 – დენის ლოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), 1965 – ეუსებიო (ბენფიკა), 1966 – ბობი ჩარლტონი (მანჩესტერ იუნაიტედი), 1967 – ფლორიან ალბერტი (ფერენცვაროში), 1968 – ჯორჯ ბესტი (მანჩესტერ იუნაიტედი), 1969 – ჯანი რივერა (მილანი), 1970 – გერდ მიულერი (ბაიერნი), 1971 – იოჰან კრუიფი (აიაქსი), 1972 – ფრანც ბეკენბაუერი (ბაიერნი), 1973 – იოჰან კრუიფი (ბარსელონა), 1974 – იოჰან კრუიფი (ბარსელონა), 1975 – ოლეგ ბლოხინი (დინამო კიევი), 1976 – ფრანც ბეკენბაუერი (ბაიერნი), 1977 – ალან სიმონსენი (გლადბახი), 1978 – კევინ კიგანი (ჰამბურგი), 1979 – კევინ კიგანი (ჰამბურგი), 1980 – კარლ-ჰაინც რუმენიგე (ბაიერნი), 1981 – კარლ-ჰაინც რუმენიგე (ბაიერნი), 1982 – პაოლო როსი (იუვენტუსი), 1983 – მიშელ პლატინი (იუვენტუსი), 1984 – მიშელ პლატინი (იუვენტუსი), 1985 – მიშელ პლატინი (იუვენტუსი), 1986 – იგორ ბელანოვი (დინამო კიევი), 1987 – რუუდ გულიტი (მილანი), 1988 – მარკო ვან ბასტენი (მილანი), 1989 – მარკო ვან ბასტენი (მილანი), 1990 – ლოთარ მათეუსი (ინტერი მილანი), 1991 – ჟან-პიერ პაპენი (მარსელი), 1992 – მარკო ვან ბასტენი (მილანი), 1993 – რობერტო ბაჯო (იუვენტუსი), 1994 – ხრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა), 1995 – ჯორჯ ვეა (მილანი), 1996 – მათიას ზამერი (დორტმუნდი), 1997 – რონალდო (ინტერი მილანი), 1998 – ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი), 1999 – რივალდო (ბარსელონა), 2000 – ლუიშ ფიგუ (რეალ მადრიდი), 2001 – მაიკლ ოუენი (ლივერპული), 2002 – რონალდო (რეალ მადრიდი), 2003 – პაველ ნედვედი (იუვენტუსი), 2004 – ანდრეი შევჩენკო (მილანი), 2005 – რონალდინიო (ბარსელონა), 2006 – ფაბიო კანავარო (რეალ მადრიდი), 2007 – კაკა (მილანი), 2008 – კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი), 2009 – ლიონელ მესი (ბარსელონა), 2010 – ლიონელ მესი (ბარსელონა), 2011 – ლიონელ მესი (ბარსელონა), 2012 – ლიონელ მესი (ბარსელონა), 2013 – კრიშტიანუ რონალდუ (რეალი), 2014 – კრიშტიანუ რონალდუ (რეალი), 2015 – ლიონელ მესი (ბარსელონა), 2016 – კრიშტიანუ რონალდო (რეალი), 2017 – კრიშტიანუ რონალდუ (რეალი)