კრიშტიანუ რონალდუმ მეხუთე “ოქროს ბურთი” მიიღო. ის ვარსკვლავია, მდიდარი, წარმატებული, აი, მის უფროს ძმას უგოს კი ბედმა გაცილებით რთული ცხოვრება არგუნა. უგო კრისზე ათი წლით უფროსია. ოდესღაც, უბანში, ბურთს რომ მიიღებდა ისიც ხაზავდა, მაგრამ… 1990-იანი წლების ბოლოს ცოდვას მიეჩვია — სმას და ნარკოტიკებს.
უგოს სახლში ცუდი მაგალითი ჰქონდა — მამა, ჟოზე დინიშ ავეირო ლოთი იყო. დინიში 52 წლისა მოკვდა, კრიშტიანუს ბრწყინვალე კარიერას ვერ მოესწრო. მხოლოდ დასაწყისი ნახა, ისეც მთვრალმა. უგოს კი სწორედ უმცროსმა ძმამ უშველა. გადააგდებინა. მერე უგომ კრიშტიანუს შვილი მოანათლინა — თურმე პორტუგალიელებში მოსულა.
გადამწყვეტი 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. გახსოვთ, “რეალმა” “ატლეტიკოს” 4:1 რომ მოუგო? მაშინ, ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა. “ატლეტიკოს” თამაში თითქმის მოგებული ჰქონდა, მაგრამ 90+3 წუთზე სერხიო რამოსმა გაათანაბრა და მერე “რეალი” შედგა “ატლეტებს”. იმ თამაშის შემდეგ, ტელეკამერამ შემთხვევით დაიჭირა კადრი, როგორ ეხვევა კრიშტიანუ ვიღაც კაცს. თურმე უგო ყოფილა. აი, სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი წამი. მე, ჩემი პირობა შევასრულე, “რეალის” მაისურით ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ახლა შენი ჯერიაო, — თურმე, ამას ნიშნავდა ძმების ჩახუტება.
საკუთარ თავთან ყოველდღიური ბრძოლა უძნელესი გამოდგა. ალკოჰოლსა და ათას ქიმიურ ნახარშზე გატარებული წლების შემდეგ სუფთა ცხოვრების დაწყება კოშმარს ჰგავდა, მაგრამ უმცროსი ძმის თანადგომამ ყველაფერი გადაწონა. ვინ-ვინ და უგოს უმცროსმა ძმამ კარგად იცის გამარჯვებას რა სჭირდება. რა და ჯიბრიანი ხასიათი, აჯამი, დაჟინებული.
უგო რომ დაიბადა, იმ წელიწადს დინიში ჯარში წავიდა. ანგოლაში გადაისროლეს. 17 წლისაც არ იყო უგო, როდესაც სკოლიდან გამოვიდა და ჯერ ალუმინის ქარხანაში, შემდეგ კიდევ სადღაც დაიწყო მუშაობა, მაგრამ სახლიდან სამსახურამდე გზაზე, უბანში, იქვე, ქუჩის კუთხეში, ხიფათი ჩაუსაფრდა.
უგო, ჩვენში რომ იციან თქმა, ძალიან მაგარ “ფუტბოლს ყომარობდა”. ქუჩების ლიგაშიც გამოდიოდა. უბნელები დღემდე ამბობენ ვინ რონალდუ, რა რონალდუ, უფროსი ძმა გაცილებით მაგარი იყოო, მაგრამ “მარიტიმუს” პრეზიდენტი, კარლუშ პერეირა დიდ ფეხბურთში ჭიპმოჭრილი კაცია და ასე განმარტავს: “ამბობენ, თითქოს უგო უფრო კარგად თამაშობდა, მაგრამ მისი რონალდუსთან შედარება უბრალოდ არ შეიძლება. უგო ქუჩის ფეხბურთელი იყო, თამაშობდა, სვამდა და ეძინა, ხოლო კრიშტიანუ აღიზარდა კლუბში, რომელსაც ჰქონდა სტრუქტურა, ჰყავდა მწვრთნელები და დირექტორები. კლუბის ფეხბურთი სულ სხვა დონეა. უგო ტექნიკური იყო, მაგრამ შინაარსით ქუჩის ფეხბურთელად დარჩა. რონალდუ მასთან ცა და დედამიწაა”.
უგოს და კრიშტიანუს დედა, დოლორესი: “კრიშტიანუ პატარაობიდან უყურებდა, რას უშვრებოდა სმა და ნარკოტიკები მისი ოჯახის წევრებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მიაღწია მან წარმატებას. ბევრჯერ უთხრა მამამისს, ვარჯიშით თავს მოვიკლავ, ფულს ვიშოვნი და სამკურნალოდ მიგიყვანო, მაგრამ დინიშმა ყურიც არ შეიბერტყა. არადა, კრიშტიანუს მამა ძალიან უყვარდა. გამორჩევით ახლოს იყო მასთან. რა ბედნიერი იქნებოდა დღეს დინიში ცოცხალი რომ ყოფილიყო და ენახა როგორი ფეხბურთელი დადგა”.
11 წლის რონალდუ “სპორტინგში” წაიყვანეს, სადღაც 200 დოლარამდე ხელფასი დაუნიშნეს, მაგრამ უგო სწორედ მაშინ წავიდა ხელიდან. დოლორესი მიხვდა, რომ ის უკვე დაღუპვის გზაზე იდგა და კლინიკაში მიიყვანა, თვითონ კი იქვე სანიტრად მოეწყო. თვეში, დაახლოებით 400 დოლარს გამოდიოდა. სესხიც აიღო.
მაგრამ, არაფერი გამოვიდა. უგო უარესად ჩაეშვა. უბნის ნარკომანებში გათქვეფილი სახლიდან ნივთებს იპარავდა. კრიშტიანუ რომ არ წამოზრდილიყო და არ ჩარეულიყო საქმე ძალიან ცუდად მიდიოდა.
რონალდუს გაუმართლა, ის პატარაობიდან ლისაბონში წაიყვანეს. უგო უბანს ვერ გაცდა.
თუმცა, დღეს კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ძმა სუფთაა. ის მადეირაში, თავისი უმცროსი ძმის მუზეუმს ხელმძღვანელობს.